Toyota Corolla-ს ახალი თაობის წარმოების დაწყებას ჩინეთში 2028 წლისთვის გეგმავს. როგორც გამოცემა AutoHome წერს, ახალი მოდელის აწყობა ერთობლივი საწარმოს – FAW Toyota-ს საწარმოო ხაზზე იგეგმება.
ახალი Corolla დიზაინით მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება ამჟამინდელი მოდელისგან. მისი გარეგნობის შთაგონების წყარო 2025 წელს წარმოდგენილი კონცეპტუალური ავტომობილი გახდება, რომელიც ფუტურისტული ფორმებით, ვიწრო ფარებითა და დახრილი სახურავით გამოირჩევა. ჯერჯერობით უცნობია, რამდენად ზუსტად შეინარჩუნებს სერიული ვერსია კონცეპტის დიზაინს.
მომავალი მოდელის ერთ-ერთი მთავარი სიახლე ძალური დანადგარების მრავალფეროვნება იქნება. ჩინეთის ბაზრისთვის „ტოიოტა“ სრულად ელექტრულ და დასამუხტ ჰიბრიდულ ვერსიებს განიხილავს. სხვა ბაზრებზე კი, წინასწარი ინფორმაციით, შესაძლოა წარმოდგენილი იყოს ჩვეულებრივი ჰიბრიდული და შიდა წვის ძრავით აღჭურვილი მოდიფიკაციებიც.

ახალი Corolla-ს საფუძვლად, სავარაუდოდ, კომპანიის მრავალენერგეტიკული პლატფორმა Multi-Pathway დაედება, რომელიც სხვადასხვა ტიპის ძალური დანადგარის გამოყენების საშუალებას იძლევა. მსგავსი ტექნიკური საფუძველი უკვე გამოიყენება, მათ შორის, ახალი „Lexus ES“-ის შემთხვევაში. პლატფორმის გამოყენება Toyota-ს ახალი ავტომობილის შემუშავების ხარჯების შემცირებასა და განვითარების პროცესის დაჩქარებაში დაეხმარება.
ამ ეტაპზე ახალი corolla-ს ტექნიკური მახასიათებლები, ელექტრული ვერსიის სვლის მარაგი, ძრავების სიმძლავრე და ფასი ოფიციალურად ცნობილი არ არის. ასევე დაზუსტებული არ არის, როდის გამოჩნდება ახალი თაობა ჩინეთის ფარგლებს გარეთ არსებულ ბაზრებზე.