LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გახდა ბევრი გაჭირვებული ადამიანის ოჯახის წევრი დანტესი: „ის ბაბუ ცოცხალი აღარ არის, მაგრამ არასოდეს დამავიწყდება მისი გამომეტყველება და სიტყვები, რომლითაც დამარიგა: არც ცოლი მყავს და არც შვილები, ბაბუ, ცოლი მოიყვანე და გამრავლდიო…“

163
დანტესი

ქუთაისელი ფოტოგრაფი დანტესი, იგივე დავით ოქროპილაშვილი, ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი და საყვარელი ადამიანი მის მიერ გაკეთებული კეთილი საქმეების გამო გახდა. მას სიკეთის დესპანს უწოდებენ და როგორც თავად ამბობს, ეცდება, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაუხალისოს ცხოვრება, შემატოს ხალისი და გვერდით დაუდგეს. დავითი ჟურნალ „თბილისელების“ კითხვებს პასუხობს.

– თუ გახსოვს, სულ პირველად ვის დაეხმარე, რომლის ვიდეოც სოციალურ ქსელში დადე და რა გამოხმაურება მოჰყვა?

– პირველი ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში დავდე და რა გამოხმაურებაც მოჰყვა, არასოდეს დამავიწყდება. ერთი ბაბუა აღმოვაჩინე ქუჩაში, ფოტოების გადაღება ვთხოვე და შემდეგ სახლში გაგაცილებ-მეთქი – შევთავაზე. მინდოდა, ჩემს ქალაქზე, ქუთაისზე საინტერესო ამბები მოეყოლა, მის ახალგაზრდობაში რომელი ქუჩები იყო გამორჩეული, ახალგაზრდებზე და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, ის ბაბუ ცოცხალი აღარ არის, მაგრამ არასოდეს დამავიწყდება მისი გამომეტყველება და სიტყვები, რომლითაც დამარიგა: არც ცოლი მყავს და არც შვილები, ბაბუ, ცოლი მოიყვანე და გამრავლდი, მე ცხოვრებამ და სიმარტოვემ დამტანჯა, ყველა ტაფა დავწვი, მავიწყდება ცეცხლზე რომ ვდგამ, დაიმახსოვრე ჩემი ნათქვამი და ცოლი მოიყვანეო. ვეცადე, მხიარული სიუჟეტი ყოფილიყო, მაგრამ სევდიანი გამოვიდა. დავდე სოციალურ ქსელში და უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, მწერდნენ: ქვაბები ვუყიდოთო. დამიკავშირდნენ და მივუტანე ბაბუს ხალხისგან გადმოცემული ქვაბები და გადმორიცხული ფულით ნაყიდი პროდუქტი. აქედან გამიჩნდა სურვილი, გაჭირვებული ადამიანები მომეძებნა, გადამეღო ვიდეოები, დამედო სოციალურ ქსელში და საზოგადოების დახმარებით, მათი ყოფა მცირედით მაინც შემემსუბუქებინა. ნამდვილად არ მეგონა, ნიკო ბაბუს ვიდეოს თუ ასეთი გამოხმაურება ექნებოდა. მთელი კვირის განმავლობაში, ათას ასი ლარი აგროვდა. ეს ასი ათას ლარს უდრიდა, ისეთი მოტივაცია და ენთუზიაზმი გაჩნდა. ნიკო ბაბუს შემდეგ უამრავ ადამიანს დავეხმარეთ, მაგრამ ნიკო ბაბუ არასდროს დამავიწყდება, სულ გამორჩეულად მახსოვს. ისე მესაუბრებოდა, არც კი ჰქონდა გააზრებული და გაფიქრებული, ამას იმიტომ ვიტყვი, დამეხმარონო. უბრალოდ, დამარიგა: მოიყვანე, შვილო, ცოლი, ჩემსავით „კასრულები“ რომ არ დაგეწვასო. 29 წლის ვარ და ნიკო ბაბუს შეგონება სულ მახსოვს, თუმცა, ვერ ავასრულე, პირადისთვის ჯერ არ მცალია (იცინის). აუცილებლად მოვიყვან ცოლს, მაგრამ ჯერ არ შემხვედრია ისეთი გოგო, ოჯახის შექმნაზე დავფიქრებულიყავი. მოკლედ, ნიკო ბაბუ იყო პირველი და ახლა, როცა ვინმეს დახმარება სჭირდება და ვიდეოს ვდებ, უამრავი ადამიანი მეხმაურება. ახლახან, აღმოვაჩინე ოჯახი, რომლსაც ძალიან უჭირდა და პროდუქტებით დავეხმარეთ. იქ მისულებმა აღმოვაჩინეთ, რომ ოჯახის თავკაცს, რომელსაც ინსულტი ჰქონდა გადატანილი და ცალი ფეხი მოკვეთილი, გადასაადგილებლად ეტლი ესაჭიროებოდა. ვიდეო დავდე თუ არა, შვიდი ადამიანი შემეხმიანა და გამოთქვა სურვილი, ეჩუქრებინა ეტლი, სამზარეულოს აქსესუარები, ეყიდა მაცივარი და ასე შემდეგ. აქ მხოლოდ თანხაზე არაა საუბარი. ადამიანებს სურვილი აქვთ, დაეხმარონ სხვას და უკვე დასწრებაზეა სიკეთის კეთება. ვისაც რითი შეუძლია, იმით ეხმარება სრულიად უცნობ ოჯახებს და ადამიანებს. ასე რომ, ამ ადამიანს ეტლი უკვე აქვს, მივუტანეთ, მაცივარიც, დავდგით სახლში და ოჯახი ძალიან ბედნიერია.

– მთელი საქართველო ვგულშემატკივრობდით მარიამს, რომლის ცხოვრებაც მართლა რამდენიმე საათში შეიცვალა და ის, რომ, ეს გოგონა სარკეში ჩახედვის დროს ბედნიერია, შენი უდიდესი დამსახურებაა. იმდენი ადამიანი გლოცავდა სოციალურ ქსელში, ალბათ, ეს მათგან წამოსული მადლი და სითბო მთელი ცხოვრება გაგყვება და გეყოფა.

– ბევრი საქმე გამიკეთებია, მათ შორის მნიშვნელოვანიც, მაგრამ მარიამი სულ სხვა გამონაკლისი იყო. პირველივე წუთიდან, როცა ის გავიცანი, მივხვდი, ამ გოგონასთვის ცხოვრება აუცილებლად უნდა შემეცვალა. მართლაც სასწაული მოხდა, მთელი საქართველო ლოცულობდა მარიამის კარგად ყოფნაზე და ეს ლოცვა ნამდვილად წაადგა. ყოველგვარი გართულების გარეშე ჩატარდა მარიამის ოპერაცია. ბედნიერი ვარ, რომ ეს გოგო აღმოვაჩინე და ღმერთის მადლიერი ვარ, რომ შევძელი დახმარება. და, იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებული მომავალი ელის. როცა ვიცი, ადამიანს უჭირს, მთელი ღამე მეფიქრება, ვცდილობ, გზები გამოვნახო დასახმარებლად. თავიდან უფრო ემოციურად ვიყავი, ახლა, ემოციურობასთან ერთად, მობილიზებულიც ვარ. ეს ჩემს ვალდებულებად იქცა, ერთს რომ ვეხმარები, იქვე მეორე გაჭირვებული ადამიანი ჩნდება და რომ გავიფიქრო, ეს რა მაგარი რამე გავაკეთე-მეთქი, ამის დროც კი არ მრჩება, თვითკმაყოფილებისთვის ვერც კი ვიცლი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g