„ნაციონალურის მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას საქმეს პროკურატურაში გზავნის.
კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებით, დოკუმენტები პროკურატურაში დღის ბოლომდე გადაიგზავნება.
„სხდომაზე გვარამია 10:00 საათზე გახლდათ დაბარებული, თუმცა არ გამოცხადდა. ასევე, საჯაროდ აქვს გაცხადებული, რომ არ აპირებს კომისიაზე გამოცხადებას. კომისიის წევრებსა და საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ მასთან მიმართებაში შეტყობინების ოფიციალური პროცედურა წარიმართა კანონით დადგენილი წესით. მან თავადვე დაადასტურა, რომ მისთვის აბსოლუტურად ზედმიწევნით იყო ცნობილი იმის შესახებ, რომ დღეს, 8 აპრილს, 10:00 საათზე უნდა გამოცხადებულიყო კომისიის წინაშე და სახეზეა მისი გათვითცნობიერებული გადაწყვეტილება, რომ არ მოსულიყო სხდომაზე“, – განაცხადა წულუკიანმა.