საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დუბაიში ახლო აღმოსავლეთში უდიდეს ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს. Arabian Travel Market-ზე საქართველოდან ასევე წარმოდგენილია 33 ტურისტული კომპანია და სასტუმრო, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე, გამოფენის ფარგლებში, შეხვედრებს მართავს საერთაშორისო მედიის, სამოგზაურო პლატფორმების, ტურისტული კომპანიებისა და PR ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან ერთობლივი აქტივობების დასაგეგმად, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდას. ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლები კი უცხოელ კოლეგებს ხვდებიან სამომავლო თანამშრომლობის მიზნით.

საქართველოს სტენდთან სტუმრებს საშუალება აქვთ გაეცნონ ქვეყნის ტურისტულ მიმართულებას და ინფორმაცია მიიღონ ტურისტული პროდუქტების შესახებ.

დუბაის საერთაშორისო გამოფენაში მსოფლიოს 166 ქვეყნიდან 2800-ზე მეტი ტურისტული ორგანიზაცია და კომპანია მონაწილეობს. ATM-2025-ს 55 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს.
