მთავარია, უნგრელმა ხალხმა ხმა მისცა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ენდობა, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, უნგრელ და ქართველ ხალხსა და ხელისუფლებებს შორის ურთიერთობები გაღრმავდეს.
„დამაჯერებლად გაიმარჯვა პეტერ მადიარის ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ტისამ“. უნგრეთის პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობაც კი მოიპოვა. მეორე ადგილზე გავიდა მოქმედი პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური ძალა. სულ სამმა პარტიამ შეძლო და გადალახა საარჩევნო ბარიერი. არჩევნების დროს დაფიქსირდა საზოგადოების გამორჩეულად მაღალი აქტივობა.
საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა, ქართველი ხალხისა და ჩვენი ხელისუფლების სახელით, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ ძალას გამარჯვება მიულოცა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს მეგობარ უნგრეთთან საუკეთესო ურთიერთობა გვქონდეს, რაც წლების განმავლობაში ტრადიციულად მოგვდევს და იმედი გვაქვს, რომ ეს პოლიტიკური ისტებლიშმენტის ცვლილება არ იმოქმედებს იმ გამორჩეულად კარგ ურთიერთობაზე, რომელიც უნგრელ და ქართველ ხალხს შორის არსებობს“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა ვიქტორ ორბანს იმ გამორჩეული მეგობრობისა და მხარდაჭერისთვის, რომელიც მას წლების განმავლობაში საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ ჰქონდა.
„ვულოცავ პეტერ მადიარს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას! მადლობას ვუხდი ვიქტორ ორბანს და მის გუნდს წლების მანძილზე საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და ქართველი ხალხის გამორჩეული, მტკიცე მხარდაჭერისთვის“
ამის შესახებ საქართელოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„ჩვენ რაც დავაფიქსირეთ, არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. მოქალაქეების ძალიან მაღალი აქტივობა იყო, საარჩევნო უბნებთან რიგები იყო. არ იყო არჩევნებისთვის დამახასიათებელი რადიკალიზმი. მთავარია, უნგრელმა ხალხმა თავისი არჩევანი გამოხატა და ხმა მისცა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ენდობა, რომ ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა და უნგრეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა წარმართოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, უნგრელ და ქართველ ხალხსა და ხელისუფლებებს შორის ურთიერთობები გაღრმავდეს. აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ვიქტორ ორბანს იმ გამორჩეული მეგობრობისა და მხარდაჭერისთვის, რომელიც მას წლების განმავლობაში საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ ჰქონდა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
