შვედეთის ტურიზმის სააგენტომ საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულებს უნიკალური პრიზი გადასცა – ხუთი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი ერთი წლის განმავლობაში შვედეთის კუნძულების „მეურვე“ გახდება. გამარჯვებულებს კუნძულებზე გამგზავრების ხარჯებსაც შვედეთის ხელისუფლება აუნაზღაურებს.
სინამდვილეში, საუბარი კუნძულების საკუთრებაში გადაცემაზე არ არის. გამარჯვებულები კუნძულებს მხოლოდ ერთი წლით მიიღებენ დროებით სარგებლობაში და მათ ოფიციალურად „კუნძულის მეურვეები“ ეწოდებათ.
გამარჯვებულებს შორის არიან წარმომადგენლები გერმანიიდან, შვეიცარიიდან, ნიდერლანდებიდან, კანადიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან.

ყველაზე პატარა კუნძული – მარსტენი გერმანელმა სტუდენტმა მიიღო. მისი ზომა დაახლოებით 180 მეტრი სიგრძისა და 50 მეტრი სიგანისაა. ზაფხულში ეს ადგილი ექსტრემალური სპორტის მოყვარულებს იზიდავს.
შვეიცარიელმა წყვილმა უფრო დიდი კუნძული, ტიუვჰოლმენი მიიღო, რომელიც ფიჭვისა და ნაძვის ტყეებით არის დაფარული. მსგავსი ბუნებრივი გარემო დახვდებათ ნიდერლანდელ გამარჯვებულებს კუნძულ მედბოდანზეც. კანადელი მონაწილისა და აშშ-ის მკვიდრის კუნძულები – სტორბერგეტი და შეტბოდანი გაცილებით უფრო კლდოვანი და თითქმის სრულიად უტყეოა.
შვედეთის ტურიზმის სააგენტოს განცხადებით, ინიციატივის მიზანი ქვეყნის ბუნებრივი სიმდიდრის პოპულარიზაციაა. ორგანიზატორების თქმით, მოგზაურობის ნამდვილი ღირებულება ფუფუნებაში კი არა, ბუნებასთან სიახლოვეში, სიმშვიდესა და თავისუფლების განცდაშია.

კონკურსში მონაწილეობა თითქმის ყველას შეეძლო, თუმცა ერთი გამონაკლისით – მილიარდერებს განაცხადის შეტანის უფლება არ ჰქონდათ. ეს პირობა წესებში პირდაპირ იყო გაწერილი.
შვედეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე „კუნძულოვანი“ ქვეყანაა. ქვეყნის სანაპიროებთან დაახლოებით 267 000 კუნძული მდებარეობს, რაც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მაჩვენებლად ითვლება. მათი დიდი ნაწილი დაუსახლებელია და კერძო საკუთრებაში არ შედის.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს ერთწუთიანი ვიდეოს ჩაწერა ევალებოდათ, სადაც უნდა აეხსნათ, რატომ იმსახურებდნენ კონკრეტული კუნძულის მეურვეობას.
გამარჯვებულებს გარკვეული ვალდებულებებიც ექნებათ. მათ არ შეუძლიათ კუნძულის სახელის შეცვლა და ვერც ვიზიტორებისთვის დახურვა, რადგან შვედეთის კანონმდებლობა ბუნებაზე თავისუფალი წვდომის უფლებას განსაკუთრებულად იცავს.