ადამიანური რესურსების მართვის სფერო საქართველოში ახალ ეტაპზე გადავიდა, როდესაც 2015 წელს HR hub-ი დაფუძნდა. ის წარმოადგენს HR მენეჯერების უმსხვილეს გაერთიანებას, რომლის მიზანიცაა შექმნას ახალი შესაძლებლობები HR სფეროს განვითარებისა და წარმატებისთვის.
ანა ნავდარაშვილი, HR Hub-ის დამფუძნებელი და დირექტორი:
– ჩვენ პირველები ვიყავით ბაზარზე, ვინც მსგავსი პროექტი განახორციელა. HR Hub-ში გაერთიანებულნი არიან როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის HR მენეჯერები. ჩვენი პორტფელი მოიცავს:
– როგორ დაიბადა HR Hub-ის დაფუძნების იდეა?
– HR Hub-ის დაფუძნებამდე მეც და ჩემი პარტნიორი ანა გზირიშვილიც სრულიად სხვა სფეროში ვსაქმიანობდით. ჩვენ უნივერსიტეტში ერთ კურსზე ვსწავლობდით და როდესაც სტარტაპის შექმნის სურვილი გამიჩნდა, ანას გავუზიარე, რადგან იგი ყოველთვის საინტერესოდ აკეთებდა დავალებებს, პრეზენტაციებს. პირველი ჩვენი ბიზნეს სტარტაპი იყო სტუდენტური დასაქმების პორტალი. ეს ვებგვერდი მინიმალური კაპიტალით შევქმენით. ზუსტად ამ პროექტზე მუშაობისას გაჩნდა იდეა, რომ HR Hub-ი შეგვექმნა, რომელმაც შემდგომ, ფაქტობრივად, შეცვალა კლიმატი ამ სფეროში.

– ალღოს დამსახურებაა ამ სფეროს განვითარების პოტენციალის დანახვა?
– დიახ, ჩემი აზრით, ძალიან სწორი მიგნება იყო იმ დროს, იმ რეალობაში. რაც მთავარია, არ შეგვეშინდა ამ იდეის და მას შემდეგ ყველას ვურჩევთ, რომ როდესაც ნულიდან იწყებენ სტარტაპს, არ შეშინდნენ და ძალიან ბევრი იშრომონ. რაც მთავარია, ყველაზე მნიშვნელოვანი არის გუნდურობა.
– თუ ბაზრის ტენდენციების მუდმივ ცვალებადობას გავითვალისწინებთ, რა გამოწვევები არსებობს დღეს თქვენი სფეროს წინაშე?
– ამ სფეროში გამოწვევები ყოველწლიურად იზრდება როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში. უახლესი გამოწვევა ხელოვნური ინტელექტის შემოჭრაა სამუშაო სივრცეში. ყველა კომპანიას უწევს, ფეხი აუწყოს თანამედროვე ტექნოლოგიებს, რათა უფრო ადაპტირდეს მსოფლიო ტენდენციებთან.
– HR სკოლა ახსენეთ, როგორია ინტერესი HR სფეროს მიმართ?
– 10 წლის წინ, ამ სფეროში რომ შემოვაბიჯეთ, დაახლოებით, 20 HR პროფესიონალი თუ არსებობდა ბაზარზე, დღეს კი ეს მაჩვენებელი გაზრდილია, მარტო HR Hub-ი 2000-ზე მეტ სპეციალისტს აერთიანებს. ძალიან არის გაზრდილი დაინტერესება ამ პროფესიისადმი, მის მიმართ გაზრდილია აღიარება თავად კომპანიის მენეჯმენტის მხრიდან, რადგან HR მენეჯერი არის გადაწყვეტილების მიმღები ერთ-ერთი მთავარი პირი, შესაბამისად, გაზრდილია მისი სახელფასო ანაზღაურებაც. გვიხარია, რომ ჩვენც გარკვეული წვლილი მიგვიძღვის, ამ პროფესიის ცნობადობის გაზრდასა და მის მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში.

– იმ ღონისძიებებზე გავამახვილოთ ყურადღება, რომლებიც HR Hub-ს ნოემბერში აქვს დაგეგმილი.
– 18 ნოემბერს, 16:00 საათიდან, სასტუმროში „Pullman Tbilisi Axis Towers“ (ილია ჭავჭავაძის გამზირი #37მ), გაიმართება HR გუნდების დიდი შეკრება მთელი საქართველოდან. მთავარი თემაა, როგორ ვიმუშაოთ გუნდურად, როგორ მივაღწიოთ გუნდურ წარმატებას და რაც მთავარია, ამ გუნდურ წარმატებაში არ დაგვავიწყდეს თითოეული თანამშრომლის წვლილის აღიარება. გვეყოლება ორი მსხვილი HR გუნდი სცენაზე, სამედიცინო და სამშენებლო სფეროებიდან, რომლებიც მოგვიყვებიან წარმატებულ ქეისებზე და თავად მათი გუნდი როგორ შედგა, როგორც გუნდი, როგორ ზრუნავენ გუნდის წევრები დანარჩენ თანამშრომლებზე ორგანიზაციაში. გვეყოლებიან სოლო სპიკერებიც, რომლებიც სფეროს აქტუალურ თემებზე გაამახვილებენ ყურადღებას.
25 ნოემბერს კი, 17:00 საათიდან, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“ (26 მაისის მოედანი #1), დასაქმების ფესტივალი გაიმართება. HR Hub-ი ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც დასაქმების ასეთ მასშტაბურ ფესტივალს ატარებს საქართველოში. ყოველ სეზონზე დასაქმების ერთი ფესტივალი მაინც გვაქვს, რომლის ფორმატიც არის საქართველოში წარმატებული დამსაქმებლების გამოფენა და მათთან შეხვედრა, პირდაპირი გასაუბრებები. ნოემბრის ფესტივალში 55-მდე ორგანიზაცია მიიღებს მონაწილეობას სხვადასხვა სექტორიდან. დასწრება თავისუფალია. ადამიანებს აქ შეუძლიათ იპოვონ როგორც სამსახური, ასევე თავიდან, სულ ნულიდან დაიწყონ კარიერა.
– წლების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილებიდან გამომდინარე, რომელი სექტორია თქვენს სფეროში დომინანტი?
– კერძო სექტორი ყოველთვის უფრო ყოჩაღობს, გამომდინარე იქიდან, რომ მას მეტი შესაძლებლობები აქვს. საჯარო სექტორი შეზღუდულია საკანონმდებლო ჩარჩოდან გამომდინარე, მას აქვს გარკვეული საზღვრები, რომლებიც უნდა დაიცვას. ჩვენს ბაზარზე წარმოდგენილ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კერძო ორგანიზაციებს მეტი თავისუფლება აქვთ ახალი საინტერესო პროექტები განახორციელონ HR მიმართულებით.