შვედეთში IKEA-ს მაღაზიებში წყვილებს უკვე შეეძლებათ არა მხოლოდ ავეჯის შერჩევა, არამედ ქორწინების ოფიციალურად რეგისტრაციაც. განსაკუთრებული აქცია მხოლოდ ერთ დღეს – 27 ივნისს იგეგმება.
ქორწინების ცერემონია ხუთ მაღაზიაში გაიმართება და სულ 15 წყვილს მოიცავს. ღონისძიება ჩატარდება შვედეთის ქალაქებში: მალმოში, ლინჩეპინგში, იონჩეპინგში, უდევალაში და კარლსტადში.
ცერემონიებისთვის სივრცეებს IKEA-ის შოურუმებშის მოაწყობენ. წყვილებს თავად შეეძლებათ აირჩიონ დეკორი – იქნება ეს სკანდინავიური სტილის მისაღები ოთახი, თანამედროვე ინტერიერი თუ პატარა აივანი მცენარეებითა და სავარძელებით.

მიუხედავად უჩვეულო ფორმატის, ქორწინებას იურიდიული ძალა ექნება. ცერემონიას ოფიციალური უფლებამოსილი პირი ჩაატარებს. შვედეთში არსებული წესების მიხედვით, წყვილებმა წინასწარ უნდა გაიარონ ე.წ. hindersprövning – შემოწმება, რომელიც ადასტურებს, რომ მათ ქორწინებას სამართლებრივი დაბრკოლება არ აქვს.
ცერემონიაზე მონაწილეებს თან უნდა ჰქონდეთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და აუცილებელია ორი სრულწლოვანი მოწმის ყოფნაც. თითოეულ წყვილს უფლება ექნება მოიწვიოს მაქსიმუმ 10 სტუმარი.

ინიციატივამ დიდი ინტერესი გამოიწვია და რეგისტრაცია იმდენად სწრაფად შეივსო, რომ ადგილები პრინციპით „ვინც მოასწრო“ გადანაწილდა.
ცერემონიის შემდეგ IKEA მოაწყობს ფურშეტს საზაფხულო მენიუთი და ახალდაქორწინებულებს სიმბოლურ საჩუქარს გადასცემს.
სოციალურ ქსელებში კი უკვე ხუმრობენ, რომ ასეთი ქორწინება „ავეჯის აწყობაზე სწრაფად“ შეიძლება იქცეს ოჯახური ცხოვრების დასაწყისად, ან თუნდაც საცდელ ვერსიად.