LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინფლუენსერი, რომელმაც 80 კილოგრამი დაიკლო – იაკო ჭალაგანიძე: „9-თვიანი დიეტის მერე პლასტიკური ოპერაციები დამჭირდა… ჩემს თავს ოცნების საშუალებასაც არ ვაძლევდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ უნდა იოცნებოთ…“

400
იაკო ჭალაგანიძე

ინფლუენსერი იაკო ჭალაგანიძე, რომელმაც რამდენიმე წლის წინ ერთი გადაწყვეტილებით თავისი ცხოვრება მთლიანად ამოაყირავა და 80 კილოგრამის დაკლებისა და ვიზუალური აშკარა ცვლილების შემდეგ, გამომწერებსაც უწევს დახმარებას ამ მიმართულებით, თუმცა იაკო ამბობს, რომ ექიმი არ არის და მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ გამოცდილებას უზიარებს მსურველებს, რომელთაგან ბევრმა უკვე სასურველ შედეგს მიაღწია.

იაკო ჭალაგანიძემ ახლახან ქორწინების იუბილე და დაბადების დღე გრანდიოზული წვეულებით აღნიშნა. საუბარი სწორედ ამ ამბით დავიწყეთ.

გამოვიდა ის, რაც ჩაიფიქრეთ?

ძალიან სპონტანურად დაიგეგმა. მოდიოდა ჩემი დაბადების დღე, რომელიც ძალიან მიყვარს და ვცდილობ, რომ ყოველ წელს მასშტაბურ დღესასწაულზე ყველა ჩემმა ახლობელმა ადამიანმა მოიყაროს თავი. ძალიან შემთხვევით გამახსენდა, რომ წელს ჩემი და ჩემი მეუღლის ქორწინების 15 წლის იუბილეც ემთხვეოდა. დაბადების დღეზე ვფიქრობდი, როცა ეს გამახსენდა და გადავწყვიტე, რომ აუცილებლად უნდა მომეწყო ეს დღესასწაული. ზუსტად 15 წუთში გადავწყვიტე ეს ამბავი. დავრეკე ჩემს მეგობრებთან და ვუთხარი, რომ წელს დიდ დაბადების დღეს ვიხდიდი.

პომპეზური გამოვიდა, ფოტოსესიით, კაბით და ა.შ. თქვენი სამეგობრო კმაყოფილი დარჩებოდა…

დღემდე არ წყდება ზარები. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მათი შეფასებები მაბედნიერებს.

თქვენი მეუღლეც თქვენი ჭკუისაა? უყვარს მხიარულება?

უყვარს, მაგრამ ერთმანეთს ვაბალანსებთ, მე ვარ უფრო აქტიური, ჩემი მეორე ნახევარი კი დინჯია, ასჯერ აწონის, გაიაზრებს და მერე მიიღებს გადაწყვეტილებას. ყველაფერი უყვარს დაგეგმილი. უკვე ყველა დაპატიჟებული მყავდა, როცა მეუღლეს დავურეკე და ვუთხარი, რომ ქორწინების 15 წლის იუბილეს გადახდა გადავწყვიტე. დამეთანხმა (იცინის) და ყველაფერი მე მომანდო.

როგორი იყო ეს 15-წლიანი პერიოდი? როგორც მივხვდი, ადრეულ ასაკში დაქორწინდით. საინტერესოა, როგორ შეინარჩუნეთ ოჯახი?

ხომ არიან წყვილები, ვინც შეინარჩუნა ოჯახი, მაგრამ რომ ჰკითხო, დაგისახელებენ პერიოდებს, როცა ოჯახი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, ჩვენ ასეთი ეპიზოდები არ გვქონია. მე და ჩემი მეუღლე ძალიან ღრმა ბავშვობიდან ვიცნობთ ერთმანეთს, ერთად გავიზარდეთ, თინეიჯერობის პერიოდიც ერთად გავატარეთ, მოკლედ, მთელი ცხოვრება ერთად მოვდივართ. დანგრევის პირას ჩვენი ურთიერთობა არასდროს ყოფილა, მაგრამ როგორც ყველგან, არის კონფლიქტები და კამათი, თუმცა იქვე მთავრდება.

ალბათ, მეუღლის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იქნებოდა მაშინ, როცა რამდენიმე წლის წინ მიიღეთ გადაწყვეტილება და 80 კილოგრამის დაკლება გადაწყვიტეთ…

მაშინაც ასე იყო – გათენდა დღე და უცებ გადავწყვიტე, დღეიდან დიეტაზე ვარ-მეთქი. ეს გაგრძელდა 9 თვე. მეუღლე ყველაფერში ხელს მიწყობდა. დიეტის დაწყებას თან ახლავს სისუსტე, გინდა მოსვენებული მდგომარეობა… დიეტის მერე იყო პლასტიკური ოპერაციები, როცა ასევე გავიღვიძე და ვთქვი, რომ ჩაწერილი ვარ ოპერაციაზე (იცინის). მეუღლემ იცოდა, რომ აზრი არ ჰქონდა არაფრის თქმას (იღიმის). მე ხომ ვარ იმპულსური, უცებ ვიტყვი, ამას ვაკეთებ და იმას ვაკეთებ-მეთქი. მერე დამისვამს, განვიხილავთ ერთად და მივდივართ დასკვნამდე…

ოპერაციული ჩარევა დაგჭირდათ?

