LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იყო თუ არა იყო რა: რას ასწავლის თანამედროვე ბავშვს ძველი ზღაპრები – წავუკითხოთ თუ გადავაკეთოთ

105
Caucasian family sitting in a teepee, reading stories with the flashlight in dark room with toys and pillows. Caucasian models. Home comfort, family, love, Christmas holidays, storytelling time.

დღეს ზღაპრები სულ უფრო ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი: ისინი ძალიან სასტიკი, მოსაწყენი და გაუგებარია თანამედროვე ბავშვისთვის. იქნებ უბრალოდ თავი უნდა ავარიდოთ მათ კითხვას? მით უმეტეს, რომ დღეს საბავშვო ლიტერატურის არჩევანი უზარმაზარია. თუმცა, ბევრი მიიჩნევს, რომ ზღაპრების გარეშე ბავშვი უბრალოდ ვერ შეძლებს ვერც კლასიკურ და ვერც თანამედროვე ლიტერატურის გაგებას.

ბავშვის ტკბილად დასაძინებელი ზღაპარი თუ „ჰორორ სთორი“? –  მშობლების უმრავლესობას ეს კითხვა ქართული ხალხური ან თუნდაც ძმები გრიმების ზღაპრების კითხვის პროცესში ხშირად გასჩენია.

გავიხსენოთ:
ზღაპარი ოქროსქოჩრიან ბიჭზე, რომლესაც დედაბერი და მისი რძალი დასაკლავად ასუქებენ; კოკროჭინა, სადაც დედაბერი მდუღარე ქვაბში ვარდება და იხარშება; ჩიტი ჩიორა კი  მორიგეობით უყრის ბარტყებს მელას შესაჭმელად. თუ ამ დროს შეშფოთებული დახურავთ ქართული ზღაპრების წიგნს და ძმები გრიმებს ან შარლ პეროს აიღებთ ხელში,  არაკორექტულობის, ძალადობის და სტერეოტიპების  მთელ იქაც სპექტრს  გადაშლით.

კანიბალიზმი – ჰენზელი და გრეტელი, ზღაპარი ღუმელში შემწვარ დედინაცვალზე და ფიფქია, რომლის გულიც დედინაცვალს სჭირდება;

მკვლელობა – მკვლელობა და სისხლი ყველა ზღაპრის ამოსავალი წერტილია. დედინაცვალი ერჩის გერებს,  გერები – დედინაცვალს, ბოროტ გმირებს, გამოსწორების შანსის გარეშე, აუცილებლად კლავენ, წვავენ,  აკუწავენ და ა.შ;

ძალადობა – გატაცების და ტყვეობის  თემაზეა აგებული „რაპუნცელი“ და „მზეთუნახავი და ურჩხული“;

ტრეფიკინგი – ფიფქია ტრეფიკინგის  მსხვერპლია, თავშესაფარი სახლის დალაგებასა და სადილის მომზადების  ხარჯზე აქვს მოპოვებული;

ნეკროფილია – გარდაცვლილ ფიფქიას არ კრძალავენ;

ზოოფილია – რაც ბაყაყებთან  და სხვადასხვა ცხოველთან ქორწინებაში გამოიხატება და ა.შ.

სია საკმაოდ შორს მიდის, თუ ზღაპრებს სწორხაზოვნად განვიხილავთ, არადა ადრე ზღაპრების გაგება იყო: გმირობა, მამაცობა, თავგანწირვა, მეგობრობა, სიყვარული…

სტერეოტიპები

ზღაპრები უხვად არის დახუნძლული სტერეოტოპებითაც: მოხუცებული “დედაბერი“ და დედინაცვალი აუცილებლად ბოროტია; ქალები,  რომლებიც მოხერხებულები და ჭკვიანები არიან, ამ თვისებას მხოლოდ სიავეში იყენებენ. გოგონები დაუცველები, სუსტები არიან,  მათი მთავარი ღირსება სილამაზეა,  მხსნელად პრინცს ელოდებიან,  გადაწყვეტილებას თავად არ იღებენ და ბედნიერი დასასრულიც გათხოვებაა.

