შვედეთი ევროკავშირის პირველი ქვეყანა გახდა, სადაც მწეველთა წილი მოსახლეობის 5%-ზე დაბლა ჩამოვიდა. სწორედ ეს მაჩვენებელი მიიჩნევა იმ ზღვრად, რომლის მიღწევის შემდეგაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ქვეყანას „მწეველთაგან თავისუფალის“ სტატუსს ანიჭებს.
ამ შედეგს შვედეთმა ევროკავშირის საერთო მიზანზე 15 წლით ადრე მიაღწია. ევროკავშირს სურს, რომ „თამბაქოსგან თავისუფალი თაობა“ 2024 წლისთვის შექმნას, თუმცა შვედეთმა ეს მაჩვენებელი უკვე ახლა დააფიქსირა.
Swedish Council for Information on Alcohol and Other Drugs-ის მონაცემებით, 1980-იანი წლების დასაწყისში შვედეთის მოსახლეობის 30%-ზე მეტი ეწეოდა. ბოლო ათწლეულებში ეს რიცხვი მუდმივად მცირდებოდა, რასაც ხელი შეუწყო როგორც თამბაქოს პროდუქციაზე გაზრდილმა გადასახადებმა, ისე მრავალწლიანმა საინფორმაციო კამპანიებმა, რომლებიც მოწევის ჯანმრთელობისთვის მავნე შედეგებზე ამახვილებდა ყურადღებას.
განსაკუთრებით დაბალია მწეველთა რაოდენობა ახალგაზრდებში. 16-დან 29 წლამდე ასაკის შვედებში მხოლოდ 2% ეწევა, რაც ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია.

სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, შვედეთის შედეგი კიდევ უფრო შთამბეჭდავად გამოიყურება. მაგალითად, ბულგარეთში 15 წელს გადაცილებული მოსახლეობის თითქმის მესამედი კვლავ მწეველია.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში შვედეთში თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო გააქტიურდა. ქვეყნის რამდენიმე მსხვილმა სუპერმარკეტების ქსელმა სიგარეტის გაყიდვაზე უარი თქვა, რაც ხელისუფლებისა და ბიზნესის ერთობლივი ძალისხმევის ნაწილად მიიჩნევა.