„ჩვენ არაერთი მცდელობა ვნახეთ, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ევროპარლამენტიდან, როგორ ერევიან შიდა საქმეებში. ჯერ იყო მოწოდება, მეორე ფრონტი გაგვეხსნა, გახსოვთ, საელჩოები და ცალკეული ელჩები, რომლებიც გვაბულინგებდნენ და გვაშანტაჟებდნენ. ახლა უკვე ახალი მცდელობაა“, – განაცხადა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ბიუროს განცხადების შეფასებისას.
მისი თქმით, „ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, მმართველ გუნდს კი ლეგიტიმაცია ქართველმა ხალხმა მიანიჭა, შესაბამისად, ოქტომბერში ჩატარდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელშიც, სურვილისამებრ მიიღებენ მონაწილეობას“.
„ამათ ყველას, კიდევ ერთხელ მინდა მივმართო: საქართველო, როგორც არასდროს, ისე არის დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო. ჩვენ ლეგიტიმაცია ქართველი ხალხისგან მივიღეთ – 1 100 000-ზე მეტმა ადამიანმა მხარი დაგვიჭირა, ეს არის ჩვენთვის ცხადი, ნათელი, რომ მათი ინტერესები უნდა დავიცვათ. შემდეგი არჩევნები გაიმართება მიმდინარე წლის ოქტომბერში და ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ვისაც აქვს სურვილი, მიიღებს მონაწილეობას, ვისაც არა – დარჩებიან რადიკალ ოპოზიციონერებად და შემდეგ ვნახოთ, სადამდე გასტანენ.
დაფინანსებაც დასავლეთიდან თანდათან შეწყდება და შესაბამისად, ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ გაიაზრებს, ნახავს ამ რადიკალების ქმედებებს და უმოქმედობას შორის განსხვავებას. დამშვიდდება ეს ქვეყანა და ეკონომიკური განვითარებაც გვექნება“, – თქვა ირაკლი ზარქუამ.
ცნობისათვის, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ბიურომ გაავრცელა განცხადება, რომლითაც ბიურო საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ეროვნულ დონეზე თავისუფალ და სამართლიან განმეორებით არჩევნებს გზა გაუხსნას, ამასთან, სამართლიანად მოეპყროს ყველა ქართველს, მათ შორის ადგილობრივ არჩეულ წარმომადგენლებს.