LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვილი: ჩემია თუ დამოუკიდებელი ინდივიდი – როგორია და როგორი უნდა იყოს ბავშვის აღზრდა

108
4b697d01a6574efe056f7d192873ffa620191007-1-s2jzxv

მთელ მსოფლიოში მშობლებს ყველგან თანაბრად უყვართ შვილები და ზრუნავენ მათზე, თუმცა ახალგაზრდა თაობის აღზრდასთან დაკავშირებული შეხედულებები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ოჯახის, ქვეყნის ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებზე. ის, რაც ერთ ქვეყანაში მიუღებლად შეიძლება ჩაითვალოს, სხვაგან ნორმაა.
მიუხედავად იმისა, რომ ევროპული ქვეყნები ევროკავშირში გაერთიანდნენ, არ დაუკარგავთ მრავალი წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული ავთენტურობა. ევროპული აღზრდის სისტემის დამახასიათებელი ძირითადი ღირებულებებია თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ინდივიდუალურობა.

და რა ხდება საქართველოში? მრავალსაუკუნოვან ქვეყანაში, სადაც ტრადიციებს უდიდეს პატივს სცემენ, სადაც მძლავრობს კავკასიური მენტალობა და თან ამავდროულად მუდმივად მიისწრაფვის დასავლური ღირებულებებისკენ.

“ქუჩის აკადემია”, სქესობრივი განათლება მხოლოდ ბიჭებისთვის და ავტორიტარული სტილი

გაეროს ბავშვთა ფონდის (Unicef) კვლევის თანახმად, საქართველოში მოზარდთა მშობლების უმეტესობა აღზრდის ავტორიტარულ სტილს მიმართავს. კვლევის თანახმად, საქართველოში მოზარდები ვერ გრძნობენ მშობლების სათანადო მხარდაჭერას. მშობლები ძირითადად ზრუნავენ მათ მატერიალურ და ფიზიკურ კეთილდღეობაზე და ნაკლებად მათ ემოციურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.

მოზარდების კი სურთ მშობლებთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდეთ და უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს ისეთი საკითხების გაზიარებისას, რომლებიც აწუხებთ. შემთხვევები, როცა მოზარდი მისთვის ყველაზე ემოციურ პერიოდებში ვერ გრძნობს მშობლის სათანადო მხარდაჭერას, უარყოფითად აისახება ფსიქოსოციალურ კეთილდღეობაზე.

„არ მინდა სახლში პრობლემებზე ვისაუბრო. როდესაც გავუზიარე, ისევ მე დამადანაშაულეს“, – აღნიშნავს კვლევაში მონაწილე 13 წლამდე ასაკის ბიჭი თელავიდან.

14-17 წლის მოზარდების ფოკუს ჯგუფში მონაწილე გოგონა სწორედ მშობლის მიერ მოზარდის გრძნობებისა და საჭიროებების უგულებელყოფას უკავშირებს მოზარდის მოწყვლადობას:

„როდესაც ბავშვები საკუთარ თავს ზიანს აყენებენ, ეს ხდება იმიტომ, რომ ისინი არ იღებენ საკმაო სიყვარულს ოჯახებისაგან, არც სხვა ვინმესგან. ზოგჯერ ასეთი მშობლები გაკვირვებული არიან, თუ ბავშვი ეცდება თვითმკვლელობას, მაშინ, როცა ისინი არ აქცევენ ყურადღებას, თუ მათი შვილი რას აყენებს პირველ ადგილზე. ამიტომ, ამ შემთხვევაში მშობლებიც დამნაშავე არიან,“ – ამბობს გოგონა.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც მოზარდები განიცდიან, მშობლების უპირობო სიყვარულია. კვლევის მონაწილის მოსაზრებით, მოზარდმა უნდა იგრძნოს, რომ მშობლები მზად არიან მიიღონ ის ისეთი, როგორიც არის.

კვლევის თანახმად, მშობლები საკუთარი ავტორიტეტის გასამტკიცებლად ფიზიკური და ფსიქოლოგიური დასჯის მეთოდებს მიმართავენ, ბავშვის ზრდასთან ერთად, იკლებს ფიზიკური დასჯის მეთოდი. თუმცა, რჩება ემოციური მანიპულირება და ყვირილი.

„როდესაც შენი შვილი გაგიჟებს, როგორ უნდა შეიკავო თავი და არ ეჩხუბო?“ (სოფლად მცხოვრები მამა).
მოზარდები კი ამბობენ, რომ ჩხუბი არ მუშაობს და მშობლებმა სხვა მეთოდებს უნდა მიმართონ.

„უფრო ფრთხილად უნდა იყვნენ და მეგობრულად სთხოვონ შვილს რაღაცის გაკეთება“ (10-13 წლის გოგონები; რაიონში).

კვლევის შედეგად ასევე დადგინდა, რომ მშობლების მიერ მოზარდების გარეგნობის კონტროლი ზოგიერთ მოზარდში უარყოფით განცდებს იწვევს.

„მამაჩემმა არ იცის, რომ თმა შევიჭერი, ვერ იტანს მოკლედ რომ მაქვს, ამიტომ, სავარაუდოდ მეჩხუბება“ (10-13 წლის გოგონები; რაიონში).

კვლევის შედეგად გამოვლინდა ტენდენცია მშობლებში, კერძოდ მამებში, რომლებიც ძალიან დაღლილი და სასოწარკვეთილი ჩანან შვილების დაუმორჩილებლობით. აღმოჩნდა, რომ მხარდაჭერას და იმედს ისინი სასულიერო პირებთან (მაგალითად, მღვდლებთან) ეძებენ. მათი აზრით, მონასტერში ცხოვრება მოზარდის ქცევას შეცვლის და გამოასწორებს.

კვლევამ აჩვენა, რომ ოჯახებში, სადაც მშობლები აღმზრდელობით სამუშაოს ეწევიან და მოზარდებთან დიალოგი და ღია კომუნიკაციაც წახალისებულია, მოზარდები უფრო იოლად გადიან მათი ცხოვრების ამ გადამწყვეტ ეტაპს.

„ვერ წარმომიდგენია ურთიერთობა ჩემს მშობლებთან, რომ არ მენდობოდნენ“ (14-17 წლის ბიჭები; ბათუმი).

„ყველას კარგი ურთიერთობა გვაქვს ოჯახში. მიყვარს მათთან საუბარი, დედ­მამასთან ერთად ვარჩევ, როგორ ჩაიარა დღემ სადილის დროს“ (14-17 წლის გოგონები).

მოზარდების უმეტესობას სურს მშობლებთან ურთიერთობა, თუმცა პრივატულობა ერთ-ერთი მთავარი ასპექტია იმისთვის, რათა თავი ზრდასრულ ადამიანებად აღიქვან.

ფიზიკურ და კოგნიტურ განვითარებასთან ერთად, ზრდის მნიშვნელოვანი და ბუნებრივი თანმდევი პროცესია სქესობრივი განვითარებაც. კვლევის თანახმად, ცოტა მშობელი თუ გამოთქვამს მზაობას და უნარს, ესაუბროს და რჩევები მისცეს შვილს სექსზე, რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, რისკ-ფაქტორებსა და ამ თემასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე.

როდესაც საქმე მოზარდ ბიჭებს ეხება, მამები აცნობიერებენ გარკვეულ ასაკში თავიანთი ბიჭი შვილების ბიოლოგიურ მოთხოვნილებას, დაამყარონ სქესობრივი კავშირი და მეტიც, ღიად და ფინანსურადაც კი უჭერენ მხარს ამ გამოცდილების მიღებას. თუმცა, მოზარდი გოგონების მამები სექსუალობის საკითხებზე საუბარს საფრთხედ აღიქვამენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ასეთ თემებზე საუბარი გამოიწვევს და დააჩქარებს შვილის სურვილს და ინტერესს სექსის მიმართ. მხოლოდ რამდენიმე მამამ გამოხატა მზაობა, ნებისმიერ საკითხზე ესაუბრა შვილებთან, განურჩევლად სქესისა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ძალადობაა. მოზარდები ძალადობის შემსწრე ან მსხვერპლი ძირითადად ოჯახში, სკოლასა და უბანში ხდებიან. თუმცა, მშობლები ხშირად ვერ ახერხებენ მხარდაჭერით უპასუხონ მოზარდების გაზიარებულ ამბებს.

„არ მოვუყვები, რადგან საბოლოოდ მე დამადანაშაულებენ. თუ ვინმემ რამე გითხრა, უნდა მოგეთმინაო, მეტყვიან, მე ასეთ რაღაცეებს ვერ ვითმენ“;
„რომ მოვუყვე, მეჩხუბებიან. ერთხელ კლასელმა დამარტყა და ვცემე, ცხვირში დამარტყა ისე, რომ გამისივდა, სახლში რომ მივედი, მე დამსაჯეს“ (10-13 წლის ბიჭები; რაიონში).

ასევე გამოვლინდა, რომ მოზარდობის პერიოდში ბიჭები ე.წ. „ქუჩის აკადემიას“ გადიან და მშობლების ნაწილში ამ „სკოლის“ გავლა მოზარდის ცხოვრებაში ერთ-ერთ საჭირო გამოცდილებად აღიქმება.

„ბიჭმა „ქუჩის აკადემია“ უნდა გაიაროს და იცოდეს, რომ პოლიციაში არ უნდა დარეკოს“ (მოზარდების მამები; ბათუმი).

თითქმის ყველა მოზარდი, რომელიც ძალადობის შემსწრე ან მსხვერპლი ყოფილა, უფროსების, განსაკუთრებით კი, მამების რჩევებს ითვალისწინებს; შვილები ითვისებენ და პრაქტიკაში იყენებენ იმას, რასაც მშობლები უხსნიან და ასწავლიან.

კვლევის თანახმად, თუ ბავშვის უახლოეს გარემოცვაში მოზარდს წამახალისებელ და მხარდამჭერ გარემოს არ სთავაზობენ, მას სათანადოდ არ განუვითარდება ახალი გარემოს შემეცნებისა და გამოწვევებთან გამკლავების უნარი. ასეთი ტიპის დანაკლისები, ხშირად ანტისოციალურ ქცევაში, დაბალ თვითშეფასებასა და გადაწყვეტილებების მიღებისთვის არასათანადო უნარებში გამოიხატება.

მშობლობაც დასწავლადია: ბეწვის ხიდზე გავდივარ

ორი შვილის დედა თბილისიდან:

“ჩემეული მიდგომები შვილებთან შედარებით მკაცრიცაა და მეგობრულიც. უფრო გასაგებად რომ ვთქვა, ბეწვის ხიდზე გავდივარ, თან არ მინდა მეგობრული დამოკიდებულება, რაც აქვთ, დავკარგო, თან ვცდილობ დისციპლინურად იცხოვრონ, ისწავლონ, იმოქმედონ. უფრო მეტი ფიქრია საჭირო იმასთან დაკავშირებით, როგორ აღვზარდოთ პასუხისმგებლიანი მოქალაქე. ვცდილობ პირველ რიგში მათში პასუხისმგებლობის გაღვივებას, ამ ეტაპზე ეს კარგად მუშაობს.

ჩემი ორივე შვილი განსხვავებული ასაკისაა, მათ შორის სხვაობა 4 წელიწადია, თუმცა როგორც დამოუკიდებელი პიროვნებები ისე ცხოვრობენ, ამ უნარებს ვუმუშავებ ყოველდღიურად. მაგალითად, ის, რომ სკოლაში მასწავლებელი გაკვეთილის ჩაბარებას მოსთხოვს და პირობითად ვერ მოყვებიან, ორივემ იცის, რომ ეს მათი პირადი პასუხისმგებლობაა და არა ჩემი. თავად ყვება გაკვეთილს და არა მე. ეს ორივეს გააზრებული აქვს.

ბიჭ შვილსა და გოგოს შორის აღზრდის მიდგომებსაც განვასხვავებდი. არის მიმართულებები, სადაც ბიჭისგან ბევრად მეტს ვითხოვ, ვიდრე გოგოსთან და პირიქით. თუმცა ორივეს შემთხვევაში ვცდილობ, თავი დამოუკიდებელ პიროვნებებად აღიქვან და ისე იმოქმედონ. საერთოდ, ვფიქრობ, რომ იყო დამოკიდებული და მიჯაჭვული ადამიანი რამეზე ან ვინმეზე, უკვე პრობლემაა.

მშობლების მიდგომა შვილებისადმი განსაკუთრებით ამ საუკუნეში მუდმივად იცვლება. აღსანიშნავია ისიც, რომ როგორც ყველაფერი, მშობლობაც დასწავლადია. მშობლები ბევრს კითხულობენ, ფსიქოლოგებისა და ქოუჩების მოსაზრებებს ისმენენ, უფრო მეტს სწავლობენ როგორ იყვნენ უკეთესები, ვიდრე არიან. ჩემი აზრით, ეს განსხვავებაა თანამედროვე მშობელსა და არათანამედროვეებს შორის. უფრო მეტი მზაობაა დაისწავლონ ის მიდგომები, რაც მათ შვილების აღზრდაში სწორი მიმართულებით წაიყვანს”.

არჩევანის უფლება ბავშვს აქვს: ევროპული სისტემა და ქართული ოჯახური შერწყმა

გერმანიაში მცხოვრები ორი შვილის დედა:

“გერმანიაში შვილებთან ერთად დაახლოებით ორი წელიწადია გადმოვედით. აქ ცხოვრებამ ნათლად დამანახა თუ რამდენად განსხვავებულია ბავშვების აღზრდის კულტურა ევროპასა და საქართველოში. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ აქ გარემო ბავშვზეა მორგებული და არა ბავშვი გარემოზე.

ნებისმიერი ემოცია სრულიად ნორმალურად აღიქმება, მაგალითად, თუ ბავშვი გარეთ ხმამაღლა ტირის, ყვირის ან თამაშში ხმაურს ქმნის, ეს არავის უკვირს. არც კრიტიკას იღებ, არც მზერას. კანონი მკაცრად იცავს ბავშვების უფლებებს, ამიტომ მშობელსაც არ აქვს უფლება ძალადობრივი მეთოდები გამოიყენოს. ბავშვის არა თუ ფიზიკურად შეხება, არამედ მასთან ხმამაღლა საუბარიც კი კანონით კონტროლდება. სხვებიც ვერ ერევიან, ბავშვის დისციპლინაში მხოლოდ მისი მშობელი და მასწავლებელი მონაწილეობენ.

სკოლებში განსხვავება კიდევ უფრო აშკარაა. პირველ ოთხ კლასში სწავლის პროცესი თამაშზეა დაფუძნებული. ბავშვს არ სთხოვენ შედეგებს და არ ,,აშინებენ” ქულებით. მასწავლებლები სწავლების მეთოდს ბავშვის შესაძლებლობების მიხედვით საზღვრავენ. საგნებიც ნაწილობრივ არჩევითია. მასწავლებელი პირდაპირ გეკითხება, გინდა ხელოვნება, სპორტი, მუსიკა, თუ საერთოდ გირჩევნია ამ პერიოდში არაფერში ჩაერთო. ამ არჩევნის გასაკეთებლად ბავშვს გონივრული ვადა ეძლევა ანუ არჩევანის უფლება ბავშვს აქვს და ეს გადაწყვეტილება პატივსაცემად ითვლება. შესაბამისად, ბავშვმა სკოლიდანვე იცის რომ მის აზრს პატივს სცემენ.

მასწავლებლებთან კომუნიკაცია ძალიან ორგანიზებულია. მშობელთა ერთობლივი კრებები მხოლოდ ზოგად დაკავშირებულ თემებს ეხება. რაც შეეხება ინდივიდუალურ საკითხებს , მათთვის გათვლილია პირადი შეხვედრები, სადაც მასწავლებელი მშობელთან დეტალურად განიხილავს ბავშვის პროგრესს. სურვილის შემთხვევაში მასწავლებელი სახლში მოსვლასაც კი თანხმდება, რათა ბავშვის გარემო უკეთ გაიგოს.

ყოველ თვენახევარში ტარდება შეფასება, მაგრამ ეს ტესტირების კლასიკური ფორმა არ არის. მიზანი ბავშვის პროგრესის მონიტორინგია და არა ზეწოლა ან შედარება. არც ქულას აქვს ის მნიშვნელობა, რასაც საქართველოში ვანიჭებთ. აქ მთავარი არის, როგორ გრძნობს თავს ბავშვი და ვითარდება თუ არა სტრესის გარეშე.

ამ ყველაფერმა ჩემს შვილებზეც მნიშვნელოვნად იმოქმედა. ბიჭი, რომელიც პირველ კლასშია, ბევრად უფრო დამშვიდებული, თავდაჯერებული და დამოუკიდებელი გახდა. პრობლემებს თვითონ აგვარებს, ემოციას არ მალავს და სკოლის პროცესიც უფრო უხარია.

ჩემი გოგოც თანაბარ თავისუფლებას იღებს. აქ სქესი აღზრდის წესს არ განსაზღვრავს. მამაც ისეთივე აქტიური მონაწილეობითაა ჩართული როგორც სკოლასთან კომუნიკაციაში, ისე გადაწყვეტილებების მიღებაში, რადგან გერმანიაში ეს ბუნებრივი და აუცილებელი პრაქტიკაა. მასწავლებელს ორივე მშობელთან აქვს კომუნიკაცია და ესეც განრიგის მიხედვით ლაგდება.

საბოლოოდ, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა რომ ევროპული სისტემა ბავშვში თავისუფლებას, პასუხისმგებლობასა და საკუთარი თავისადმი პატივისცემას ამყარებს. ქართულ სითბოსა და მჭიდრო ოჯახურ ურთიერთობებთან შერწყმით კი ეს ყველაფერი ბავშვების ჰარმონიულ განვითარებას უზრუნველყოფს”.

აღზრდა გაქრა

„ფორტუნა“ ესაუბრა ფსიქოლოგ თეო გუბიანურს:

„ბავშვის აღზრდის პროცესში მნიშვნელოვანია მშობლებს ჰქონდეთ საერთო შეხედულება და იქცეოდნენ თანმიმდევრულად: არსებობდეს შეთანხმება, თუ როგორ აღზარდონ ბავშვი (მაგალითად: ერთი მშობელი უვითარებს სოციალურ პასუხისმგებლობას „ნაგავს ქუჩაში არ ვყრით“, ხოლო მეორე უგულებელყოფს ამას – „დაყარე, რა მოხდა მერე, მაინც ყველა ყრის“- ეს არ იქნებოდა შეთანხმებული შეხედულება).

აუცილებელია თანმიმდევრულობა, რაც ბავშვს საშუალებას აძლევს ჰქონდეს ნათელი წარმოდგენები იმაზე, თუ რას მოელიან მისგან. თუ ბავშვი ტირის მაღაზიაში სასურველი სათამაშოსთვის და ჩვენ ერთ დღეს ვაჯილდოებთ და ვყიდულობთ სათამაშოს, მეორე დღეს ვეუბნებით, რომ „რომ ტირი არ გიყიდი“, ბავშვი ვერასდროს მიხვდება რომელი ქცევა არის სწორი.

როდესაც მშობლები შეთანხმებულად ცდილობენ, რომ უარყოფითი ემოციები არ გამოხატონ ბავშვის თანდასწრებით, ეს მნიშვნელოვანია მისი ემოციური სტაბილურობისთვის.

ბავშვი სწავლობს სხვებზე დაკვირვებით, მის გარშემო არსებობენ მოდელები, რომელთაც იგი ჰბაძავს. ეს ავტომატური პროცესია, თავისით ხდება. მოდელირებით სწავლობს, როგორ გადაჭრას პრობლემები, როგორ გამოხატოს ემოციები და ა.შ.

ჩვენ გარემოში დამკვიდრებული ქცევაა ბავშვის აღზრდის პროცესში აქტიური ჩარევა/თანამონაწილეობა. როგორც ყველაფერს, აქაც გვაქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. სოციალური გარემოს უარყოფითად ჩარევა მშობლების მიერ ბავშვის აღზრდის პროცესში გულისხმობს: სხვა ადამიანების მხრიდან (როგორი ახლო ადამიანებიც არ უნდა იყვნენ) მშობლის ავტორიტეტის დაქვეითებას.

ბავშვისთვის მშობელი უნდა იყოს ავტორიტეტი, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საბოლოო სიტყვა მშობლის უნდა იყოს, ეს თუ ასე არ ხდება ითრგუნება მშობლის ავტორიტეტი, რაც თავის მხრივ შეუქცევად სირთულეებს იწვევს ბავშვი-მშობლის და უშუალოდ მშობლებს შორის ურთიერთობაში.
თუმცა, სხვა ადამიანების არსებობას ბავშვის გარემოში დიდი მნიშვნელობაც აქვს. ბავშვი სწავლობს სხვადასხვა სოციალურ უნარს მათი დახმარებით და ეს მნიშვნელოვანი ეტაპია განვითარებაში.

ფილოლოგი და ფსიქოლოგი შალვა ამონაშვილი:

„ჩვენ აღზრდას სერიოზულად არ ვუდგებით არც ოჯახში, არც სკოლაში, სკოლაში საერთოდ გამოვრიცხოთ აღზრდა – არ არის აღზრდა, იქ შეიძლება უთხრან ბავშვს: ჭკვიანი, კარგი იყავი, წესიერად მოიქეცი, მაგრამ ესენი აღზრდას არ ნიშნავს, ოჯახში კი გაუთავებელი დარიგებებია – არ წახვიდე, არ მოხვიდე, ასე ნუ იქცევი. აღარც სკოლაში და აღარც ოჯახში, მით უმეტეს, ქუჩაში სულ არ არსებობს – აღზრდა გაქრა.

აღზრდა საზოგადოების განვითარების ფუნდამენტური ცნებაა.

წარსულში, ჩვენი წინაპრები უფრო მეტად აფასებდნენ აღზრდას. მაგალითად დედაჩემიც კი, ძალიან იყო დაყარაულებული, რომ მე რამე ცუდი არ მექნა, მზრდიდნენ ისე, როგორც მათი შეხედულებით უნდა გავეზარდე და ბევრი რამ მომცეს კიდეც“.

ბავშვის აღზრდა და მსოფლიო

რით განსხვავდება ბავშვების აღზრდა სხვადასხვა ქვეყანაში? რატომ შეიძლება ის, რაც ზოგიერთ კულტურაში ნორმად მიიჩნევა, სხვებში მიუღებელი იყოს?

ადამიანობა, დამოუკიდებლობა და ინდივიდუალურობა – პედაგოგიკის ეს ძირითადი პრინციპები ყველა ქვეყნისთვის საერთოა. თუმცა, თითოეული კულტურა ამ კონცეფციებს საკუთარ მნიშვნელობასა და აქცენტს სძენს. მოდი, შევადაროთ.

სრული თავისუფლება: ნორვეგია და შვედეთი

სკანდინავიურ ქვეყნებში მშობლები შვილებს სრულ თავისუფლებას აძლევენ. ბავშვები თავად წყვეტენ, რა ითამაშონ და რა გააკეთონ. ისინი არ არიან იძულებული შუადღისას დაწვნენ. სკანდინავიელებს არ აქვთ მკაცრი ყოველდღიური რუტინა და ბავშვების აღზრდაში ისინი მთავარი, რისკენაც ისწრაფვიან, მათი შემოქმედებითი შესაძლებლობების განვითარებაა. საბავშვო ბაღებსა და დაწყებით სკოლებში საგანმანათლებლო აქტივობები, ძირითადად, თამაშით ხორციელდება.

ბავშვის მიმართ ხმის აწევა, მით უმეტეს, დარტყმა, მკაცრად აკრძალულია. თუ სოციალური სამსახურები შეამჩნევენ მშობლების ასეთ ქცევას, ბავშვს ოჯახს ჩამოაშორებენ. სკანდინავიელმა ბავშვებმა ადრეული ასაკიდან იციან საკუთარი უფლებები და შეუძლიათ იჩივლონ უხეში ქცევისთვის.

სკანდინავიელი მშობლები დიდ ყურადღებას აქცევენ ბავშვების ფიზიკურ განვითარებასა და ჯანმრთელობას. ისინი მიიჩნევენ, რომ ნატურალური საკვები და სუფთა ჰაერი ბავშვის აღზრდის საფუძველია. ამიტომ, ნებისმიერი თამაში გარეთ წახალისებულია, რადგან ის აძლიერებს იმუნურ სისტემას.

დამოუკიდებლობა უფროსებისგან: საფრანგეთი

ფრანგი მშობლები ადრეული ასაკიდან ასწავლიან შვილებს დამოუკიდებლობას და დისციპლინას. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ ქვეყანაში დედას შეხვდეთ, რომელიც ერთი წლის ბავშვს დაედევნება, რათა არ დაეცეს. ფრანგები აკონტროლებენ შვილების უსაფრთხოებას, მაგრამ არ ერევიან მათ სამყაროს დამოუკიდებლად შესწავლაში. ბავშვის დამოუკიდებლობა მათთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მჭიდრო კონტაქტი. მშობლები აფასებენ მათ პირად დროს და ცდილობენ, შვილები ყველანაირ აქტივობაში ჩართონ, რათა ყურადღება სამუშაოზე ან თვითგანვითარებაზე გაამახვილონ. საფრანგეთში ბებიები შვილიშვილებს არ უვლიან, ეს მშობლების გადასაწყვეტია.

ნათესავები და ემოციები: იტალია

იტალიაში, პირიქით, ბავშვების ნათესავებთან, განსაკუთრებით ბებია-ბაბუებთან დატოვებაა გავრცელებული. იტალიაში ოჯახი წმინდაა. ბავშვს მშობლების გარდა, მრავალი ნათესავი აკრავს გარს. ბავშვი დიდ ოჯახში იზრდება და ხშირად საბავშვო ბაღში არ დადის. სკოლამდელი იტალიაში ბავშვებს ანებივრებენ, საჩუქრებს ჩუქნიან და ყველაფრის კეთების უფლებას აძლევენ: ხუმრობებსა და სოციალურ უუნარობას ყურადღებას არ აქცევენ და სერიოზულ უხამსობას იტანენ. დედამ შეიძლება ემოციურად უყვიროს შვილს, მაგრამ მაშინვე ჩახუტებითა და კოცნით მივარდება. იტალიელებს უყვართ ისტორიების მოყოლა და შვილების შექება ნათესავებისა და მეგობრებისთვის. დიდი მნიშვნელობა ენიჭება რეგულარულ ოჯახურ ვახშმებსა და დღესასწაულებს მოწვეული ნათესავებთან ერთად.

გერმანული აღზრდა: დისციპლინა და პასუხისმგებლობა

ბავშვის აღზრდა გერმანიაში სიმკაცრესა და წესრიგზეა დაფუძნებული. მშობლები გარკვეულ წესებს ადგენენ: მაგალითად, ბავშვებს არ აქვთ უფლება დიდი ხნის განმავლობაში უყურონ ტელევიზორს ან ითამაშონ კომპიუტერზე გვიან ღამემდე. ადრეული ასაკიდანვე ასწავლიან პასუხისმგებლობას საკუთარ ქმედებებზე და დამოუკიდებლობას. გერმანელი მშობლები ძალიან მოქნილები არიან. ხელში აყვანილი ჩვილი ხელს არ შეუშლის მათ კაფეში ან პარკში წასვლაში. სამი წლის ასაკიდან ბავშვები დადიან საბავშვო ბაღში, სადაც მათ ასწავლიან არა ასოებსა და ციფრებს, არამედ სოციალურ ეტიკეტსა და დისციპლინას.

„ნებაყოფლობითი“ აღზრდის სტილი ესპანეთში

ესპანელები „აფუჭებენ“ შვილებს, აქებენ მათ და არაფერზე უარს არ ეუბნებიან. ისინი არ საყვედურობენ შვილს მაღაზიაში ისტერიკისა და ყვირილის გამო. არავინ აგზავნის ბავშვებს დასაძინებლად და არ უკრძალავს მათ პლანშეტების გამოყენებას. ესპანურ ოჯახებს ძლიერი კავშირია: უფროსები ცდილობენ თავისუფალი დრო შვილებთან გაატარონ. აღზრდის ამ მოდუნებული და ნაზი ფორმის მიუხედავად, ესპანეთში მშობლების მოვალეობები კანონით მკაფიოდ არის განსაზღვრული. ბავშვზე ძალადობამ და ფსიქოლოგიურმა ზეწოლამ შეიძლება მშობლის უფლებების დაკარგვამდე მიიყვანოს.

ნუ ავლენთ ემოციებს: ინგლისი

ინგლისელები ადრეული ასაკიდანვე ასწავლიან შვილებს მანერებსა და თავშეკავებას. იმისათვის, რომ ნამდვილ ქალბატონად ან ჯენტლმენად იქცეს, ბავშვმა ემოციების კონტროლი უნდა ისწავლოს. ეს კარგი მანერების მთავარ მაჩვენებლად ითვლება. ამიტომ, ინგლისელი ბავშვები საკუტარი მანერებით შეიძლება გარკვეულწილად ახალგაზრდებს მოგვაგონებდნენ.

ყველაფერი დაშვებულია 5 წლამდე: იაპონია

ბავშვებს, როგორც წესი, ხუთი წლის ასაკამდე ყველაფრის კეთების უფლება აქვთ. იაპონელები მიიჩნევენ, რომ ამ პერიოდში ბავშვებს თავისუფლება სჭირდებათ. თუმცა, თუ ბავშვი ცუდად იქცევა ან ეტიკეტს დაარღვევს, მას შეიძლება საყვედური გამოუცხადონ ცუდი საქციელისთვის და აუხსნან, თუ რატომ არ უნდა გააკეთონ ეს. იაპონელებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს ასწავლონ უფროსების და მათი ქვეყნის ტრადიციების პატივისცემა.

გენიოსების აღზრდა: ჩინეთი

ჩინური განათლება ბავშვების ინტელექტუალურ განვითარებაზეა ორიენტირებული. ამ მიზნით, მშობლები ცდილობენ, შვილები ყველანაირ კლუბსა და აქტივობაში ჩარიცხონ. ჩინელები მიიჩნევენ, რომ ბავშვი ყოველთვის უნდა იყოს დაკავებული რაიმე სასარგებლოთი, რაც მის განვითარებას შეუწყობს ხელს. მეტიც, ისინი თანაბრად ასწავლიან როგორც ქალიშვილებს, ასევე ვაჟებს, როგორ დაარტყან ლურსმანს ან წყალი დაუსხან ყვავილებს.

როგორ ზრდიან ბავშვებს აფრიკის ქვეყნებში

პატარა ასაკიდანვე აფრიკელ ბავშვებს ტრადიციულად ყველგან ატარებენ. ქალები ქსოვილის ნაჭრებში გახვეულ ჩვილებს დაატარებენ. იქ ბავშვები ჭამენ, სძინავთ, იზრდებიან და იკვლევენ სამყაროს. აფრიკელ ბავშვებს არ აქვთ ძილისა და კვების გრაფიკი და ასაკის მატებასთან ერთად მთელ დროს გარეთ, თანატოლებთან ერთად ატარებენ. ბავშვები ხშირად თავად პოულობენ საკვებს, ამზადებენ სათამაშოებს ან კერავენ ტანსაცმელს. ზოგიერთ ტომში ბავშვებს ორი წლის ასაკიდან შეუძლიათ საკუთარი თავის დაბანა და ჭურჭლის რეცხვა.

ტაიმ-აუტის მეთოდოლოგია: აშშ

დემოკრატიული ღირებულებები დიდ გავლენას ახდენს ამერიკულ ბავშვთა აღზრდის სისტემაზე. უმეტეს შემთხვევაში, ბავშვები თავისუფლები არიან გააკეთონ საკუთარი არჩევანი და არ ექვემდებარებიან ზეწოლას. ამერიკული ოჯახები ძლიერ და მჭიდროდ შეკრულ ოჯახებად მიიჩნევა, რომლებიც ნდობაზეა აგებული. დედები ხშირად დიასახლისები ხდებიან და თავიანთ დროს შვილებს უთმობენ დაწყებით სკოლაში შესვლამდე. ისინი ასევე არ ჩქარობენ შვილებისთვის წერა-კითხვისა და არითმეტიკის სწავლებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, დასაქმებულ დედებს შეუძლიათ ძიძის ან საბავშვო ბაღის დაქირავება და კარიერის გაგრძელება.

ფოტო: humanium
naeyc
cnn

magti 5g