რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „თაკოსთან“ ქეთი წიკლაური სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერის „მალე, მალე“ ახალი ვერსიის პრემიერა შედგა.
ქეთი, დღეს გვთავაზობ სიმღერის „იასამანი“ ლაივ შესრულებას. გავიხსენოთ ამ ნამუშევრის ისტორია.
ეს ბატონ ჯემალ სეფიაშვილის სიმღერაა. ტექსტი თინა ნაცვლიშვილმა გააკეთა. არანჟირება გია მაჭარაშვილს ეკუთვნის. ადრე ეს სიმღერა „ივერიას“ რეპერტუარში იყო, მამა ასრულებდა, უბრალოდ, მაშინ რუსული ტექსტი იყო. უკვე წლებია ვასრულებ ამ სიმღერას ქართულად. ძალიან მიხარია, რომ მოთხოვნადია და უყვარს მსმენელს.
აღსანიშნავია, რომ ყოველთვის ძალიან არტისტული ხარ სცენაზე, რაც ძალიან საინტერესოა მსმენელისთვის…
ისეთი დროა, რომ იმ შემთხვევაშიც, როდესაც მარტო სიმღერაა, ფარული შოუ უნდა იყოს. იმდენი რამე ვნახეთ, ისე განვითარდა ნებისმიერი ჟანრი, პოპ მუსიკა, როკ მუსიკა თუ სხვა, რომ აუცილებელია ამ ყველაფერზე ფიქრი. უბრალოებაშიც უნდა იდოს შოუ.
ვისაუბროთ სიმღერაზე „მალე, მალე“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.
ეს სიმღერა თავდაპირველად დუეტი იყო, ჩემს მამიკოსთან ერთად შევასრულე. იყო საკონცერტო პროგრამა „ბარი-ბარში“, ასევე სატელევიზიო პროგრამა „ბარი-ბარში“, სადაც შედგა ეს პრემიერა. რამდენიმე ხანი ვასრულებდით სცენაზე დუეტად ამ სიმღერას, მაგრამ შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ სოლო სიმღერად გადაგვეკეთებინა და ვმღეროდი მე წლების განმავლობაში, შოუ ბალეტის თანხლებით. შემდეგ, ასე ვთქვათ თაროზე დაიდო ეს სიმღერა, მაგრამ ძალიან ბევრი მეუბნებოდა, რომ ძალიან უყვართ ეს სიმღერა. ფაქტობრივად, ამ სიმღერით გამოვჩნდი, ამ სიმღერით ვახსოვარ ხალხს. ბევრი კომპლიმენტი მომისმენია, მაგრამ, რატომღაც მე არ მინდოდა შესრულება. შარშან მიმიწვიეს ერთ-ერთ შოუში და იქ შევასრულე ცოცხლად ეს სიმღერა. აღნიშნული ვერსია, რომელიც ბენდმა დაუკრა, იმდენად ლაღი, თანამედროვე, მსუბუქი, დღევანდელ დღეზე მორგებული იყო, რომ უდიდესი სიამოვნება მივიღე, ჩემთვისაც თავიდან გაცოცხლდა ეს სიმღერა. მელოდიური, ლირიკული, ცოტა ნოსტალგიურია. შესანიშნავი ფონოგრამა გამიკეთა დათო ფორჩხიძემ. მუსიკა ბორის შხიანს ეკუთვნის, ტექსტის ავტორია ზურა გოშაძე.
მამას რომელი სიმღერა უყვარდა გამორჩეულად შენი რეპერტუარიდან?
ვფიქრობ, რომ სწორედ ეს სიმღერა, ვინაიდან როგორც ვახსენე, იყო ცეკვის თანხლებით და სერიოზული შოუ-პროგრამა იყო. ძალიან მოსწონდა, რომ მე ასეთი სინთეზური ჟანრი შემეძლო.
ქეთი წიკლაური – მალე მალე
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ქეთი წიკლაური – იასამანი. Live
ქეთი წიკლაური. პრემიერა გადაცემაში “რადიო დუეტი”