LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს იმდენად მძიმედ ასაწევი ტვირთი იყო, რომ დიდხანს დავტრიალებდით ბიჭები ამ საოცარ ოპერას… ძალიან გვინდოდა, რომ ყველაფერი გემოვნებით ყოფილიყო“ – „შვიდკაცა“ პრემიერით „არ დაიდარდოში“

129
ანსამბლი-შვიდკაცა

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ ანსამბლი „შვიდკაცა“ სტუმრობდა. ანსამბლმა მსმენელს ორი ახალი ნამუშევარი, პოპური კინოფილმიდან „ქეთო და კოტე“ და სიმღერა „ქუთაისი“ წარუდგინა.

მოგვიყევით სიმღერაზე „ქუთაისი“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.

ეს არის ჯანსუღ კახიძის სიმღერა. მან ეს სიმღერა პირველად 1996 წელს შეასრულა, ოღონდ ამ სიმღერას ასეთი სახე არ ჰქონდა, ერთი სტროფი იყო. სიმღერა გალაკტიონ ტაბიძის ლექსზე არის შექმნილი. ახლა, ტექსტს მეორე სტროფი მიება და სრულყოფილი სახე მიეცა. არანჟირება რომა გიორგაძეს ეკუთვნის, ნამუშევარი მისსავე სტუდიაში ჩაიწერა. სიმღერა ეძღვნება ქუთაისს და ყველა ქუთაისის მოყვარულს.

რადგან ასეთი ლამაზი სიმღერა შექმენით ქუთაისზე, ახლო მომავალში, ქუთაისში კონცერტის გამართვას ხომ არ გეგმავთ ან უკვე თუ გაჟღერდა ეს სიმღერა ქუთაისში?

ჩვენ საკმაოდ ხშირად გვიწევს ქუთაისში კონცერტების ჩატარება.

ეს სიმღერა უკვე გაჟღერდა ქუთაისში, ორი დღის წინ გვქონდა საღამო.

ახლა, თქვენს ახალ პოპურზე ვისაუბროთ.

ეს არის სიმღერათა კოლაჟი კინოფილმიდან „ქეთო და კოტე“. ეს იმდენად მძიმედ ასაწევი ტვირთი იყო, რომ დიდხანს დავტრიალებდით ბიჭები ამ საოცარ ოპერას და საოცარ ფილმს, ძალიან გვინდოდა, რომ ყველაფერი გემოვნებით ყოფილიყო.

ბიჭები სულ ვამჩნევთ, რომ ჩვენს სიმღერებს მომავალი თაობები მღერიან და რაღაც ერთგვარი ხიდისავით გამოვედით, რომ ძველი, მივიწყებული სიმღერები ბავშვების ყურამდე მივიტანოთ და კარგად, ახლებურად ავაჟღეროთ.

ყველას ახსოვს, ყველას აქვს ტვინში ჩაბეჭდილი ის ძველი ფილმი „ქეთო და კოტე“, თუ როგორ ასრულებდნენ სიმღერებს და საერთოდ, როგორ ხასიათში იყო მთელი ფილმი გადაღებული. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, მაშინ სხვა დრო რომ ყოფილიყო, ეს ფილმი აუცილებლად ოსკაროსანი გახდებოდა. როცა ასეთი ბექგრაუნდი გააჩნია ნაწარმოებს, ცოტა ძნელია, შეეჭიდო და გააკეთო, ძალიან სახიფათოა.

ვერსიის და არანჟირების ავტორი ნიკოლოზ რაჭველი გახლავთ. ეს სიმღერა პირველად 2024 წლის 10 ოქტომბერს გაჟღერდა ჩვენს კონცერტზე, იქ ვიმღერეთ ცოცხლად და შემდეგ, ეს ერთი წელი უკვე ჩაწერას მოვანდომეთ. ჩაიწერა ორკესტრი, არანჟირება სრულად ცოცხალი ინსტრუმენტების თანხლებით გაკეთდა,  ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით.

ამ პოპურს ორი ავტორი ჰყავს, მოგეხსენებათ, ოპერა ვიქტორ დოლიძის არის, მაგრამ როდესაც ფილმი გამოვიდა, მუსიკალური ხელმძღვანელობა არჩილ კერესელიძეს დაეკისრა და მან თავის მხრივ, მიამატა კიდევ ერთი საოცარი თემა, რომლითაც ჩვენი პოპური მთავრდება. ვფიქრობთ, კარგი ნამუშევარია.

შვიდკაცა – ქუთაისი

შვიდკაცა – პოპური კინოფილმიდან “ქეთო და კოტე”

გადაცემის აუდიოჩანაწერი

შვიდკაცა. “პრემიერა თაკოსთან”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები