Honda-ს გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ელექტრიფიცირებული GT ნამდვილად გამოვა, მაგრამ არა ახლო მომავალში, ბაზარი ამისთვის ჯერ მზად არ არის.
გსურთ ელექტრო სპორტქარი Honda-გან? – იგივე სურს თავად კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს, ტოსიჰირო მიბესაც, თუმცა, როგორც ჩანს, ამის დრო ჯერ არ დამდგარა.
ტოკიოში, Japan Mobility Show-ზე, მიბემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კომპანია უკვე ფლობს რამდენიმე ელექტრო სპორტქარის პროტოტიპს, თუმცა ბაზარზე გამოყვანას ჯერ არ აპირებს.
„ჩვენ გვაქვს კვლევები ელექტროობაზე დაფუძნებულ სპორტულ ავტომობილებზე და ბევრი შიდა პროტოტიპიც შევქმენით,“ – განაცხადა მიბემ.
თუმცა, ელექტრომობილებზე მოთხოვნის შენელების ფონზე, დირექტორის თქმით, რთულია იმის განსაზღვრა, როდის ექნება აზრი ასეთი ავტომობილის გამოშვებას.
„უნდა გადავწყვიტოთ სწორი დრო, როდის უნდა ვაქციოთ ეს პროდუქციად მომავალში,“ – თქვა მან.
მიბეს თქმით, კვლევისა და განვითარების დეპარტამენტში უკვე მუშაობენ ტექნოლოგიების სრულყოფაზე და მომავალში კომპანია მომხმარებლებს ელექტრულ GT-ს ნამდვილად შესთავაზებს.
ბოლო წლებში Honda-მ გამოუშვა ჰიბრიდული Acura NSX, ხოლო მიბეს ხელმძღვანელობით კომპანიის ხაზს დაუბრუნდა ჰიბრიდული Honda Prelude, როგორც სპეციალური სპორტული მოდელი – რაც ბრენდის თანამედროვე ხედვას ასახავს.
საინტერესოა, რომ თავად მიბე ფლობს და რეგულარულად მართავს 2026 წლის Prelude-ს.
მიბემ აღნიშნა, რომ სანამ Honda ელექტროსპორტკარის გაშვების დროს შეარჩევს, კომპანია Formula 1-ში საკუთარ პოტენციალს აჩვენებს.
სპორტული ავტომობილები და ავტოსპორტი Honda-თვის მნიშვნელოვანი მიმართულებებია და ასე გაგრძელდება ელექტროენერგიის ეპოქაშიც.