LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სექტემბერში, მილანში, ბრენდის „TAMOSKIN“ პირველი საერთაშორისო მაღაზია გაიხსნება

1743
თამო ვაშალომიძე

თანამედროვე ადამიანი თავისა და კანის მოვლის საშუალებებს მხოლოდ ესთეტიკური საჭიროებისთვის აღარ ირჩევს – ეს საშუალებები ცხოვრების სტილისა და პირადი ჯანმრთელობის ნაწილად იქცნენ. ბრენდი „TAMOSKIN“, სწორედ ამ მოთხოვნებზე საპასუხოდ, მომხმარებელს ბუნებრივ ინგრედიენტებსა და ინოვაციურ ფორმულებზე დაფუძნებულ ხარისხიან, უსაფრთხო და ეფექტურ პროდუქტებს სთავაზობს. „TAMOSKIN“-ის თავისა და კანის მოვლის საშუალებები არა მხოლოდ ყოველდღიურ რუტინას ამდიდრებს, თავდაჯერებულობის ზრდასაც ესწრაფვის – ბრენდის სლოგანია „შექმენი შენი თავის საუკეთესო ვერსია“.

თამო ვაშალომიძე, ბრენდის „TAMOSKIN“ დამფუძნებელი:

– ცოტა ხნის წინ „TAMOSKIN“ და მისი შვილობილი კომპანია „TAMO COSMETICS“ საქსტატში ოფიციალურად დავაპატენტეთ. სახელის დაცვა ყველა ეტაპზე მნიშვნელოვანია, მაგრამ განსაკუთრებით მაშინ, როცა საქართველოს ფარგლებს გინდა გაცდე და საერთაშორისო ბრენდად იქცე. ყოველგვარი ქედმაღლობის გარეშე ვამბობ, ვინც „TAMOSKIN“-ის პროდუქციის გამოყენებას დაიწყებს, ნამდვილად იგრძნობს შედეგს, რადგან კანის მოვლის ჩვენი პროდუქცია განსხვავდება სხვა ბრენდებისგან შემადგენლობით, სტრუქტურით, ჰიპოალერგიულია, არ იტესტება ცხოველებზე, არ შეიცავს პარფიუმს, რადგან მე თავად ძალიან ალერგიული ვარ. ჩვენი პროდუქცია იწარმოება ევროპაში და ვცდილობ, ყველა ოჯახში მოხვდეს „TAMOSKIN“-ი, ჩვენი ყველა პროდუქტი ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი. ვფიქრობ, იმ გზას, რომელსაც მე და ჩემი გუნდი თავდაუზოგავი შრომით მივუყვებით, აუცილებლად მიგვიყვანს იმ შედეგამდე, რომელიც ჩაფიქრებული მაქვს.

– რატომ დაადექით ამ გზას, როგორ დაიწყეთ ეს საქმე?

– იქიდან გამომდინარე, რომ ყოველთვის ტანს უფრო ვუვლიდი, ვიდრე სახის კანს, პირველი კრემი სტრიების საწინააღმდეგოდ შევქმენი, ორსულობის დროს. ჩემი მეუღლე სამედიცინო სფეროში მუშაობს, ბევრს მოგზაურობს, ბევრ კომპანიასთან უწევს ურთიერთობა და ასე დამაკავშირა ერთ-ერთ ქარხანას პოლონეთში (სხვათა შორის, ამ ქარხანაში დღემდე ვაწარმოებ ჩემს პირველ სამ პროდუქტს). ქარხნის მიერ გამოგზავნილი რამდენიმე ნიმუში, თავდაპირველად, საკუთარ თავზე გამოვცადე და როცა ვნახე, რომ სტრიები შემიმცირდა, აღნიშნული პროდუქტის მასობრივ წარმოებაზე, ბრენდირებაზე, ფორმულის დაპატენტებაზე დავფიქრდი. სხვათა შორის, პირველი 100 კრემის რეალიზაციას 6 თვე მაინც დასჭირდა, თუმცა როგორც კი მომხმარებელმა კმაყოფილების საჯაროდ გამოხატვა დაიწყო, გაყიდვებიც გაუმჯობესდა. შემდეგ უკვე პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდა გადავწყვიტე, ისევ და ისევ იმ პრობლემებიდან გამომდინარე, რომელთა წინაშეც თავად ვიდექი – ცელულიტთან ერთად, ეს იყო აკნე და პიგმენტური ლაქები ინტენსიურად გარუჯვის გამო.

ამ ეტაპზე ბრენდი „TAMOSKIN“ საქართველოში 7 სტენდითაა წარმოდგენილი (თბილისში, რუსთავში, გორში, ქუთაისში, ბათუმში), მე-8 სტენდს 10 ივლისს თელავში ვხსნით. ჩვენს სტენდებზე ხშირად ვატარებთ გამოკითხვას და ირკვევა, რომ ჩვენი დერმატოლოგიური ხაზი სარგებლობს განსაკუთრებული პოპულარობით, ასევე შრატები – ყველას უნდა, რომ სახის კანი ჰქონდეს გადაკრიალებული. ჩემი მიზანიც ესაა, რომ ყველა ის პროდუქტი, რომლებსაც რუტინებისთვის გთავაზობთ, იყოს ეფექტური, მთავარი მათი სწორად გამოყენებაა. აქვე მადლობას გადავუხდი ჩემს თანამშრომლებს, რომლებიც მომხმარებლებს ყოველთვის სათანადო კონსულტაციას უწევენ. იქიდან გამომდინარე, რომ ბევრ სფეროში მიმუშავია, ვყოფილვარ მიმტანიც, ვაძლევ თავს იმის თქმის უფლებას, რომ მომხმარებელი ყოველთვის მართალი არ არის. რა თქმა უნდა, მომხმარებლის შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ როდესაც უკმაყოფილებას ვაწყდებით, არავის ვაძლევ ჩემი კონსულტანტების გაკიცხვის უფლებას, ვცდილობთ, დიპლომატიურად და მშვიდად ვეძებოთ ხოლმე პრობლემის გადაჭრის გზა.

– თელავში ახალი მაღაზიის გახსნა ახსენეთ და როგორც ვიცი, პირველი საერთაშორისო მაღაზიის გახსნისთვისაც ემზადებით.

– დიახ, მიმდინარე წლის სექტემბერში, მილანში, გავხსნით ჩვენს პირველ მაღაზიას საქართველოს ფარგლებს გარეთ და აქვე აღვნიშნავ, რომ რომელ უცხო ქვეყანაშიც უნდა გაიხსნას ჩვენი ბრენდის სტენდი, კონსულტანტებად ყველგან ქართველი ემიგრანტები მეყოლებიან დასაქმებულები. გაგიმხელთ იმასაც, რომ სექტემბერშივე „TAMOSKIN“ ერთ-ერთი მაღალი დონის ღონისძიების სპონსორი იქნება. დეტალებს აგვისტოში შეგატყობინებთ.

– ამ ზაფხულს რაიმე სიახლეს თუ უმზადებთ მომხმარებელს?

– იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან პრეტენზიული ადამიანი ვარ, დიდხანს მოვუნდი მზისგან დამცავი საშუალებების ფართო ასორტიმენტისთვის შესაფერისი კონტეინერების შერჩევას, ამიტომაც მიმდინარე ზაფხულს ამ ხაზის წარდგენისგან თავი შევიკავე. თუმცა სექტემბერში წარვადგენთ რეტინოლის ხაზს სამნაირი პროდუქტით, ყველა პროცენტულობით. ცხადია, იქამდე მომხმარებელს სათანადო ინფორმაციას მივაწვდით მათი სწორად და დიდი სიფრთხილით გამოყენების თაობაზე.

– თამო, თქვენს საქმიანობაში წარმატებისთვის რა აღმოჩნდა მთავარი?

– სიყვარული – საქმისაც და ყველა იმ პროდუქტისაც, რომელსაც ვაწარმოებთ. ჩემთვის ეს არ არის უბრალოდ ფულის შემომტანი ბიზნესი, საკუთარი ორი შვილივით მიყვარს ეს საქმე, მთელ სულსა და გულს ვდებ მასში, ღამეებს ვათენებ, რომ ვნახო, რა პროდუქტები იქმნება მსოფლიო ბაზარზე, სილამაზის და კანის მოვლის ინდუსტრიაში, რათა ვიყო განსხვავებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g