LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალტის პატარა ქალაქი 2031 წელს ევროპის კულტურულ დედაქალაქად იქცევა

101
ქირიას NEWS შაბლონი (4)

მალტის ქალაქი ვიქტორია 2031 წლის ევროპის კულტურულ დედაქალაქად დასახელდა. დასახლებამ, რომელსაც 7 ათასი მცხოვრები ჰყავს, მალტას გამარჯვება ისტორიაში მეორედ მოუტანა, 2018 წელს საპატიო ტიტული მალეტას ერგო წილად.

ვიქტორია, რომელსაც ადგილობრივები ისტორიული სახელით – რაბატითაც  მოიხსენიებენ, კუნძული გოზოს ადმინისტრაციული და კულტურული ცენტრია. მიუხედავად მცირე ზომისა, ქალაქსა და მთლიანად კუნძულზე კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ობიექტებია თავმოყრილი, მათ შორის უძველესი ციტადელი და მეგალითური ტაძრები.

2031 წლის პროგრამა მხოლოდ ვიქტორიათი არ შემოიფარგლება. ქალაქმა გოზოს 14 ქალაქსა და სოფელთან გააფორმა თანამშრომლობის შეთანხმება, რის გამოც კულტურული ღონისძიებები პრაქტიკულად მთელ კუნძულზე გაიმართება. პროექტის მთავარი კონცეფციაა „კუნძულების კუნძული“.

პროექტის ფარგლებში გოზოს სურს, კუნძულოვანი იზოლაცია კულტურულ კავშირად გადააქციოს და სხვა ევროპულ კუნძულებთან თანამშრომლობა გააფართოოს. დაგეგმილია „ევროპული კუნძულების ქსელის“ შექმნაც, რომელიც კულტურულ ორგანიზაციებსა და ხელოვანებს სხვა ევროპულ კუნძულებთან დააკავშირებს.

ვიქტორიას კულტურული პროგრამა სამ ძირითად მიმართულებად იყოფა – „სანაპირო“, „მარილი“ და „ტალღები“. პირველი მათგანი ხმელთაშუა ზღვის ეკოლოგიასა და კლიმატურ გამოწვევებს შეეხება, „მარილი“ ადგილობრივ იდენტობას, ხელობასა და ტრადიციებს, ხოლო „ტალღები“ ახალგაზრდობას, ციფრულ ხელოვნებასა და თანამედროვე ტექნოლოგიებს დაეთმობა.

ქალაქის კულტურული ცხოვრება უკვე გამოირჩევა ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობით. ვიქტორიაში ერთ ქუჩაზე ორი ისტორიული საოპერო თეატრი – Teatru Astra და Teatru Aurora მდებარეობს. მათ საქმიანობაში ადგილობრივი მცხოვრებლები მონაწილეობენ, მათ შორის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში მასწავლებლები, ელექტრიკოსები, ბუღალტრები ან ფერმერები არიან.

ევროპის კულტურული დედაქალაქის სტატუსი მხოლოდ კულტურულ ღონისძიებებს არ გულისხმობს. ევროკომისიის შეფასებით, ინიციატივა ქალაქებისთვის ტურიზმის, კულტურული აქტივობის, სოციალური ჩართულობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობას ქმნის და ადგილობრივ განვითარებაზეც ახდენს გავლენას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები