LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორი: „უკვე მე-7 დღეა შიმშილობს! აქვს თავბრუსხვევა და უჭირს გადაადგილება“

177
გიორგი ჩიკვაიძე

დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებული ბიზნესმენი, გიორგი ჩიკვაიძე, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო 11 მარტს პატიმრობით შეუცვალა, უკვე მე-7 დღეა შიმშილობს.

გიორგი ჩიკვაიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მისი ბიზნესპარტნიორი ირაკლი პაპიაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ მას აქვს თავბრუსხვევა და გადაადგილება უჭირს.

„გიორგი ჩიკვაიძე უკვე მეშვიდე დღეა შიმშილობს!

ძალიან ბევრი ადამიანი მწერთ და მეკითხებით გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. დიდი მადლობა ყველას თანადგომისთვის!

აქვს თავბრუს ხვევა და უჭირს გადაადგილება. არის ძალზე შემართებით და ამ დიდ ბრძოლაში იგი უკან დახევას არ აპირებს!

ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე!“, – წერს ირაკლი პაპიაშვილი სოციალურ ქსელში.

დაპატიმრების გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, გიორგი ჩიკვაიძემ მოსამართლეს „მურუსიძის მონა“ უწოდა და უთხრა, რომ მის დასასანქცირებლად ყველაფერს გააკეთებს

Giorgi Chikvaidze -ე უკვე მეშვიდე დღეა შიმშილობს! ძალიან ბევრი ადამიანი მწერთ და მეკითხებით გიორგის ჯანმრთელობის…

Posted by Irakli Papiashvili on სამშაბათი, 18 მარტი, 2025

ცნობისათვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, იზა კელენჯერიძემ დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულ ბიზნესმენს, გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა. გიორგი ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორისთვის, ირაკლი პაპიაშვილისთვის შეფარდებული გირაო კი ძალაში დატოვა.

შეგახსენებთ, გამოძიება კომპანია „ელთ ბილდინგის“ საჩივრის საფუძველზე, კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დაიწყო. გამოძიების თქმით, შპს „ელთ ბილდინგისთვის” ბრალდებულებს, გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის კომპანიას – „რამსეს ჯეორჯიან იახტინგ პლათფორმს“ იახტა უნდა ჩამოეყვანა. მათ შორის გაფორმდა იახტის ნასყიდობის ხელშეკრულება 1 155 019 ლარის სანაცვლოდ. ასევე, მხარეებს შორის გაფორმდა იახტის იჯარის ხელშეკრულება. თუმცა, გიორგი ჩიკვაიძემ და ირაკლი პაპიაშვილმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა არ შეასრულეს და შპს „ელთ ბილდინგს“ იახტა არ მიაწოდეს.

ბრალდების მიხედვით, გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი „ელთ ბილდინგის“ ხელმძღვანელ პირებს – ვალერი გურგენაძეს და ელგუჯა თურმანიძეს სხვადასხვა გამოგონილი მიზეზით, მათ შორის თურქეთის პორტში მომხდარი შტორმის შედეგად იახტის ძრავის დაზიანების და მისი შეკეთების საბაბით უვადებდნენ იახტის გადაცემის ვადებს, უგზავნიდნენ თითქოსდა მათთვის შეძენილი იახტის ვიდეოებს და ლოკაციებს, ხოლო რეალურად იახტის შესაძენად გადახდილი თანხით გიორგი ჩიკვაიძემ დაფარა სხვა მოვალეების წინაშე არსებული ვალდებულებები და აღნიშნული თანხა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა. საბოლოოდ, ირაკლი პაპიაშვილმა კომპანიის ანგარიშზე 147 065 ლარი დააბრუნა, ამის შემდგომ დარჩენილი თანხის გადახდა არ მომხდარა. გიორგი ჩიკვაიძეს და ირაკლი პაპიაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182, II – „ა, „დ“, III – „ბ” მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს. აღნიშნული ბრალდება 7-დან 11-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფოტო სლაიდზე: ინტერპრესნიუსი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g