ზღაპრების ასეთი  შინაარსის  განხილვა მშობლებს გადაკეთების სურვილს უჩენს. ძალადობის და მკვლელობის თემას შეგნებულად გვერდს უვლის და კითხვის პროცესშივე ახდენს ადაპტირებას 3 წლის ნინის დედა:

„ვცდილობ, სადაც სიკვდილია ნახსენები, მაგალითად, დედა უკვდება ბავშვს ან ზღაპრის გმირები ერთმანეთს კლავენ, კითხვის პროცესში შევცვალო ან საერთოდ არ ვახსენო. არ ვიცი, რამდენად სწორად ვიქცევი, როცა რეალობას ვცვლი,“ – ამბობს ნატა გოგოლაძე.

ტენდეციები იცვლება

გასული საუკუნის ზღაპრებისა და მულტიპლიკაციური ფილმებისგან განსხვავებული ტენდენცია მკვიდრდება თანამედროვე ანიმაციურ ფილმებში. ზღაპრის  ახალი გმირები სულაც არ არიან იდეალურები, პრინცები ხანდახან იტყუებიან, პრინცესები სულაც არ იქცევიან სამეფო კარის ეტიკეტის  შესაბამისად. ახალ ანიმაციებში  თითქმის გამქრალია ვიზუალური სტერეოტიპები. ქერა და ნაზ პრინცესებს პოკაჰონტასისეული მამაცი გოგონები ანაცვლებენ.

სტერეოტიპების მსხვრევის ნათელი მაგალითია ანიმაციური ფილმი „გაყინული“ (Frozen) და „მამაცი“ (Brave), სადაც პრინცესები თავად იბრძვიან, პრინცები ერთი ნახვით სულაც არ უყვარდებათ და არც გათხოვებაა მათი ერთადერთი მიზანი.

უნდა წავიკითხოთ თუ გამოვტოვოთ მძიმე და საშიში სცენები ზღაპრებში?

ამ ნაწილში ფსიქოლოგების აზრი ორად იყოფა. ნაწილი მიიჩნევს, რომ თუ ბავშვებს მხოლოდ უწყინარ ამბებს წავუკითხავთ, სადაც გასაოცარი არაფერი ხდება და არც ბოროტება არსებობს, ბავშვები ვეღარ ისწავლიან, როგორ  გადალახონ ცხოვრებისეული სირთულეები და გაუმკლავდნენ რთულ სიტუაციებს. ზღაპრები იძლევიან რწმენას, რომ შეუძლებელი არაფერია.

ზღაპრის შინაარსის ბავშვის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე მორგებას და ადაპტირების მომხრეა სპეციალისტთა მეორე ნაწილი, რომლებიც მშობლებს ურჩევენ, ზღაპრის შერჩევისას ბავშვის ემოციური მდგომარეობა, ხასიათი და, რაც მთავარია, ასაკი გაითვალისწინონ, ზღაპარი, ტკბილი ძილის ნაცვლად, ღამის კოშმარების მიზეზად რომ არ იქცეს.

ზღაპრებით ბავშვებს ცხოვრებისთვის ვამზადებთ

ბავშვთა ფსიქოლოგი ქეთი დევაძე:

„ხანდახან ხალხურ ზღაპრებში შეიძლება იყოს ბევრი აგრესია, უარყოფითი სიუჟეტი, სევდიანი ამბავი და ხშირად მშობლები ფიქრობენ, რომ ასეთი ზღაპრები არ უნდა წაუკითხონ ბავშვებს. თუმცა კვლევები აჩვენებს, რომ ზღაპრების უარყოფითი სცენები ბავშვს ეხმარება რეალურად აღიქვას ცხოვრებისეული სირთულეები. ეს აუცილებელიცაა, რადგან თუ თავადაც გადააწყდება სირთულეებს, ექნება მზაობა მათ გადასალახად, ეცოდინება, რომ უნდა ეძებოს გზა, გამოსავალი.

მოკლედ რომ ვთქვათ, ზღაპრების საშუალებით ბავშვს ცხოვრებისეული სირთულეების მოდელირების უნარი აქვს.

რახან ზღაპრები ძირითადად მაინც კარგად მთავრდება, ბავშვს აქვს განცდა, რომ ბევრი ცუდიც რომ მოხდეს, მაინც ყველაფერი კარგად დასრულდება. ეს იმედისმომცემი დასასრულის ეფექტი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ზღაპრებით ბავშვებს სამომავლო სოციალიზაციისთვის ვამზადებთ“.

ფსიქოთერაპევტი დიანა ნიკოლაიშვილი:

„ზღაპარს უდიდესი დატვირთვა აქვს ბავშვის განვითარებაში. უძველესი დროიდან ჩვენი წინაპრები ზღაპრებს იყენებდნენ ბავშვის აღზრდისთვის, ბავშვისთვის გაუგებარი მოვლენების ასახსნელად, ბავშვის ღირებულებების ჩამოყალიბებისთვის.

ხალხურ ზღაპრებში არსებული პერსონაჟები და მოვლენები არ უნდა იყოს შეფასებული ზრდასრული გონებით, რადგან სკოლამდელი ასაკის ბავშვები თავისებურად აღიქვამენ იმ მეტაფორებს, რომელიც ზღაპრებში ასეთი სახის საშიში შინაარსით არის წარმოდგენილი. ამ დროს ბავშვი განიცდის მსუბუქ სტრესს, რომელიც ამზადებს მას ზრდასრული ცხოვრებისათვის და მომავალში დაეხმარება სტრესული სიტუაციების მენეჯმენტში, რადგან ზღაპრებში ხშირად არის ამ სიტუაციიდან თავის დაღწევის ვარიანტები.

იმ შემთხვევაში, თუ დედა ამჩნევს შვილის მკვეთრ ნეგატიურ რეაქციას, შიშს, სასურველია განიხილოს შვილთან ერთად ის პერსონაჟები და მოვლენები, რომლებიც იწვევენ ბავშვის ამგვარ რეაქციას, განიხილონ, კიდევ რა ვარიანტები არის ზღაპრის განვითარების, რას შეუძლია სიტუაციის შეცვლა და ასე შემდეგ.

ზღაპრებში ასახული აგრესია არის იმ ბრძოლის მეტაფორა, რომელიც თითოეულ ადამიანში მიმდინარეობს, ბრძოლა კარგსა და ცუდს, სიკეთესა და ბოროტებას, სურვილებსა და მოვალეობებს შორის. ბავშვი სიმპათიით განეწყობა მისი სქესის პოზიტიური პერსონაჟის მიმართ, სწავლობს მისი სქესისთვის აუცილებელ სოციალურ როლებს – მამის, მეომრის, დამცველის, ბიჭის შემთხვევაში, და ქალის, დედის – გოგონას შემთხვევაში. ისინი უთანაგრძნობენ პოზიტიურ გმირებს, გულშემატკივრობენ მათ და უხარიათ კეთილი დასასრული.

ზღაპრის მეშვეობით ხდება ბავშვის ქვეცნობიერში სამყაროს მოდელის ფორმირება. ზღაპრის მოყოლა/წაკითხვა აუცილებელია, რადგან ეს არის ბავშვის განვითარებისა და სოციალიზაციის დამხმარე საშუალება“.

არარეალურ მოლოდინბავშვებსვე  სჭირდებათ

როგორი იქნება ზღაპრები ბოროტების გარეშე?
ბავშვთა ფსიქოლოგი ბრუნო ბეთელჰაიმი ზღაპრებს ფსიქოანალიტიკურ ჭრილში განიხილავდა. მისი თეორიის მიხედვით, ზღაპრები აუცილებელია ბავშვის განვითარებისთვის და არ არის საჭირო რეალობის შელამაზება, რადგან ზღაპარი არა მხოლოდ წარმოაჩენს პრობლემას, არამედ მათი მოგვარების გზებსაც აჩვენებს. 

გავრცელებულ კრიტიკას, რომ ზღაპრები ბავშვებში არარეალურ მოლოდინებს აჩენს, ის იმით პასუხობს, რომ პირველ რიგში ბავშვებსვე  სჭირდებათ  ფანტაზიის განსავითარებლად. გარდა ამისა, ბეთელჰაიმის მოსაზრების მიხედვით, ზღაპრის ბედნიერი დასასრული პატარებს  რწმენას მატებს, რომ გამოუვალი სიტუაციების წარმატებით დასრულებაც შესაძლებელია.

5 მიზეზი, რის გამოც ბავშვებისთვის ზღაპრები უნდა წაიკითხოთ

ზღაპრების როლი ბავშვის ცხოვრებაში დიდი ხანია განიხილება, მაგრამ ყველა ზრდასრული არ ესმის მათი მნიშვნელობა. ზოგიერთ დასავლურ ქვეყანაში მშობლები ვერ ხედავენ აზრს ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ზღაპრების წაკითხვაში, რადგან ისინი ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებენ მათ არსსა და ძირითად იდეებს.

„ყველა ზღაპარი ტყუილია, მაგრამ მასში არის მინიშნება“ – ეს არის გავრცელებული მოსაზრება.

ზღაპრები, მათი მარტივი ფორმით, ასწავლის ბავშვებს კომუნიკაციას და ძლიერი ადამიანური ურთიერთობების დამყარებას. ბევრი მეცნიერისა და ფილოსოფოსის აზრით, რაც უფრო მეტ ზღაპრებს უკითხავენ ბავშვებს ბავშვობაში, მით უკეთესი მათთვის. ზღაპრები ბავშვის პირველი გზამკვლევია მრავალმხრივ სამყაროში, რომელიც სავსეა სიურპრიზებით.

ზღაპრები ასწავლის ბავშვებს სხვადასხვა გარემოებებთან ადაპტაციას. ზღაპრები საშუალებას გვაძლევს, გავიგოთ ცხოვრება მისი ყველა ფორმით და ვისწავლოთ რთულ სიტუაციებში გადაწყვეტილებების მიღება.

ზღაპრები ასწავლის ემოციის კონტროლს.  
ზღაპრების მეშვეობით ბავშვები ავითარებენ ისეთ თვისებებს, როგორიცაა ემოციური სტაბილურობა, მოთმინება, სტრესისადმი წინააღმდეგობა და ნებისყოფა.

წიგნიერებისა და კულტურის შესწავლა.
ზღაპრები შესაძლებლობაა ვისწავლოთ ალეგორიების გაგება და საკუთარი თვალსაზრისის ჩამოყალიბება. ზღაპრები ასწავლის ბავშვებს ისტორიის სტრუქტურის გაგებას – მოქმედების დროისა და ადგილის, პერსონაჟების და მათი მნიშვნელობის იდენტიფიცირებას საერთო სიუჟეტში.

წარმოსახვისა და ფანტაზიის განვითარება.
ცოდნა შეზღუდულია, მაგრამ წარმოსახვა ადამიანს აზროვნების თავისუფლებას აძლევს. წარმოსახვის ნაკლებობა ბავშვის აზროვნებას სტანდარტულს ხდის, აკლია შემოქმედებითობა და სიცხადე. განვითარებული წარმოსახვის გარეშე ადამიანს არ შეუძლია ჰქონდეს ორიგინალური იდეები.

ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარება. მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა აუხსნან რატომ არ შეიძლება კონკრეტული პერსონაჟი იყოს ღირსეული ქცევის მოდელი. ზღაპრები ასწავლიან მსჯელობას. წაკითხულის განხილვა ასწავლის ბავშვს საკუთარი აზრების გამოხატვას და მოსაზრებების მკაფიოდ ჩამოყალიბებას. ზღაპრები აძლიერებს ბავშვის ლექსიკას და აუმჯობესებს მათ სასაუბრო უნარებს.

მნიშვნელოვანია ასაკის გათვალისწინება

აზრი არ აქვს 2-3 წლის ბავშვებისთვის ისეთი ზღაპრების წაკითხვას, რომელთა გაგებაც მათ ჯერ არ შეეძლებათ. სამი ან ოთხი წლის ბავშვები კარგად ერკვევიან ისეთ ზღაპრებში, როგორიცაა „ გარეული გედები“ და „წითელქუდა“. ხუთი წლის ასაკიდან ბავშვებს შეუძლიათ გაიგონ უფრო რთული ისტორიები უჩვეულო პერსონაჟებით, როგორიცაა „კონკია“ და „მაკნატუნა“.
ისტორიების შერჩევისას მშობლებმა უნდა იხელმძღვანელონ საკუთარი ლოგიკითა და ბავშვების გემოვნებით. ამიტომ, მათ უნდა ჰკითხონ, მოეწონათ თუ არა ისტორია და იყო თუ არა ის საინტერესო თუ მოსაწყენი, საშიში თუ სასაცილო, საინტერესო თუ პროგნოზირებადი. ამ გზით მათ შეუძლიათ აირჩიონ ნამდვილად საინტერესო ისტორიები, რომლებიც აუცილებლად მოხიბლავს მათ შვილებს.

ფოტო: familyintale
ourlittlejoys
cmosc

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g