„აშშ-ის პრეზიდენტის წერილიდან გამომდინარე, როგორც ვხვდებით, ქართულ-ამერიკული ურთიერთობის ნორმალიზების ახალი ეტაპი დაიწყო“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრისადმი აშშ-ის პრეზიდენტის წერილს გამოეხმაურა.
დეპუტატი შეფასებით, ტრამპის ადმინისტრაციისა და საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური გზავნილები თანხვედრაშია ერთმანეთთან.
„შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის და იქ იყო ხაზგასმითი გზავნილები, რომელიც ამოსაკითხია ამ წერილიდან. ის პოლიტიკური გზავნილები, პოლიტიკური ფილოსოფია, რაც ტრამპის ადმინისტრაციას და საქართველოს ხელისუფლებას აქვთ, ძალიან დიდი პროცენტით არის თანხვედრაში ერთმანეთთან, ამის შესახებ გაკეთდა კიდეც განცხადებები საქართველოს ხელისუფლებაში. წერილის მიღმა ვხედავთ სხვა ასევე პოზიტიურ გზავნილებს ურთიერთობების ნორმალიზების თვალსაზრისით, საქართველოს ვიცე-პრემიერი საგარეო საქმეთა მინისტრი ბრძანდება ვაშინგტონში, სადაც ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებებში იღებს მონაწილეობას. ეს ურთიერთობა დელეგაციათა გაცვლით კიდევ ახალ ფაზაში გადადის. ასე რომ, ბუნებრივია, ჩვენი დღევანდელი მოცემულობის შემთხვევაში, ნამდვილად შეერთებული შტატების მხარეს არის პოლიტიკური ურთიერთობის ნორმალიზების ვექტორი. ჩვენ ვართ ღია ურთიერთობისთვის, არაერთხელ განგვიცხადებია და დღესაც ცალსახად ვაცხადებთ, რომ ახალი გზამკვლევით, სუფთა ფურცლიდან მზად ვართ, შეერთებულ შტატებთან ნამდვილი, ჭეშმარიტი ორი ერისთვის ხელშესახები და ურთიერთმისაღები სტრატეგიული პარტნიორობა განვაახლოთ, უფრო სწორად, ახლიდან დავიწყოთ, რადგან ის პარტნიორობა, რომელიც აქამდე არსებობდა, მეტწილად იყო მხოლოდ და მხოლოდ ფურცელზე და მისი რეალიზება რეალურ ცხოვრებაში არ ხდებოდა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
