LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენად გაამართლა ქალაქში სატრანსპორტო კვანძებმა – სახალხო პლატფორმა

637
დავით-ჯაიანი

რამდენად გაამართლა ქალაქში სატრანსპორტო კვანძებმა – თემაზე გადაცემაში „სახალხო პლატფორმა“ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ დავით ჯაიანმა ისაუბრა.

გაამართლა თუ არა ქალაქში სატრანსპორტო კვანძებმა?

სააგენტო საგზაო მოძრაობის მოწესრიგების მიზნით, აქტიურად განაგრძობს მუშაობას და ქალაქში სხვადასხვა მნიშვნელოვან ლოკაციებზე ახალ სატრანსპორტო კვანძებს ქმნის.

გმირთა მოედანზე ახალი სატრანსპორტო კვანძის მოწყობის შემდეგ, კიდევ რამდენიმე პროექტი დაიგეგმა. კერძოდ, „მეტროსადგურ „დიდუბის“ ზედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგებისთვის, საგზაო მოძრაობის ორგანიზების ახალი სქემა შემუშავდა.

მეტროსადგურ „დიდუბის“ ზედა ამოსასვლელთან მდებარე გაჩერება, რომელიც ესაზღვრება ერისთავის ქუჩას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კვანძს წარმოადგენს. მისი ძირითადი ფუნქცია მეტროს, ავტობუსების, მიკროავტობუსებისა და მგზავრთა ნაკადების ერთმანეთთან ეფექტურად გადანაწილების უზრუნველყოფაა.

ამჟამად, მოედანი გადატვირთულია ქაოტურად პარკირებული ავტომობილებით, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობას, ისე ქვეითთა უსაფრთხო და შეუფერხებელ გადაადგილებას.

სატრანსპორტო კვანძისა და მიმდებარე ტერიტორიის გამართულად ფუნქციონირების მიზნით, შემუშავებული იქნა საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემა, რომელიც ითვალისწინებს: ავტობუსებისა და მიკროავტობუსებისთვის შესაბამისი ბაქნების მოწყობას, რომელიც სრულად აღიჭურვება ქვეითთა უსაფრთხოებისთვის საჭირო ელემენტებით. აღნიშნულ ტერიტორიაზე შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც.

დაგეგმილია თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებში ცვლილებაც?

დაგეგმილია აღნიშნულ ტერიტორიაზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებში ცვლილებაც. კერძოდ, ავტობუსები ბოლო გაჩერებამდე, ერისთავის ქუჩიდან მარცხნივ მოხვევით იმოძრავებენ. ასევე, მარცხნივ მოხვევით შეეძლებათ, გააგრძელონ მოძრაობა გურამიშვილის გამზირის მიმართულებით. ასევე, პროექტი მოიცავს წერეთლის გამზირიდან „დიდუბის“ ზედა გასასვლელთან მდებარე გაჩერებამდე ავტობუსებისთვის ცალკე ზოლის მოწყობას, რაც საგრძნობლად გააუმჯობესებს გადაადგილების დროსა და კომფორტს.

აღნიშნული ცვლილებები სატრანსპორტო სისტემის ეფექტურობას გაზრდის და გადაადგილების ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

გარდა ამისა, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო სარაჯიშვილის გამზირზე, გლდანის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე, საფეხმავლო გადასასვლელის მოწყობასაც გეგმავს.

აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი მოქალაქეთა არაერთი თხოვნა გახდა.

პროექტის მთავარი მიზანი ქერჩის ქუჩისა და სარაჯიშვილის გამზირის კვეთაზე არსებულ გზაჯვარედინზე ქვეითთა გადაადგილების უსაფრთხოებისა და კომფორტის უზრუნველყოფაა. აღსანიშნავია, რომ გადასასვლელის მოწყობა არ მოითხოვს შუქნიშნის ფაზების ცვლილებას, რაც იმას ნიშნავს, რომ სატრანსპორტო მოძრაობა არ შეფერხდება და გზაჯვარედინი ფუნქციონირებას არსებული რეჟიმით განაგრძობს. აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს, როგორც ქვეითთა უსაფრთხოების ამაღლების, ისე ურბანული სივრცის განვითარების მიმართულებით.

რა არის სატრანსპორტო რეფორმის მთავარი მიზანი?

გარდა ამისა, დედაქალაქში სატრანსპორტო რეფორმა აქტიურად გრძელდება. პროექტის მთავარი მიზანია — თბილისის მოსახლეობისთვის სწრაფი, კომფორტული, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი საზოგადოებრივი ტრანსპორტის უზრუნველყოფა, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს სატრანსპორტო პრობლემებს და ხელს შეუწყობს ქალაქში გადაადგილების ხარისხის გაუმჯობესებას.

სწორედ ამ მიზნის ფარგლებში, ქალაქს კიდევ 125 ერთეული 18 მეტრიანი თანამედროვე ავტობუსი შეემატება. ამ დროისთვის, მიმდინარეობს შესაბამისი ინფრასტრუქტურის — ახალი ავტობაზის მშენებლობა, რომელიც მიმდინარე წელს დასრულდება და მომსახურებას უზრუნველყოფს ახალი ავტობუსებისთვის.

