„შეკრებილები ვართ ადამიანები, რომლებიც ვიბრძვით საქართველოს უკეთესი და ევროპული მომავლისთვის. ვახორციელებთ ფუნქციას, რასაც საქართველოს ინტერესებში მოქმედება ჰქვია, მათ შორის, დღეს პირველად ვსაუბრობთ მიმართულებაზე, რასაც არაღიარების პოლიტიკა ჰქვია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დამრღვევი, რუსეთის მიერ მითვისებული ტერიტორიების მიმართულებით“, – აღნიშნული განცხადება ოპოზიციური პარტიების ერთობლივ ბრიფინგზე გაკეთდა
პარტიების განმარტებით, ოთხი ოპოზიციური პარტია სირიის ახალ ხელისუფლებას მიმართავს მოთხოვნით, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება უკან წაიღოს.
როგორც „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა, ოთხივე პარტიამ სირიის ხელისუფლებას შესაბამისი მიმართვა უკვე გაუგზავნა.
„შეკრებილები ვართ ადამიანები, რომლებიც ვიბრძვით საქართველოს უკეთესი და ევროპული მომავლისთვის. ვახორციელებთ ფუნქციას, რასაც საქართველოს ინტერესებში მოქმედება ჰქვია, მათ შორის, დღეს პირველად ვსაუბრობთ მიმართულებაზე, რასაც არაღიარების პოლიტიკა ჰქვია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დამრღვევი, რუსეთის მიერ მითვისებული ტერიტორიების მიმართულებით. ქართულმა ოპოზიციამ, პროდასავლურმა ოპოზიციამ, ოთხივე პარტიამ ჩვენი ხელმოწერით გავუგზავნეთ მიმართვა სირიის ახალ ხელისუფლებას, რომელიც მიუხედავად, რუსეთის წინააღმდეგობისა, დღეს სათავეში უდგას საკუთარ ქვეყანას.
როგორც იცით, სირიამ 2018 წელს აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა. ვითარებაში, როდესაც ასადის კაციჭამია რეჟიმი წასულია და არის ახალი ხელისუფლება, იმის ნაცვლად, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ ახალ ხელისუფლებას მიმართოს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების უკან წაღების მოთხოვნით, სრული დუმილის რეჟიმში იმყოფება ამ მიმართულებით. ამიტომ, ჩვენ პროდასავლური ხელისუფლება, რომლებიც არჩევნების შედეგად კოალიციური მთავრობით უნდა მოვსულიყავით ხელისუფლებაში, მაგრამ ხელისუფლება „ქართულმა ოცნება“ მიიტაცა, ჩვენ ვახორციელებთ ჩვენს პატრიოტულ ვალს, ჩვენი სამშობლოს ინტერესებში ვმოქმედებთ და სირიის ახალ ხელისუფლებას მივმართეთ მოთხოვნით, უკან წაიღოს აფხაზეთის აღიარება. მიგვაჩნია, რომ დღეს ამაზე უფრო მეტი ფუნქცია საქართველოს ხელისუფლებას არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ რუსული ხელისუფლების პირობებში ეს შეუძლებელია, როგორც ვხედავთ.
ჩვენი ერთობა უკვე ძალიან ბევრ ვითარებაში ამტკიცებს ჩვენს დიდი ძალას. მინდა გავიხსენო სტრასბურგში მიღწეული წარმატება. ჩვენი პროდასავლური კოალიციის ყველა წარმომადგენელი იქ იმყოფებოდა, რომელიც იმით დამთავრდა, რომ „ქართულ ოცნებას“ დაევალა, აპრილამდე მიიღოს გადაწყვეტილება ხელახალი არჩევნების და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების შესახებ. რადგან პოლიტპატიმრებს შევეხე, თავისუფლება მზიას! ის უკვე მე-20 დღეა შიმშილობს, თავისუფლება ქათამაძეს, რომელიც მე-15 დღეა შიმშილობს და ყველა პოლიტპატიმარს, რომელიც არის ამ რეჟიმის მძევალი, თავისუფლება ამ ხალხს და ცეცხლი ოლიგარქიას“, – განაცხადა გვარამიამ.
ოპოზიციაში არ გამორიცხავენ, რომ აღნიშნულ საკითხზე დამასკოში ვიზიტი გახდეს საჭირო. ასევე, მათი თქმით, სირიის ახალ ხელისუფლებასთან “მესიჯი” უკვე მიტანილია და განწყობა პოზიტიურია.