„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ტერორიზმის მუხლით დაწყებულ გამოძიებას ამავე პარტიის გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე ეხმაურება.
ირაკლი კუპრაძის განცხადებით, მას ალეკო ელისაშვილთან ფაქტთან დაკავშირებით კომუნიკაცია არ ჰქონია.
„ალეკო ელისაშვილის შესახებ სამი რამ ვიცი: პირველი – ის რუსეთის რეჟიმისა და პუტინის მიერ ტერორიზმის მუხლით არის ძებნილი. მეორე – ის პატრიოტი მოქალაქეა და მესამე – მას საჯაროდ, კამერების წინ ნაცემი ჰყავს მამუკა მდინარაძე და როგორც „ქოცი“ სუბიექტი, არის ბოღმიანი და შურისმაძიებელი.
ჩვენ პროცესს ბოლომდე დავაკვირდებით და მივყვებით.
ჩვენ გვჭირდება ალეკოსგან მეტი კომუნიკაცია და დეტალების ცოდნა. ის ძებნილია რუსეთში ტერორიზმის ბრალდებით, ისევე როგორც აქ. ამის მიღმა ჩადენილი აქვს თუ არა რაიმე ტიპის ქმედება, ამას საქმე წარმოადგენს, მაგრამ ქმედება პარტიულად ჩვენთვის მიუღებელია, თუმცა ამის მიღმა ივანიშვილის რეჟიმი სასოწარკვეთაში აგდებს ადამიანებს და მათ სასოწარკვეთილი ქმედებისკენ უბიძგებს, თუ მისი ქმედება დადასტურდება.
მე მასთან კომუნიკაცია იმ დღეს, დაღამებამდე მქონდა, ოფისში. ჩვენ ამ საკითხზე კომუნიკაცია არ გვქონია“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
შეგახსენებთ, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ცნობით, ნიღბიანი ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მივიდა, ჩაქუჩის გამოყენებით სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა ჩაამტვრია და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში.
პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მან ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება დაასხა და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა.გამოძიების ცნობითვე, პოლიტიკოსი ერთ-ერთ მანდატურს თავს დაესხა და სცემა.