ახალი ავტობუსები გადანაწილდება ე.წ. TBT დერეფნებზე, რაც 18 მეტრიანი ავტობუსებისთვის სპეციალურად შექმნილ ინფრასტრუქტურას გულისხმობს და იმოძრავებს განსაზღვრულ მარშრუტებზე, რომლებიც გააერთიანებს დედაქალაქის სხვადასხვა უბნებს და მოემსახურება ძირითადად სტრატეგიულ და სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე მიმართულებებს.

რეფორმის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ძირითადი ცვლილებები:

  • ​​საშუალო ტევადობის ავტობუსების ჩანაცვლება დიდი ტევადობის 12-მეტრიანი ავტობუსებით, რაც მგზავრთა გადაყვანის შესაძლებლობებს გაზრდის;
  • ​​გამოთავისუფლებული საშუალო ტევადობის ავტობუსები ჩაანაცვლებენ მიკროავტობუსებს და იმ უბნების მომსახურებას უზრუნველყოფენ, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამჟამად არ ფუნქციონირებს;
  • ​გადამზიდავ მარშრუტებზე ინტერვალები შემცირდება, რაც მგზავრობის დროისა და ტრანსპორტის მოლოდინის შემცირებას გამოიწვევს.
  • მარშრუტების ამოქმედების შემდეგ, შეფასდება გამოთავისუფლებული რესურსები და დამატებით დაიგეგმება პრიორიტეტული მიმართულებები, რათა სატრანსპორტო მომსახურება კიდევ უფრო ეფექტიანი და ქალაქის მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული გახდეს.

„თბილისის სუპერბლოკები“

თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო კიდევ ერთ ინოვაციურ ურბანულ ინიციატივაზე მუშაობს – დედაქალაქში „სუპერბლოკების“ მოდელის დანერგვის მიმართულებით, დასრულდა საპილოტე პროექტის პირველი ეტაპი.

„სუპერბლოკების“ კონცეფცია თბილისში

მოდელი, რომელიც წარმატებით გამოიყენება ბარსელონაში, კოპენჰაგენში და სხვა ევროპულ ქალაქებში, თბილისის ურბანულ ქსოვილში ინერგება პირველად. ის გულისხმობს:

  • ​​ქუჩების მორგებას ქვეითებზე და ველომოძრაობაზე
  • ​ავტომობილების ნაკადების გადამისამართებას
  • ​ეკოლოგიური და სოციალური სივრცეების განვითარებას

პროექტის მიზანი

„სუპერბლოკების“ კონცეფცია მიმართულია სატრანზიტო მოძრაობის შემცირებაზე, ფეხით მოსიარულეთათვის ქუჩების დაბრუნებასა და უფრო უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთა და ადამიანზე ორიენტირებული საცხოვრებელი გარემოს შექმნაზე.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა:

  • ​ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა
  • ​კონცეპტუალური ურბანული დიზაინის მომზადება
  • ​საპილოტე ლოკაციების სივრცობრივი და ეკოლოგიური ანალიზი
  • ​ადგილობრივ და საერთაშორისო დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება
  • ​ბრენდინგი და ვიზუალური იდენტობის შექმნა როგორც მთლიანი პროექტისთვის, ისე ცალკეული ზონებისთვის

პროექტის შემსრულებლები და დაფინანსება:

პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდი“, აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით – საქართველოსა და ბანკს შორის გაფორმებული „საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამის“ ფარგლებში.

კვლევასა და კონცეპტუალური დიზაინის მომზადებაზე მუშაობდა ესპანური საკონსულტაციო გაერთიანება:

  • ​Técnica y Proyectos S.A. (TYPSA) – ლიდერი კომპანია
  • ​​Leku Studio SLP – პარტნიორი წევრი
  • საპილოტე ლოკაციები

კვლევა მოიცავდა სამ მთავარ ზონას, სადაც შემუშავდა „სუპერბლოკის“ კონცეფცია:

  • ​​სოლოლაკის უბანი
  • ​გიორგი ახვლედიანისა და ლეო ქიაჩელის ქუჩების კვეთა
  • ​ლონდონის პარკის მიმდებარე ტერიტორია
  • დასრულებული სამუშაოები

პროექტის პირველ ეტაპზე კონსულტანტებმა განახორციელეს რამდენიმე სამუშაო ვიზიტი თბილისში, ჩატარდა პრეზენტაციები, საჯარო შეხვედრები და განხილვები ადგილობრივ ექსპერტებთან. შეფასდა თითოეული შენობა, გამწვანება და ინფრასტრუქტურული ელემენტი თითოეულ საპილოტე ზონაში.

შემდგომი ეტაპი

პროექტის მეორე ფაზისთვის შეირჩა ლონდონის პარკის არეალი, სადაც უკვე დაწყებულია დეტალური დიზაინის შემუშავება. აღნიშნულზე კვლავ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია მუშაობს.

2025 წლის 17 აპრილიდან დაწყებული სამუშაოები მოიცავს ადგილზე კვლევებს, ვიზიტებს და საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g