რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ მომღერალი და კომპოზიტორი, ჯემალ სეფიაშვილი სტუმრობდა, რომელმაც კონცერტზე „ჯემალ სეფიაშვილი სიყვარულით“ ისაუბრა და მსმენელს ღონისძიებაზე გაჟღერებული სიმღერები წარუდგინა. გადაცემის სტუმარმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და 80 წლის იუბილესთან დაკავშირებული კონცერტი დააანონსა.
ბატონო ჯემალ, მოგვიყევით თქვენს კონცერტზე – „ჯემალ სეფიაშვილი სიყვარულით“.
ჩემი კონცერტი – „ჯემალ სეფიაშვილი სიყვარულით“ 2025 წლის 9-10 აპრილს გაიმართა. მე როგორც ვიცი, კონცერტს ძალიან დიდი გამოხმაურება ჰქონდა, ძალიან კმაყოფილი იყო მსმენელი.
ჩვენ უკვე შევეჩვიეთ იმას, რომ რეცენზიები არ იწერება… არცერთ გაზეთში, არცერთ ჟურნალში არავითარი რეცენზია არ იყო. მე, რომ მაგალითად, პერანგი გამხეოდა, როგორ არ დაწერდნენ ამას…
ვისაუბროთ სიმღერაზე „ტიტები“. 9 აპრილი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან სენსიტიური თემაა… როგორც ვიცი, ეს სიმღერა პირველად ქალბატონ ნანი ბრეგვაძეს და ბატონ ბუბა კიკაბიძეს მოასმენინეთ…
დიახ, ასე იყო. სხვათა შორის, მაშინ, კომენდანტის საათი იწყებოდა და ნანი და ბუბა კინაღამ მოყვნენ… მანანამ უთხრა, არ ინერვიულოთ, ოთახები გვაქვს და ყველას დაგაბინავებთო, მაგრამ სასწრაფოდ გავარდნენ სახლში.
ნანი იჯდა ტიროდა, ბუბამ კი თქვა – „ჯემალჯან, ჩავწეროთ რა“ და ჩავწერეთ.

როგორც ვიცი, იმ პერიოდში, ძალიან ბევრმა ვერ მიიღო ამ სიმღერის შესრულებაში მონაწილეობა, როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნეთ „ივერია“ არ იმყოფებოდა ხომ საქართველოში?
„ივერია“, თემურ თათარაშვილი ისრაელში იყვნენ გასტროლებზე. დღესაც ვდარდობ, რომ „ივერია“, თემურ თათარაშვილი არ მონაწილეობდნენ ამ სიმღერის ჩაწერაში, მაგრამ იცით, რა მოხდა?! რომ ჩამოვიდნენ, სიმღერა ჯერ არ იყო აჟღერებული და თემური მოვიყვანე სტუდიაში, არავითარ შემთხვევაში არ მიიღო სიმღერამ… ეს ისეთი განცდით, ისეთი ღელვით იყო ჩაწერილი და ყველა ისე ვიყავით შეკრული იმ მომენტში, რომ თემური ჩამოვიდა და მისი ნამღერი არ მიიღო სიმღერამ. არადა, თემურ წიკლაურის ხმა… ყველასთვის საყვარელი.
კონცერტიც დავიწყეთ პარაფრაზით – „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“.
ალბათ დროა, რომ ნიკა ნიკვაშვილს ვუთხრათ მადლობა, მის დიდ ორკესტრს, ასევე მეკო ქავთარაძის გუნდს.
რას გვეტყვით სიმღერაზე „სიყვარული რომ არ ყოფილიყო“?
„სიყვარული რომ არ ყოფილიყოთი“ გავხსენი კონცერტი. ეს იყო ჩემი შესრულებით პირველი სიმღერა. სიმღერა არის ოტია იოსელიანის ლექსზე.
ძალიან მცირე გამონაკლისით, ამ კონცერტში მონაწილეობა მიიღეს იმ მომღერლებმა, რომელთაც არასდროს მიუღიათ მონაწილეობა ჩემს შემოქმედებით საღამოებში, მაგალითად, ანსამბლმა „შვიდკაცამ“ და მე ძალიან მიხარია, რომ ორი სიმღერით მიიღეს მონაწილეობა, – „საშობაო“ და „მთაწმინდის მთვარე“. „საშობაო“ არის მორის ფოცხიშვილის ლექსზე, „მთაწმინდის მთვარე“ კი გალაკტიონის.
სოფო ხალვაშმა, ყველასათვის საყვარელმა მომღერალმა იმღერა სიმღერა – „ხარ სიყვარულის საგალობელი“, რომელიც ირმა გურიელის ლექსზეა შექმნილი.
„თეატრალურის კვარტეტმა“ იმღერა სიმღერა – „ვედრება“, ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსზე.
მორის ჯანაშვილი ჩამოვიდა ისრაელიდან და ის კონცერტზე ორი სიმღერით, „შენს ქუჩებში ხეტიალი მინდა“ და „იმედი“ გამოვიდა. „შენს ქუჩებში ხეტიალი მინდა“-ს ავტორი ზურაბ გოშაძე გახლავთ, „იმედი“-ს მორის ფოცხიშვილი.
გალაკტიონის „ქარი ქრის“ ძალიან გაუკვირდა ყველას. კულისებში ყველა ამას ლაპარაკობდა, ეს გუნდმა როგორ იმღერაო.
გიორგი სუხიტაშვილმა შეასრულა „საქართველოს ცისათვის“. ისე გაუხარდა, მთელი ცხოვრება ვოცნებობდი, რომ ეს სიმღერა მემღერაო.
სიმღერა „ნუშების თოვლი“, სოფო ხალვაშმა და გიორგი სუხიტაშვილმა შეასრულეს. სიმღერა მორის ფოცხიშვილის ლექსზეა. სხვათა შორის, „ნუშების თოვლი“ არის სიმღერა საქართველოზე. რატომღაც, მას შემდეგ, რაც მერაბმა და ნუკრი კაპანაძემ შეასრულეს ეს 1997 წელს, ბევრმა აღიქვა, როგორც სასიყვარულო სიმღერა.
„მოვიჩქაროდი შენკენა“ მიშო ჯავახიშვილმა შეასრულა. მიშო ჯავახიშვილს ძალიან ვთხოვე, გეხვეწები, ძალიან მიყვარხარ, შენ ისეთი მომღერალი ხარ, ძალიან მინდა, რომ მონაწილეობა მიიღო-მეთქი და ორი სიმღერა შეასრულა. მეორე სიმღერას – „შენი სურათი“ ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. გიორგი კობახიძე ჩემი ძალიან, ძალიან დიდი ხნის მეგობარია, რამდენიმე წელი არ გვენახა ერთმანეთი და რაღაც მიღებაზე შევხვდით. რაღაც წიგნებს არიგებდა და მე რატომ არ მაძლევ-მეთქი ვკითხე, შენ ხომ მითხარი, 22 წლის წინ, რომ ჩემს ლექსებზე სიმღერები არ იწერებაო, მე ვუთხარი, 22 წლით უფროსი გავხდი და ამიტომ ეს წიგნი ჩქარა მომეცი-მეთქი. ეს სიმღერა გიორგი კობახიძის ლექსზე გაკეთდა.
ჩემმა ცისანამ „ნაკადული“ შეასრულა, რომელიც მორის ფოცხიშვილის ლექსზეა. ეს სიმღერა მედიკო ძიძიგურს მიეძღვნა.
„ლამაზი ღამე“ ესეც ძალიან ცნობილი სიმღერაა, რომელიც ცისანამ და „ქუჩის ბიჭებმა“ შეასრულეს. ლექსი შონზოს ეკუთვნის.

„ქუჩის ბიჭების“ სიმღერა „ვერ შეგელევი“ ღონისძიებისთვის შეიქმნა.
არაჩვეულებრივი მომღერალი, ლიკა დოლიძე წარდგა სიმღერით „კარგად იყავი“, რომელიც ირინა სანიკიძის ლექსზეა.
ტრიო „აპრილიამ“ შეასრულა სიმღერა „აპრილია“, რომელსაც ლელა სიხარულიძე მღეროდა.
ანსამბლმა „ჰერიო“, ძალიან კარგმა ანსამბლმა ორი სიმღერა – „მუხამბაზი“ და „პატარა გოგო დამეკარგა“ შეასრულა. ორივე სიმღერის ტექსტი ჯანსუღ ჩარკვიანისაა.
აჩიკო ბერიძემ და სანდრო კობახიძემ შეასრულეს „დედა ენა“.
კიდევ ერთი ექსპერიმენტი იყო პოპური -„ნურავის ეტყვი“, რომელიც თემურ ცაგურიას და მორის ფოცხიშვილის ლექსებზე არის შექმნილი. პუპური კობა ჭეფხოძემ და მისმა მეუღლემ, ლელუკა თელიამ შეასრულეს.
„გული გაუყოფელი“ გიორგი სუხიტაშვილმა შეასრულა. სიმღერის ტექსტი ჯანსუღ ჩარკვიანის გახლავთ.
თამრიკო გვერდწითელმა შეასრულა „სიყვარულის სანთლები“ და „დედა“.
ერთი რამ მინდა ვთქვა, თამრიკო გვერდწითელის პირველი გამოჩენა იყო ჩემს კონცერტზე, მაგრამ ნიკა ნიკვაშვილის მოუცლელობის გამო, ძალიან გვიან დამონტაჟდა ეს კონცერტი და 4 იანვარს შედგა პრემიერა ტელევიზიით. შესაბამისად, თამრიკო ეკრანზე უკვე სიახლე აღარ იყო, რადგან უამრავ სხვა კონცერტში თამრიკოსაც გზა გავუხსენი. თამრიკოსთვისაც, ისევე, როგორც ყველასთვის საბედნიერო იყო ამ კონცერტში მონაწილეობა.
კიდევ ერთი საბედნიერო გამოსვლა იყო მეკო ქავთარაძის გუნდის სიმღერით – „გაზაფხული შემოსულა ლენ“, მურმან ლებანიძის ლექსზე.
კონცერტის ფინალისკენ მივედით… ბევრი ვიფიქრე, რა ვიმღერო-მეთქი და აბსოლუტურად ყველას აზრი იყო ერთი – „დაშვებული ფარდები“, მორის ფოცხიშვილის ლექსზე.

როგორ იწერება ასეთი სიმღერები, ყველა ნამუშევარი რომ ჰიტია?
ჩვეულებრივად. რა უნდა ამას?! მოვინდომე და დავწერე (იცინის).
თქვენი შემოქმედების პირველი შემფასებელი ვინ არის?
მანანა.
როდის იქნება შემდეგი კონცერტი?
მომავალ წელს. მომავალ წელს მისრულდება 80 წელი და უკვე დავიწყე საიუბილეო კონცერტის მზადება.
ახალი სიმღერები იქნება?
დიახ, იქნება, ოღონდ არა ისე, რომ კონცერტზე პირველად შესრულდეს, მანამდეც გაჟღერდება.
იცით, მსმენელს არ უყვარს ახალი სიმღერები, მსმენელს უყვარს თავისი საყვარელი სიმღერა და დიდი სიამოვნებით უსმენს, ამიტომ მეც ასე ვცდილობ.
მე მინდა დავარწმუნო ჩემი მსმენელი, რომ კიდევ ბევრჯერ გავახარებ მათ ჩემი სიმღერებით.
წლები იმუშავეთ რადიოში, რამდენად გენატრებათ რადიო?
ძალიან მენატრებოდა… არ იცით, რომ წამოვედი რადიოდან, როგორ მენატრებოდა სტუდია…
განიხილავთ რადიოში დაბრუნებას?
რა ვიცი, გააჩნია შემოთავაზებას (იცინის).
გუნდი – ტიტები
ჯემალ სეფიაშვილი – სიყვარული რომ არ ყოფილიყო
შვიდკაცა – საშობაო
შვიდკაცა – მთაწმინდის მთვარე
სოფო ხალვაში – ხარ სიყვარულის საგალობელი
თეატრალურის კვარტეტი – ვედრება
მორის ჯანაშვილი & გუნდი – შენს ქუჩებში ხატიალი მინდა
მორის ჯანაშვილი – იმედი
გუნდი – ქარი ქრის
გიორგი სუხიტაშვილი – საქართველოს ცისათვის
გიორგი სუხიტაშვილი & სოფო ხალვაში – ნუშების თოვლი
მიშო ჯავახიშვილი – მოვიჩქაროდი შენკენა
მიშო ჯავახიშვილი – შენი სურათი
ცისანა სეფიაშვილი – ნაკადული
ცისანა სეფიაშვილი & ქუჩის ბიჭები – ლამაზი დღე
ქუჩის ბიჭები – ვერ შეგელევი
ლიკა დოლიძე – კარგად იყავი
ტრიო აპრილია – აპრილი
ანსამბლი “ჰერიო” – მუხამბაზი
ანსამბლი “ჰერიო” – პატარა გოგო დამეკარგა
აჩიკო ბერიძე & სანდრო კობახიძე – დედა ენა
კობა ჭეფხოძე & ლელუკა თელია – პოპური
გიორგი სუხიტაშვილი & გუნდი – გული გაუყოფელი
თამრიკო გვერდწითელი & გუნდი – სიყვარულის სანთლები
თამრიკო გვერდწითელი & გუნდი – დედა
გუნდი – გაზაფხული შემოსულა ლენ
ჯემალ სეფიაშვილი – დაშვებული ფარდები
გუნდი – ტიტები
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ჯემალ სეფიაშვილი. რადიო პრემიერა კონცერტისა “სიყვარულით”
ჯემალ სეფიაშვილი. სიყვარულით