LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla უპილოტო ტაქსის გაყიდვას წლის ბოლომდე გეგმავს

206
ქირიას NEWS შაბლონი (5)

Tesla სრულად ავტონომიური ელექტრომობილის, Cybercab-ის, მომხმარებლებისთვის მიწოდების დაწყებას 2026 წლის ბოლომდე გეგმავს. თუმცა, საწყის ეტაპზე ავტომობილების რაოდენობა შეზღუდული იქნება და მათი უმრავლესობა კომპანიის საკუთრებაში დარჩება, რათა რობოტაქსის სერვისში გამოიყენონ.

ამის შესახებ Tesla-ს ინჟინერიის ვიცე-პრეზიდენტმა, ლარს მორავიმ, კომპანიის მესამე კვარტალის ფინანსური შედეგების წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, Cybercab-ების წარმოება ტეხასში უკვე მიმდინარეობს, თუმცა ამჟამად გამოშვებული ავტომობილები კომპანიის შიდა ფლოტს ემატება. მომხმარებლებისთვის მიწოდება თავდაპირველად მცირე მასშტაბით დაიწყება, რათა კომპანიამ ავტონომიური ავტომობილების გადაცემისა და მართვის პრაქტიკა გამოცადოს.

Cybercab-ი ორკაციანი ელექტრომობილია, რომელიც თავიდანვე მძღოლის გარეშე გადაადგილებისთვის შეიქმნა. მას არ აქვს საჭე და პედლები, რის გამოც კერძო მფლობელობაში გადაცემა და საჯარო გზებზე გამოყენება დამატებით სამართლებრივ საკითხებს უკავშირდება.

აშშ-ის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაცია (NHTSA) Cybercab-ის შესაბამისობას მოქმედ უსაფრთხოების სტანდარტებთან იკვლევს. არსებული მოთხოვნები ისეთ ელემენტებს ითვალისწინებს, როგორიცაა სამუხრუჭე პედლები და უკანა ხედვის სარკეები, რომლებიც ამ მოდელს არ აქვს. გამოძიების შედეგმა შესაძლოა გავლენა იქონიოს ავტომობილის გამოყენებასა და მომხმარებლებისთვის მიწოდების გეგმებზე.

Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა, აღნიშნა, რომ Cybercab-ის ძირითადი დანიშნულება სატრანსპორტო მომსახურებაა და არა კერძო მფლობელობა. მისი თქმით, ავტომობილების დიდი ნაწილი თავად კომპანიის საკუთრებაში დარჩება და მგზავრთა გადასაყვანად იმუშავებს.

კომპანია რობოტაქსის სერვისს უკვე სთავაზობს მომხმარებლებს ტეხასის ქალაქ ოსტინში და უახლოს მომავალში მის გაფართოებას გეგმავს. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები