„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ პროტესტი უმნიშვნელოვანესია და წინააღმდეგობაა გასაწევი, მათ შორის, დედაქალაქის გარდა სხვა ქალაქებშიც.
„დედაქალაქში გენერალური ბრძოლებისთვის ვართ მოსამზადებელი. სიტყვა ბრძოლა ნიშნავს სიტყვა ბრძოლას. ვნახეთ ყველაფერი – ამათთან ასე არ გამოვა,“ – თქვა ხაბეიშვილმა.
ოპოზიციონერის აღნიშნულ განცხადებას პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ეხმაურება და აცხადებს, „როგორც იტყვიან, „ყოველი ხმლის ამღები, ხმლითვე დაეცეს“ – იქნება ძალადობა?! სახელმწიფო იქნება ძალიან ადეკვატური ყველაფრის მიმართ“.
მისი თქმით, როგორც კი ქმედებები სისხლის სამართლის კოდექსის ფარგლებს გასცდება, მათ მიმართ მთელი სიმკაცრით იქნება გამოყენებული სისხლის სამართლის და სხვა სამართლებრივი მექანიზმები.
„ერთი მხრივ, აბსოლუტურად ღიმილისმომგვრელია ამ ე.წ. ფსევდოპოლიტიკოსისგან რაიმე მსგავსი განცხადება. რა წინააღმდეგობის გაწევაზეა საუბარი, არანაირი რეიტინგი ამ პარტიას არ გააჩნია და რადიკალიზმზე არიან აბსოლუტურად გადასული. მეორე მხრივ, ხაბეიშვილი იქნება თუ ვინმე სხვა, ყველას მართებს ძალიან დიდი დაფიქრება. როგორც კი მათი ქმედება გასცდება სისხლის სამართლის კოდექსის ფარგლებს, იქნება დანაშაულებრივი, ამ ქმედების, ამ პირის მიმართ მთელი სიმკაცრით იქნება გამოყენებული სისხლის სამართლის და სხვა სამართლებრივი მექანიზმები. ეს ბუნებრივია, არასასიამოვნოა და მათთვის არასასურველ ვითარებაში აღმოაჩენს მოძალადეებს. ასე რომ, როგორც იტყვიან, „ყოველი ხმლის ამღები, ხმლითვე დაეცეს”. იქნება ძალადობა?! სახელმწიფო იქნება ძალიან ადეკვატური ყველაფრის მიმართ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.