შვედეთში სტრესის შემცირების უჩვეულო მეთოდი პოპულარული ხდება – ადამიანებს პირდაპირ ეთერში ირმების მიგრაციის ყურებას ურჩევენ. ონლაინ ტრანსლაცია 30 კამერით მიმდინარეობს და მაყურებელს შესაძლებლობას აძლევს, თვალი ადევნოს როგორ გადაადგილდებიან ცხოველები ტყეებში და როგორ კვეთენ მდინარეებს.
ყოველ გაზაფხულზე ირმები ჩრდილოეთ შვედეთში მდებარე სანაპირო რეგიონს ჰიოგა კუსტენს ტოვებენ, მდინარეს გადაცურავენ და ქვეყნის შიდა ტერიტორიებისკენ მიემართებიან, სადაც ზაფხულს ატარებენ. შემოდგომაზე კი იგივე მარშრუტით უკან ბრუნდებიან.
შვედეთში ამ ტრანსლაციას უკვე „ყველაზე დამამშვიდებელ ტელევიზიას“ უწოდებენ. პირდაპირი ეთერი პირველად 2019 წელს გაეშვა და მას შემდეგ მილიონობით მაყურებელი ჰყავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
შვედეთის აგრარული მეცნიერებების უნივერსიტეტის (SLU) კვლევის მიხედვით, მსგავსი ვიდეოების ყურება სტრესის დონეს ამცირებს და მოდუნებას უწყობს ხელს. სპეციალისტები ამას „ნელი ტელევიზიის“ ეფექტს უკავშირებენ – ტრანსლაციის დროს თითქმის არ არის მონტაჟი, მუსიკა ან კომენტარი, რაც მაყურებელში ბუნებაში ყოფნის შეგრძნებას იწვევს.
პროექტის ავტორები მაყურებლებს ურჩევენ ეთერი გამთენიისას ან შებინდებისას ჩართონ – სწორედ ამ დროს არის ირმების დანახვის ყველაზე დიდი შანსი. თუმცა კამერებში ხშირად სხვა ცხოველებიც ჩნდებიან, მათ შორის დათვები, მელიები, ჩრდილოეთის ირმები, წავები და მტაცებელი ფრინველები.