ოპერაცია არ დამჭირვებია, დავიკელი 18-საათიანი დიეტით, შევისწავლე ჩემი თავი, ვიცი, როდის რა უნდა მივიღო, თუ ჯანსაღ კვებას დავარღვევ, ვიცი, მერე რამდენი დღე უნდა ვიყო განტვირთვაზე. უკვე ექვსი წელია, ასე გრძელდება.

აღნიშნეთ, რომ დიეტის და დაკლების შემდეგ პლასტიკური ოპერაციები დაგჭირდათ. ეს ყველა შემთხვევაში ასეა ხოლმე, რა გამოცდილება გაქვთ ამ მხრივ?

ეს ყველა შემთხვევაში გარდაუვალია. სულ რომ 10 კილო დაიკლო და მეტი წონა არ გქონდეს ზედმეტი და ორი შვილი გყავს გაჩენილი, მინიმუმ მუცელი მაინც გექნება ადამიანს დაკარგული. ამ ფორმაში ვარ კოტე სულამანიძის დამსახურებით და ვეუბნები, ჩემი მეორე მამა ხარ-მეთქი. რა თქმა უნდა, ამდენი კილოგრამის დაკარგვის შემდეგ ზედმეტი კანი მქონდა და დამჭირდა პლასტიკური ოპერაცია, ორი – ორ ოპერაციაში გავიკეთე სამი ლოკაცია. ერთი ოპერაციით, რომელიც 6 საათს გაგრძელდა, გავიკეთე აბდომინოპლასტიკა და მკერდის კორექცია, ხოლო შემდეგ გავიკეთე მკლავებზე ოპერაცია.

ახლა ჯანსაღ კვებას იცავთ?

სულ ვარ შენარჩუნების პროცესში, წონას სულ ვებრძვი. ვართ ადამიანები და არა რობოტები, მაქვს ხოლმე დარღვევის პერიოდები, როცა 3-4 კილოგრამს ვიმატებ, მერე კი რა თქმა უნდა, ისევ თავიდან ვიწყებ, 4 კილოზე იქით აღარ ვუშვებ ჩემს წონას, რომ არ გამექცეს და ფორმები არ დამერღვეს.

ვიცი, რომ გამომწერებს უზიარებთ თქვენს გამოცდილებას…

ეს ხდება „ტიკ-ტოკსა“ და „ინსტაგრამზე“. ვიდეოს რომ ვდებ, ვწერ ხოლმე, თუ რამეს ვერ გაიგებენ, მერე შეუძლიათ პირადში მომმართონ. ყველას ვაფრთხილებ, რომ მხოლოდ ჩემს გამოცდილებას ვუზიარებ და არ ვპასუხობ ზედმეტ კითხვებზე, მაგალითად, შეიძლება თუ არა, იგივე გზა გაიაროს მოზარდმა ან ლაქტაციის პერიოდში მყოფმა ქალბატონმა. დანარჩენ შემთხვევებში უნდა მიმართონ ენდოკრინოლოგს, მე ამ პროფესიის წარმომადგენელი არ ვარ, თუმცა ბევრმა ქალბატონმა დაიკლო ჩემი რჩევებით და ეს არ არის 2-3 კილო, არამედ 40-45 კილო. ძალიან ბევრი ბედნიერი ადამიანია ჩემ გარშემო.

თქვენი ერთი გადაწყვეტილებით არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სხვების ცხოვრებაც შეგიცვლიათ. ალბათ, ძალიან კმაყოფილი ხართ, რომ ერთ დღეს გაიღვიძეთ და ეს გადაწყვეტილება მიიღეთ…

ძალიან კმაყოფილი ვარ… ვინც დაიკლო, ყველა გახდა ამ სფეროს „პროფესიონალი“, იღებენ ფულს თავისი გამოცდილების გაზიარებაში, რაზეც მე კატეგორიულ უარს ვამბობ. ჩემი გამოცდილების გაზიარება უფასოა, რიგითი ადამიანებისგან, ვისაც დახმარება სჭირდება, მათგან თანხას არ ვიღებ. ეს დაუჯერებელი ჰგონიათ, მაგრამ ნამდვილად ასეა.

ჩემს ცხოვრებაში შევასრულე დიდი მიზანი, ის, რაც ჩემთვის წარმოუდგენელი იყო. ჩემს თავს არ ვაძლევდი ოცნების საშუალებასაც კი, იმიტომ, რომ ვიცოდი, რომ ეს ასე ვერ მოხდებოდა. აღმოჩნდა, რომ უნდა ვიოცნებოთ ყველაფერზე, თუ გვინდა, რომ გამოგვივიდეს.

magti 5g