„გარდენია შევარდნაძის“ მფლობელი, ფლორისტი ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო პოსტს გვიზიარებს.
„უთამადო, უტოლიბაშო სუფრებიც მახსოვს..
ხშირად მოდიოდენ ჩვენთან მშვიდობაურელი ნათესავები, ოროკიდან, ბაბუას და და სიძე, ან ბებიას ძმები, რძლები და ძმისშვილები. საქმე თუ ჰქონდათ რამე გამოწყებული ჩემებს აუცილებლად წაეშველებოდენ, უცებ მიალაგებდენ, ქალები სადილის სამზადისს ერთდად შეუდგებოდენ, კაცები შეშას მიაშველებდენ და ნარდს გააგორებდენ.
დეიდაჩემი და ბიძაჩემიც გვესტუმრებოდენ ზოგჯერ ქვემოაკეთიდან. ან ბებია გამოვიდოდა ბახვიდან. ჭანჭათელმა ნათესავებმაც იცოდენ მოსვლა უფრო იშვიათად, დიდ ბებია მარგალიტასთან.
ასეთ სადილებზე სადაც შინაურები ვიყავით ბაბუა თამადას არ დაასახლებდა. პირველს თითონ იტყოდა, მშვიდობით და სიკეთით იყავით, გაგავსონ გამჩენელმა სიხარულითო. მეორეს უფროსი ვინც იყო ნათესავებში ის იტყოდა, თქვენი თავი და ერთმანეთი ნუ მოგვიშალოსო..
ბებია წითელ კაჭიჭის ღვინოში წყალს დაჰკრავდა, აუცილებლად იტყოდა ყოველ ჯერზე ერთი და იგივეს ღვინო კიარ მეგემრიელება ექიმმა დამინიშნა ბათუმშიო, დაგვლოცავდა, თქვენი თავი მიმრავლოს დედახვთიშობელმა, შრომის ძალა და ხალისი მოგვცეს, სიკეთეში მოგვახმაროს ნაშრომიო.. თვალებს მოხუჭავდა და ისე გადაკრავდა ახლაც მგონია რომ ეგემრიელებოდა.
ახალგაზრდები საქმეებს მოიმიზეზებდენ და წავიდოდნენ, მოხუცები ხშირად კვირაობით რჩებოდენ ჩვენთან. მეორე დღიდან დაჯგფდებოდენ ვის რა შეეძლო და გამოსდიოდა იმის მიხედვით, ტყუილად და უსაქმოდ გაჩრებული არასდროს, არავინ მინახავს არც შინაური და არც სტუმარი. დიდს დიდი საქმე და საკეთებელი ჰქონდა პატარას პატარა. ვსაქმობდით ერთად, ქალები საჭმელსაც ერთად ამზადებდენ, ვსაუზმობდით, ვსადილობდით და ვახშმობდით ერთად. ვისმენდით ერთიდაიგივე ამბებს მეასედ და ზოგიერთს ახალსაც გამოურევდენ. თუ კი ვინმე უცხო შემოგვესწრებოდა ან სტუმარს გვასტუმრებდენ ნათესავები იმას კიდეც უთამადებდენ და კარგადაც გამოათრობდენ.
როის როის მოაკითხავდენ მოხუცებს ოჯახის წევრები, ისევ ერთად ვისადილებდით და წაიყვანდენ. ბებიამ და ბაბუამაც იცოდა ასე ნათესავებთან წასვლა, რამდენჯერმე ვხლებივარ თან ბევრი სიკეთე მაქვს მოსაგონარი.
მოსატან-მოსაკითხებზე, წასაღებებზე და გასატანებლებზე როცა იქნება ცალკე დავწერ.
უთამადო, უტოლიბაშო სუფრებიც მახსოვს..“, – წერს გარდენია შევარდნაძე.
