“ჩვენ წარვადგინეთ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი, რასაც ოპოზიციის მხრიდან არაადეკვატური გამოხმაურება მოჰყვა, მესმის ეს არავის გვიკვირს, ჩვენ მიჩვეულები ვართ ამ ყველაფერს,”- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, თბილისის ბიუჯეტი 871 მილიონ ლარს შეადგენს და მასში შედის ცენტრალური ბიუჯეტის ტრანსფერის კომპონენტიც. მისივე თქმით, წელს ბიუჯეტი 50 მილიონი ლარით არის გაზრდილი.
“აქვე ვაძლევ მოსახლეობას პირობას, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ იმაზე მეტი იყოს ბიუჯეტი ვიდრე მიმდინარე წლის დაზუსტებული ბიუჯეტია,”- აღნიშნავს კალაძე.
კალაძის თქმით, 2019 წელს თბილისის მთავრობა ინფრასტრუქტურული მიმართულებით 340 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს. მისივე თქმით, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით ხარჯები იზრდება 21 მილიონი ლარით და მთლიანობაში 327 მილიონი იქნება. ამ თანხაში, როგორც კალაძე ამბობს, 11 ახალი საბავშვო ბაღის დასრულებისთვის განკუთვნილი თანხებიც შედის.
“ასევე მნიშვნელოვნად იზრდება ეკოლოგიური ხარჯები. გამწვანების მიმართულებით არსებულ ბიუჯეტს დამატებით5 მილიონი ემატება. ასევე ვგეგმავთ სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას, რომელსაც დრო და დრო მოგაწვდით.
მინდა ვუთხრა ოპოზიციას, დამშვიდდნენ, ნუ ნერვიულობენ, ყველაფერი მიდის დაგეგმილად და მომავალი წლის ბიუჯეტი კიდევ უფრო გაზრდილი იქნება,”- განაცხადა კახა კალაძემ.
ინფრასტრუქტურული მიმართულებით დაგეგმილ სამუშაობეზე გააკეთა განცხადება თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა. მისი განცხადებით დღეს სამუშაოები სოფელ დიღომში იწყება, სადაც მოსახლეობისთვის ურთულესი პრობლემა წყალარინების ქსელის არ არსებობაა.
„ეს არის ჯამში 22 მილიონიანი პროექტი, რომელიც 4 ეტაპისგან შედგება და დაახლოებით 2 წელიწადში უნდა დასრულდეს. თუმცა დღეს ჩვენ ვიწყებთ ამ პროექტის პირველ ეტაპს, მისი ღირებულება დაახლოებთ 3 მილიონამდეა. მომდევნო წლის განმავლობაში ეს პროექტი მთლიანად განხორციელდება და ჯამში 16 კილომეტრამდე ქსელი მოეწყობა“,- განაცხადა ბენდელიანმა.