LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანდრო ჭიჭინაძე: „ერთი მხრივ, პროკურატურის ბრალდება გაუგებარია, მეორე მხრივ სასაცილოა, მესამე მხრივ, ვერ იპოვიან იმას, რასაც გვედავებიან“

110
ანდრო ჭიჭინაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძისა და სერგეი კუხარჩუკის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.

მიმდინარე სასამართლო პროცესზე სიტყვით ისარგებლა მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ, რომელმაც მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს მადლობა გადაუხადა გადაწყვეტილებისთვის, რომლის მიხედვითაც, დახურული სხდომა კვლავ საჯარო გახადა.

ამასთან, ანდრო ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ პროკურატურის ბრალდება გაუგებარია და ვერ იპოვიან იმას, რასაც მათ ედავებიან.

ანდრო ჭიჭინაძე: „როგორც პოლიციელები დაზიანდნენ აქციაზე, ისე დაზიანდნენ აქციის მონაწილეები და იგივე ლოგიკით ვიღაცას შეუძლია დაგვაბრალოს აქციის მონაწილეების ცემა, პირობითად, რაც ისეთივე ნონსენსი იქნება, რაც ამ შემთხვევაში ბრალდებას აქვს წარმოდგენილი“

„დიდი მადლობა მინდა გითხრათ წინა სხდომაზე რა გადაწყვეტილებაც მიიღეთ, პირველად მაქვს შეგრძნება, რომ მოსამართლე გვისმენს.

მე შემიძლია ვილაპარაკო პროტესტის მოტივაციაზე და როდის დაიწყო ეს პროტესტი. პროტესტი არც 28 ნოემბერს და არც მანამდე არ დაწყებულა, პროტესტი დაიწყო მაშინ, როცა ძალიან პატარა ვიყავი და სანდრო გირგვლიანი მოკლეს, რომელიც ჩვენი ოჯახის ძალიან ახლობელი იყო. ვხედავდი ერთი მხრივ, როგორ იბრძოდნენ ჩემი ოჯახის წევრები და მეორე მხრივ, ვხედავდი იმ შიშს, რომელიც მაშინ არსებობდა. მაშინ დაიბადა პირველი კითხვა, რატომ შეძლება ადამიანის აზრის გამოხატვა საშიში იყოს. ალბათ, ყველას გვახსოვს, რომ არც თუ ისეთი დიდი პროტესტი იყო ისეთ ამბებზე, რაზეც დიდი პროტესტი უნდა ყოფილიყო და როგორიც, მაგალითად, დღეს არის. უბრალოდ გამკვირვებია იმ ადამიანების, ვინც კრიტიკულად არაა განწყობილი მთავრობის, მინისტრების ან ვინმეს მიმართ კი არა, საკუთარი თავის მიმართ, თუ კრიტიკული არ ხარ საკუთარი თავის მიმართ, ეს კონფორმიზმია, რბილად რომ ვთქვათ.

რაც შეეხება 28 ნოემბერს და შემდეგ განვითარებულ დღეებს, ძირითადად, პირველი სკოლის ტერიტორიაზე ვიყავი ჩემს მეგობრებთან ერთად. 29 ნოემბრის გარდა, სულ პირველი სკოლის მიმდებარედ ვიყავი, მათ შორის იყვნენ საქართველოს რაგბის ნაკრების წევრები, ექიმები, მსახიობები. ერთადერთ დღეს, 29 ნოემბერს შევიცვალე ლოკაცია, როცა გავიგე, რომ ოჯახის წევრი ჭიჭინაძის ქუჩაზე, პოლიციასთან ახლოს იყო, სხვათა შორის, არ გამომყვა, იქ დარჩა, მაგრამ ასვლისთანავე შუშის ბოთლი გამოფრინდა და მომხვდა ფეხში.

დავამატებ, რომ იმ პერიოდში ტელევიზიასთან მქონდა ინტერვიუები, სადაც ხაზს ვუსვამდი, რომ პროტესტი ზრდილობიანად და მშვიდობიანად უნდა გამოგვეხატა.

ერთი მხრივ, პროკურატურის ბრალდება გაუგებარია, მეორე მხრივ სასაცილოა, მესამე მხრივ, ვერ იპოვიან იმას, რასაც გედავებიან“, – განაცხადა ანდრო ჭიჭინაძემ სასამართლო პროცესზე.

ანდრო ჭიჭინაძე მოსამართლეს: „თეორიული შესაძლებლობა ხომ გაქვთ, ის გადაწყვეტილება შეცვალოთ, რაც მანამდე მიიღეთ? სავარაუდოდ, გაქვთ. მინდა გთხოვოთ, თუ არ განიხილავთ, მაშინ ეგ მაინც აგვიხნათ, რატომ არ განიხილავთ?!“

ცნობისათვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა. მათ ბრალი წარედგინათ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფოტო სლაიდზე: ინტერპრესნიუსი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g