LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში 80 წლის ქალმა საკუთარი დაკრძალვა მოაწყო და ცერემონიას თავადაც დაესწრო

146
ქირიას NEWS შაბლონი (4)

აშშ-ის ჯორჯიას შტატში მცხოვრებმა 80 წლის შელვი ნილმა საკუთარი დაკრძალვის ცერემონია მოაწყო და მას თავადაც დაესწრო. უჩვეულო ღონისძიება ერთდროულად მისი ცხოვრების აღნიშვნასა და 80 წლის იუბილეს მიეძღვნა. ამის შესახებ გამოცემა WLBT-ი წერს.

საკუთარი დაკრძალვის მოწყობის იდეა ქალს მეუღლის გარდაცვალების შემდეგ გაუჩნდა. მისი ქმარი მარტში გარდაიცვალა და დაკრძალვის ცერემონიამ შელვის აფიქრებინა, რომ სურდა, საკუთარი ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას თავადაც დასწრებოდა.

„ვუთხარი: იცი, სიამოვნებით დავესწრებოდი საკუთარ დაკრძალვასთქო. ჩემმა ქალიშვილმა მკითხა: რატომაც არაო?“ – გაიხსენა ქალმა.

ნილმა და მისმა ოჯახმა ღონისძიების დაგეგმვა დაიწყეს. ჯერ კიდევ 2020 წელს ქალმა ოჯახური სახლი დაკრძალვის ბიუროს მიჰყიდა იმ პირობით, რომ შენობაში ორი სამგლოვიარო ცერემონია გაიმართებოდა – ერთი მისი, მეორე კი მეუღლის ხსოვნის პატივსაცემად. ქმრის დაკრძალვის შემდეგ ოჯახმა გადაწყვიტა, ქალის სურვილიც შეესრულებინა.

ღონისძიებას დაახლოებით 100 ადამიანი დაესწრო. კუბოში ქალის გამოსახულებიანი მუყაოს ფიგურა მოათავსეს, თავად შელვი ნილს კი წარწერიანი ლენტი ეკეთა: „დაბრუნდა, რადგან კვლავ მოითხოვეს“. სტუმრებს მიკროფონთან მისვლისა და ქალის შესახებ მოგონებების გაზიარების შესაძლებლობა ჰქონდათ.

ნილმა ხუმრობით აღნიშნა, რომ თუ ვინმე მის შესახებ უსიამოვნო რამეს იტყოდა, მიკროფონის გამორთვა შეეძლო. „ჩემს დაკრძალვას თავად გავაკონტროლებ“, – განაცხადა მან.

ქალმა ცერემონიისთვის ყვავილებიც თავად დაამზადა და სტუმრების წინაშე სიტყვითაც გამოვიდა. ღონისძიების ტორტი ზეცისკენ მიმავალი კიბისა და სამოთხის კარიბჭის გამოსახულებით იყო გაფორმებული. მასზე ეწერა, რომ შელვი ნილს არაფრის გამოტოვება არ სურს, განსაკუთრებით კი – საკუთარი დაკრძალვის.

ქალის თქმით, ღონისძიება მის რწმენას, ცხოვრების 80 წელსა და იმ ადამიანებს მიეძღვნა, რომლებიც ამ წლების განმავლობაში მის გვერდით იყვნენ. ნილმა აღნიშნა, რომ საკუთარი ცხოვრების აღნიშვნა ოჯახისთვისაც უფრო მარტივი იქნებოდა, ვიდრე ტრადიციული დაკრძალვის ორგანიზება მისი გარდაცვალების შემდეგ.

მიუხედავად უჩვეულო ცერემონიისა, ქალს საკუთარი ნამდვილი გარდაცვალების შემდეგ ტრადიციული დაკრძალვის მოწყობა არ სურს. მისი თქმით, მომავალში მხოლოდ საფლავთან გაიმართება მოკრძალებული სამგლოვიარო ცერემონია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები