რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ ქეთევან წიკლაური სტუმრობდა. საიუბილეო წელთან დაკავშირებით, გადაცემა თემურ წიკლაურის შემოქმედებას დაეთმო, ეთერში 6 სიმღერის პრემიერა შედგა.
ქეთი, დღეს ვისაუბრებთ ლეგენდარული ქართველი არტისტის, თემურ წიკლაურის შესახებ.
დიახ, გადაცემა მამას ირგვლივ იქნება და მას გავიხსენებთ, მაგრამ მინდა ჩვენს ტკბილ პატრიარქს მივუძღვნა და ვთქვა – გვიყვარხარ პატრიარქო.
გამომდინარე იქიდან, რომ მთელი ქვეყნისთვის ძალიან რთული დღეებია, ისეთი სიმღერები მოვიტანე, რომლებიც პირველ რიგში, ნამდვილად მოუხდება ამ განწყობას და მეორე რიგში, არ გაჟღერებულა რადიოში.
ვისაუბროთ სიმღერაზე „აღსარება“.
სიმღერა „აღსარება“ მამამ ფართო მსმენელის წინაშე პირველად 2004 წლის, 6 მაისს შეასრულა. ეს იყო მისი სოლოკონცერტი, რომელიც „ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში“ ჩატარდა. ამ სიმღერის კომპოზიტორი ნუგზარ თუშიშვილი გახლავთ, ლექსის ავტორი – ზურაბ კოშაძე.
აღსანიშნავია, რომ ბატონ თემურის სიმღერები სულ მოთხოვნადია. ალბათ, დამეთანხმები, რომ ძალიან ძვირფასი მომენტია, როცა ადამიანი ქმნის ისეთ შედევრს, რომელიც არ იკარგება, უბერებელი, უკვდავია…
ვთვლი, თემური გამორჩეული ფიგურაა.
სოციალურ ქსელში მამას და პატრიარქის სურათი დავდე და ერთ-ერთმა მეგობარმა დამიწერა კომენტარი, რომელიც ძალიან მომეწონა – „სულიერი პატრიარქი, ჩვენი მამა და მეორე – კულტურის პატრიარქი“, ასე დაწერა მამაზე და ნამდვილად, მისი შემოქმედება განსაკუთრებული, უნიკალურია ქართულ ესტრადაზე და ვფიქრობ, შესაძლოა, მსოფლიო მასშტაბითაც, რადგან თავის შემოქმედებაში ძალიან მკაფიოდ აქვს სულიერების თემატიკა, სარწმუნოების, პატრიოტიზმის ხაზი, რაც დამეთანხმებით, იშვიათობაა.

ვიცი, რომ ბატონ თემურს ბევრი სევდიანი ისტორია გადახდა თავს…
ეს უკავშირდება ჩვენი ოჯახის ტრაგედიას, როდესაც გარდაიცვალა ჩემი პატარა ძმა, გიორგი, 1983 წელს. მაშინ, „ივერიას“ საპრემიერო სპექტაკლები ჰქონდა, დადგმული ჰქონდათ ასეთი სპექტაკლი – „არგონავტები“. უსაყვარლესი იყო ყველასთვის, არა მარტო საქართველოში, არამედ საზღვრებს გარეთაც, ამ მიუზიკლის ცნობილი ჰანგები. სამწუხაროდ, დასაწყისშივე მოხდა ეს ტრაგიკული ამბავი. წარმოიდგინეთ, ჩემი მშობლების მდგომარეობა, ურთულესად იყვნენ და მე თქვენი ეთერის მეშვეობით, დღეს, მინდა, გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა ჩვენს უწმინდესს და უნეტარესს, იმიტომ, რომ ძალიან დიდი როლი ითამაშა მან იმაში, რომ ჩემი მშობლები გადარჩნენ და დაუბრუნდნენ თავის მოღვაწეობას, ესტრადას, რადგან ძალიან რთული იყო და მართლა კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, როგორ მოახერხებდნენ ამას. თუ თემური, ასე ვთქვათ, ვერ დაუბრუნდებოდა ცხოვრებას, შესაძლო იყო, რომ „ივერიასას“ ვერ ეარსება. იმის მერე, განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდა ილია მეორის მიმართ.
მამას ძალიან დიდი ღვაწლი იყო იმაში, რომ მისმა მეგობარმა მოისურვა რაღაცის გაკეთება ჩვენი ეკლესიისთვის და საპატრიარქოსთვის და ისრაელში შეიძინეს ბინა მომლოცველებისთვის. ეს მამამ, ფაქტობრივად, თვითონ გააკეთა და საჩუქრად გადასცა საპატრიარქოს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ილია მეორის ლოცვა კურთხევით ხდებოდა. რადგან ეს გავიხსენეთ, გავაჟღეროთ მეორე სიმღერაც, „საქართველო მართლმადიდებელო“. სიმღერის კომპოზიტორი ზურაბ მჟავია გახლავთ, ლექსის ავტორი – თემურ ჩალაბაშვილი.
როგორი ურთიერთობა გქონდათ მამასთან?
ჩემთვის მართლა ბედნიერებაა, რომ ჩემი ოჯახი ასეთია. ყოველთვის, ბავშვობიდანვე მქონდა დიდი სიამაყის გრძნობა. შეიძლება, ასე ინტელექტით ვერ ვხვდებოდი პატარა ბავშვი, თუ რა მოვლენასთან მქონდა საქმე, რამხელა მასშტაბის იყო და იქნებოდა მერე მათი ანსამბლის მოღვაწეობა და კონკრეტულად მამასი, მაგრამ აი ამ უნიკალურობას და საოცრებას ამ მუსიკის და შემოქმედებითი იმპულსის, ყოველთვის ვგრძნობდი და ეს ყოველთვის მახარებდა. სულ სიხარულით მიხტოდა გული, როცა მათ კონცერტებს ვესწრებოდი ან კულისებში ვიდექი.
მე საბჭოთა კავშირის დროს დავიბადე და დავდიოდი სკოლაში, მაშინ, ცოტა სიმკაცრე იყო და სულ მათთან არ ვიყავი, რადგან ჩვენ ბავშვებს გვევალებოდა სწავლა და ჩვენი სამყარო, საქმეები გვქონდა, მაგრამ როდესაც იყო არდადეგები, რა თქმა უნდა, ყოველთვის მათთან ვიყავი, ვიდექი და ვუსმენდი მათ.
როდესაც გადავწყვიტე ესტრადაზე მემოღვაწა, სიმართლე გითხრათ, დიდი სიხარული და ტაშ-ფანდური არ ყოფილა, რადგან არტისტის ცხოვრება, განსაკუთრებით იმ პერიოდში, საკმაოდ რთული თემა იყო… ახლა შემოვიდა ეს კულტურა, ვარსკვლავები და ვარსკვლავური ცხოვრება, სიმდიდრე და რაღაც აფიშირება… შემდეგ უფრო შემოვიდა ცნება „შოუბიზნესი“ და მომენტი, როცა მეტი აღიარება და მეტი დაფასება მოჰყვა ამ მოღვაწეობას. როდესაც ჩემი მშობლები ახალგაზრდები იყვნენ, სასაცილო თანხები იყო, ჰქონდათ რაღაც მოჭრილი ხელფასი, ვთქვათ, ერთი კონცერტის და როცა გასტროლებზე მიდიოდნენ, იქ რაღაც თანხას აძლევდნენ საზღვარგარეთ და იმის იქით არაფერი ჰქონდათ. აქედან მიჰქონდათ რაღაც საჭმელები, ძეხვები, რადგან ცდილობდნენ, რომ ფული შეეგროვებინათ და ა.შ. საერთოდაც, არტისტის პროფესია ხომ ბევრ რამეზეა დამოკიდებული, იღბალზე, თუ მსახიობი ხარ, რეჟისორზე, თუ მომღერალი ხარ, სიმღერაზე, კომპოზიტორზე, ტექსტზე… გაგიმართლებს და იპოვი იმ სიმღერას, ჰიტს, შენი ცხოვრების მნიშვნელოვან სიმღერას?! ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ეს პირობითობები რომ იცოდნენ, ამ ყველაფერზე გამაფრთხილეს, მაგრამ მათთან ერთად ჩემი პრემიერა და დებიუტი შედგა, სპექტაკლ „ფიროსმანში“ და ერთად ბევრჯერ ვმდგარვართ სცენაზე.

შემოქმედებითი მიმართულებით შენიშვნებს თუ გაძლევდა?
ასეთი ადამიანი არ იყო.
სხვათა შორის, ამ დღეებში სულ ვისმენ, პატრიარქზე იმდენ რამეს იხსენებენ და ჰყვებიან და ბევრ რამეში ვიჭერ მსგავსებას მამას ხასიათსა და პატრიარქის ხასიათს შორის, ეს რაღაცნაირი სიკეთე და სიბრძნე…
პირდაპირი შენიშნვა ან პირდაპირი რჩევა არ იცოდა, ან უნდა მეკითხა ან ასე შენიღბულად, საუბარში მახვედრებდა.
იმ დროის ხალხი ვიყავით ჩვენ და ისე გაგვზარდეს, რომ მე ადრეც მითქვამს, რომ ჩემს მშობლებს რაღაც ზედმეტი ემოციები არ ახასიათებდათ. ჩვენ ვიცოდით ერთმანეთის საზღვრები, ასეთი ურთიერთობები გვაქვს ოჯახში, მეც ასეთი ურთიერთობა მაქვს ჩემს შვილთან. მამასთან და დედასთან ძალიან დიდი სიყვარული და პატივისცემა მქონდა. მამა ძალიან ყურადღებიანი, ძალიან მზრუნველი იყო.
ანუ ამდენი კონცერტების მიუხედავად, მაინც ახერხებდა ოჯახთან დროის გატარებას?
როდესაც „ივერია“ თავის პიკში იყო, მე არ მახსოვს, პატარა ვიყავი, მაგრამ მერე, რომ შენელდა ეს დიდი ბორბალი მათი ამ ტურნეების, კონცერტების, მამა თვითონ დადიოდა ბაზარში, მაღაზიებში, ჩემს შვილთან ერთად სულ დადიოდა ცირკში, ზოოპარკში, პარკებში. ამით იყო ბედნიერი, უბედნიერესი. იყო ძალიან უბრალო ადამიანი, უბრალო რაღაცები უყვარდა.
მესამე სიმღერა – „ვისაც ვეძებდი“ ძალიან სევდიანია, ისევე, როგორც მთელი ჩვენი დღევანდელი გადაცემა. ამ სიმღერის ავტორი ბორის შხიანია, ტექსტის ავტორი – თინა ნაცვლიშვილი. ის გრძნობა, ტექსტში რაც ჟღერს, ყველასთვის ნაცნობი იქნება.
მადლობა, რომ ეს გადაცემა შედგა. წლევანდელი წელი საიუბილეოა, წელს, 22 იანვარს მამა 80 წლის გახდებოდა, ამიტომაც გვინდოდა, რომ ჩვენი წვლილი შეგვეტანა და აღგვენიშნა.
ეს სიმღერები და დისკი მამამ ალბათ, 2000-იანების დასაწყისში გამოსცა, ეს სიმღერები ყველა ერთად კი არ შეიქმნა, ასე ეტაპობრივად წერდა. დღემდე როგორი აქტუალურია და როგორ ცოცხლად ჟღერს მისი ხმა, ეს ენერგია როგორი ძლიერია.
შემდეგი სიმღერა, რომელსაც მსმენელს შევთავაზებთ, არის შექსპირის 66-ე სონეტი. შექსპირი – ეს ისეთი თემაა, რომელიც არასდროს დაკარგავს თავის აქტუალობას. სხვათა შორის, ძალიან რთული იყო ამ სიმღერის გაკეთება. კომპოზიტორი გოგი ჩლაიძე გახლავთ. ბოლო პერიოდში, მამამ რამდენიმე კლიპის გადაღება მოახერხა და ერთ-ერთი ეს ვიდეორგოლია.
სხვათა შორის, ძალიან ბევრი რამ მიდევს ჩემს „იუთუბ“ არხზე, სიახლეებს, მამას კლიპებს, ძველ საარქივო მასალებს, სიმღერებს, ყველაფერს ეტაპობრივად ვდებ.
ბატონ თემურის სიმღერები არ არის მხოლოდ შემოქმედება, ეს არის ისტორია, სული, სიყვარული…
რა თქმა უნდა, რომელიც წლებთან ერთად უფრო სხვანაირი ხდებოდა, სხვანაირ მასშტაბს, სიღრმეს იძენდა. იცით, რატომ მინდოდა ამ სიმღერების გაჟღერება?! იმიტომ, რომ ბევრმა არც იცის, როგორი მასშტაბური და ღრმა სიმღერები ჰქონდა მამას.
მამას შემოქმედებაშიც არის უდავო ჰიტები, რომლებიც მისი სავიზიტო ბარათია – „მანანებო“, „იყიდება საქართველო“, „გული არა ბერდება“.

თვითონ, ბატონ თემურს თუ ჰქონდა განსაკუთრებულად, გამორჩეულად საყვარელი სიმღერები?
ბოლო პერიოდში, ეს სიმღერები მისთვის ძალიან ძვირფასი იყო, რადგან მთელი თავისი დაგროვილი გამოცდილება, ნაფიქრი, განცდილი, ტკივილი თუ რაღაც აღმოჩენა, ყველაფერი ჩადო, ამიტომ ეს ისეთი სიმღერებია, რომლებიც დღეს პირველ რიგში უნდა გაგვეჟღერებინა.
წელს, ძალიან გვინდა, რომ მამას ხსოვნის საღამო გავაკეთოთ, მისი 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი. ამას მომზადება სჭირდება და შესაძლოა, რომ წლის მეორე ნახევარში მოხერხდეს.
ასეთი რთული და სერიოზული სიმღერების სიიდან კიდევ ერთი ნამუშევარი, „მერანი“ შევთავაზოთ მსმენელს. ეს არის ნუგზარ თუშიშვილის სიმღერა, რომელიც შექმნილია ნიკოლოზ ბარათაშვილის ტექსტზე.
მე რამდენჯერ მაქვს მოსმენილი ეს სიმღერები და მაინც მბურძგლავს და მსიამოვნებს მოსმენა და იმედია, ჩვენს მსმენელსაც იგივე შეგრძნებები დაებადება. როგორი ხმა, როგორი უნიკალური ტემბრი, ენერგიაა… საოცრებაა მართლა.
მამას ხომ საოპერო გამოცდილება ჰქონდა და ამ სიმღერებშიც, „შექსპირის სონეტში“ და „მერანში“ ეს ნამდვილად ჩანს, თითქოს საოპერო მომღერალიც მღერის, ეს უბრალოდ საესტრადო მომღერლის მასშტაბი არ არის, უფრო ძლიერია და უფრო დიდი სპექტრია.
ბოლო სიმღერა, რომელსაც შემოგთავაზებთ, – „მე შენ მიყვარხარ საქართველო“, ესეც ბოლო პერიოდის სიმღერების ნიმუშია და ამ სიმღერაზეც აქვს მამას კლიპი გადაღებული. მინდა გითხრათ, რომ მამა ძალიან ნიჭიერი იყო ბევრ სხვა სფეროშიც და როდესაც კლიპებს აკეთებდა, თითქმის ყველას სცენარის ავტორი და რეჟისორი თვითონ იყო და ამ კლიპის შემთხვევაშიც ასე იყო. შემდეგ, უკვე ბესო ჩუბინიძე დაეხმარა კლიპის გადაღებაში. საოცარი სიმღერაა. როგორც დავიწყეთ, პატრიარქის გახსენებით, ბოლოშიც, მინდა ვთქვა, რომ როგორც გვესმის პატრიარქის ჩანაწერი და ყველას გულში როგორც გვწვდება – „მიყვარხარ საქართველო“, ზუსტად მამას სიმღერაშიც ასე ჟღერს.
აღსარება
საქართველო მართლმადიდებელო
ვისაც ვეძებდი
შექსპირის სონეტი
მერანი
მე შენ მიყვარხარ საქართველო
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ქეთი წიკლაური. “პრემიერა თაკოსთან”