3-5 თებერვალს ესპანეთის ქალაქ ხირონაში ყოველწლიური საერთაშორისო საავიაციო ფორუმი CONNECT 2025 გაიმართება.
რიგით 21-ე ფორუმში 62 ქვეყნიდან 90-მდე ავიაკომპანიის და 190-მდე აეროპორტის 820 დელეგატი მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს საავიაციო ფორუმზე აეროპორტების გაერთიანება (UAG) წარადგენს. ქართულ დელეგაციას კომპანიის გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე უხელმძღვანელებს.
სამდღიან ფორუმზე საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას 20-ზე მეტი შეხვედრა აქვს დაგეგმილი სხვადასხვა ავიაკომპანიებთან, პარტნიორ აეროპორტებთან და საავიაციო ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე საუბარი შეეხება როგორც საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების, ასევე ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს.