LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის წარმომადგენლის ინტერპოლის ხელმძღვანელად არჩევა “მელას საქათმეში შეშვება” იქნება – სენატორები დონალდ ტრამპს

trampi

ამერიკელი სენატორების ჯგუფმა აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ღია წერილით მიმართა, გავლენა მოახდინოს ინტერპოლის გენერალურ ასამბლეაზე, რათა რუსეთის წარმომადგენელი ალექსანდრე პროკოპჩუკი ორგანიზაციის ახალი პრეზიდენტი არ გახდეს.

ღია წერილს ხელს აწერენ სენატორები: ჯენ შაჰინი, მარკო რუბიო, როჯერ უიკერი, კრის კუნსი.

„გენერალ-მაიორ ალექსანდრე პროკოპჩუკის ინტერპოლის ახალ ხელმძღვანელად არჩევა იგივეა, რაც მელას საქათმეში შეშვება. რუსეთი მუდმივად ბოროტად იყენებს ინტერპოლს, რათა პოლიტიკური მოწინააღმდეგეების, დისიდენტებისა და ჟურნალისტების დევნა განახორციელოს. ალექსანდრე პროკოპჩუკი პირადად იყო ჩართული დაშინების სტრატეგიაში, რომელიც მიმართული იყო დემოკრატიული ინსტიტუტების შესუსტებაზე და ვლადიმერ პუტინის ავტორიტარული რეჟიმის გაძლიერებაზე,“ – ნათქვამია ამერიკელი სენატორების ღია წერილში.

ამერიკელი სენატორების ჯგუფი აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას მოუწოდებს, თავისი გავლენა გამოიყენოს, რათა „ინტერპოლი პუტინის მიერ გამოყენებულ არ იქნას თავისი მიზნებისათვის“.

ინტერპოლის ვიცე-პრეზიდენტი, რუსი ალექსანდრე პროკოპჩუკი ინტერპოლის პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატად სახელდება. ალექსანდრე პროკოპჩუკი 2011 წლიდან რუსეთის შს სამინისტროს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს ხელმძღვანელია, ხოლო 2016 წლიდან ინტერპოლის ვიცე-პრეზიდენტია.

მისი კონკურენტი აღნიშნულ პოსტზე ინტერპოლის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, სამხრეთ კორეელი კიმ ჩენ იანგი იქნება. ორგანიზაციის პრეზიდენტის არჩევნები ოთხშაბათს გაიმართება.

ინტერპოლის ყოფილი პრეზიდენტი, ჩინელი მენ ჰუნვეი 29 სექტემბერს საფრანგეთიდან ჩინეთში გაემგზავრა, რის შემდეგაც გაუჩინარდა. მოგვიანებით ოფიციალურმა პეკინმა დაადასტურა, რომ ინტერპოლის პრეზიდენტი დაკავებულია და მას ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ. იმავე დღეს ინტერპოლმა მენ ჰუნვეი თანამდებობიდან მისივე თხოვნის საფუძველზე გაათავისუფლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g