2025 წლის 1-ლი მარტიდან შვედეთში მოღვაწე ყველა რესტორანსა და სასადილოს მოუწევს, რომ მენიუში არსებული ყველა ხორცის კერძის წარმომავლობა დააზუსტოს. ეს წესი შეეხება როგორც ღორის ხორცს, ასევე ცხვრის, საქონლის, თხის და ფრინველის ხორცსაც, წერს Sverigesradio.
ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, სიახლე ადამიანებს გააზრებული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება: მაგალითად, მიირთვას იმ ქვეყნებიდან ჩამოტანილი ხორცი, სადაც ფერმებში საკმარისად მკაცრი წესები მოქმედებს.
რესტორნებს ამ ინფორმაციის მითითება მენიუში შეეძლებათ და ასევე დაზუსტებული ცნობების გაზიარება მოუწევთ მიმტანებსაც იმ შემთხვევაში, თუკი სტუმარს კითხვები ექნება.
ასეთი მარკირება უკვე კარგა ხანია სავალდებულოა მაღაზიაში გაყიდული უმი ხორცისთვის, ამიერიდან კი ეს ინფორმაცია რესტორნებშიც ხელმისაწვდომი იქნება.
ახალი წესი არ ვრცელდება უკვე მზა ან დამუშავებულ პროდუქტზე, ისეთზე როგორიცაა მაგალითად ძეხვი, ლორი ან მზა ჰამბურგერები.
აღსანიშნავია, რომ ბევრი რესტორანი სტუმრებს ხორცის წარმომავლობას აქამდეც აცნობდა, მაგალითად მენიუში წარმომავლობის ქვეყნის დროშას ან ფერმის დასახელებას ამატებდა.