ათასწლეულის ფონდმა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი მეთერთმეტედ გამოაცხადა.
კონკურსი 2014 წლიდან ხორციელდება და მოზარდებს შესაძლებლობას აძლევს, შეიმუშაონ და წარადგინონ ინოვაციური პროექტები საინჟინრო-საბუნებისმეტყველო (STEM) დარგებში. 13-დან 17 წლამდე მოსწავლეებს შეუძლიათ 2-4 წევრიანი გუნდების ფორმირება და პროექტების წარდგენა შემდეგ კატეგორიებში:
- კოსმოსი და ავიაცია
- კიბერტექნოლოგიები და უსაფრთხოება
- გარემოს დაცვა, ენერგეტიკა და კლიმატის ცვლილება
- ჯანდაცვა და კვება
- გამოყენებითი ტექნოლოგიები და აპლიკაციები (მობილური აპლიკაციები, ფინანსური ტექნოლოგიები, საბანკო აპლიკაციები, ხელოვნური ინტელექტი და ა.შ.)
- რობოტექნიკა
მონაწილეთა ნამუშევრებს სპეციალური ჟიური შეაფასებს, რომელიც პროექტების ინოვაციურობას, განხორციელებადობასა და გავლენის მასშტაბს განიხილავს.
კონკურსის შერჩევითი ეტაპების შედეგად სამი საუკეთესო გუნდი გამოვლინდება:
- პირველი ადგილის მფლობელი გუნდი გაემგზავრება NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტში, აშშ-ში.
- მეორე და მესამე ადგილებზე გასული გუნდები ჩაერთვებიან საერთაშორისო STEM პროექტებში და მიიღებენ პროფესიულ გამოცდილებას.
- ფინალისტ გუნდებს სხვადასხვა სპეციალური ჯილდო გადაეცემათ.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 30 მაისი.
კონკურსის პირობები და განაცხადის ფორმა იხილეთ ბმულზე.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი ხორციელდება ათასწლეულის ფონდის მიერ, აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. კონკურსის ოფიციალური პარტნიორები არიან საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) და ლიბერთი ბანკი.
კონკურსში, დაარსებიდან დღემდე, 3500-მდე მოსწავლეს აქვს მონაწილეობა მიღებული, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან.