საქართველო საბავშვო ევროვიზია 2025-ს მასპინძლობს. 13 დეკემბერს გრანდიოზული სანახაობა გაიმართება და სწორედ თბილისიდან გაიგებს მთელი ევროპა, თუ ვინ გახდება ყველაზე დიდი ევროპული მუსიკალური კონკურსის გამარჯვებული.
განსაკუთრებული სამზადისი უკვე დიდი ხანია, მიმდინარეობს. საქართველოს კი ამ მუსიკალურ ფორუმზე წარმოადგენს ანიტა აბგარიანი, „რანინას“ გამარჯვებული გოგონა, რომელიც უკვე მთელმა საქართველომ გაიცნო.
ანიტას სიმღერა, ისევე, როგორც „საბავშვო ევროვიზიის“ აქამდე მონაწილე ყველა მომღერლის, ერთ კომპოზიტორს და არანჟირებების ავტორს ეკუთვნის. ეს გახლავთ გიგა კუხიანიძე, რომლის ნამუშევრებმა საქართველოს აქამდე უკვე რეკორდული, ოთხგზის გამარჯვება მოუტანა „საბავშვო ევროვიზიაზე“.
გიგა გვესაუბრება, როგორ დაწერა სიმღერა ანიტასთვის.
გიგა კუხიანიძე:
როცა ანიტა გავიცანი, გვქონდა ერთი თვე, რომ მაქსიმალურად აღმომეჩინა მასში ისეთი შტრიხები, რაც მანამდე არ ვიცოდი „რანინადან“ გამომდინარე. რასაკვირველია, იქ კარგად ჩანდა, რომ ბავშვი იყო ფანტასტიკური მონაცემების პატრონი, მაგრამ კიდევ მაინტერესებდა, რა იყო ამის იქით. ვამუშავე უცხოურ რეპერტუარზე, რომ მისი მონაცემები ამომეწურა. მივხვდი, რომ შემეძლო გამერისკა რთული სიმღერა ვოკალისტისთვის, რომელმაც გადააჭარბა 10 წლის ასაკის ბავშვის მონაცემს. მერე დავფიქრდი, ცოტა ზედმეტი ხომ არ მომივიდა, მაგრამ ანიტა იმდენად ძლიერია, სხვანაირად ვერ გამიშვებდა. მან მიბიძგა, რომ ამ მიმართულებით წავსულიყავი. მინდა ვთქვა, რომ ანიტასთვის ეს სამი წუთიც არ იყო საკმარისი, ძალიან ბევრი რამ შეიძლებოდა კიდევ, მაგრამ მაინც შევეცადე, რომ მაქსიმუმი გამომეჩინა, რაც სამ წუთში შესაძლებელია.

როგორ იმუშავეთ ერთად?
ნაყოფიერი მუშაობა გამოგვივიდა. მონდომებულია და მებრძოლი. არ პატიობს საკუთარ თავს ერთ შეცდომასაც კი. ასეთი მოთხოვნა აქვს თავისი თავის მიმართ. თავიდან, როცა ერთმანეთი გავიცანით, დავუსვი კითხვა, როგორი სიმღერა უნდოდა, რომ დამეწერა. შემომხედა და მითხრა, რომ ეს სიმღერა ძალიან ძლიერი უნდა ყოფილიყო (იღიმის). თავიდან, როცა დავიწყეთ მეცადინეობა, ოდნავ გაუჭირდა, ცოტა წუწუნებდა და თავის თავს ეჩხუბებოდა. მე კი ვეხუმრებოდი, შენ ხომ მომეცი დაკვეთა და შევასრულე და ახლა მე გაძლევ დაკვეთას, რომ ეს სიმღერა უნდა შეასრულო-მეთქი.
უკვე ახლა, ჩანაწერს ვერც კი ვუსმენ, ცოცხლად ისე მღერის, რომ ჩანაწერის მოსმენაც არ მინდა. სტუდიაში მისთვის ეს კომპოზიცია ახალი იყო. ახლა ძალიან კარგ ფორმაშია და ღმერთის წყალობით, მზადაა, 13 დეკემბერს ფურორს ველოდებით.
მივიჩნევ, რომ ანიტა უკონკურენტოა. არასდროს ვამბობ საზოგადოების წინაშე ასე, მაგრამ ახლა ძალიან ამაყად შემიძლია ვთქვა, არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, რომელ ადგილს აიღებს, ის ნამდვილად იმსახურებს გამარჯვებას!..
„საბავშვო ევროვიზიის“ რეკორდული, ოთხი გამარჯვების ავტორი ხარ. რა არის მთავარი ამბავი?
სწორი არტისტი და სწორი სიმღერა – ეს არის უმთავრესი. სიმღერა ყველაზე მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, მთავარი, მაგრამ თუ არ იქნება კარგი არტისტი, სიმღერაც ვერ გამოჩნდება და პირიქით, – არტისტზე ზუსტად თუ არ მოარგებ, ვერ გამომაჟღევნდება თავად მომღერალი. უკან რა ლამაზი იქნება ეკრანი და რა გეცმევა, ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ მეორეხარისხოვანი.
ანუ, შენ მიიჩნევ, რომ მიუხედავად იმისა, რომ „საბავშვო ევროვიზია“ ძალიან დიდი შოუა, მაინც სიმღერა იმარჯვებს?
ჩვენს გამარჯვებებს რომ გადავხედოთ, გვაძლევს ამ დასკვნის შესაძლებლობას. სხვებს უფრო კარგი შოუები ჰქონიათ, მაგრამ მთავარ ამბავს ბავშვები ქმნიან, მათზეა ყველაფერი დამოკიდებული. ანდრია ფუტკარაძის შემთხვევაში, სიმღერის შესახებ ძალიან ცუდი კომენტარები იწერებოდა. როცა მაყურებელმა შეხედა მის ცოცხალ და გულწრფელ ნამღერს, ზღაპრული სამყარო მოაწყო და გაიმარჯვა კიდეც. სხვას შეიძლებოდა, იგივე სიმღერა შეესრულებინა, მაგრამ არაფერი მომხდარიყო.
ჩემთვის, როგორც სიმღერის ავტორისთვის, მთავარი კიდევ ერთი მომენტია – საკუთარი თავისთვის არც ერთი სიმღერა არ დამიწერია. უნდა დაწერო არტისტისთვის და არა კომპოზიტორისთვის, შეიძლება, სულ სხვა მუსიკა მიზიდავს და ასეც არის, მაგრამ მე ვწერ არტისტისთვის. ვფიქრობ, არასდროს შემშლია ეს. ძალიან ბევრს ვფიქრობ. გამიკეთებია სიმღერა, ჩამიწერია, არ მომწონებია და სხვა დამიწერია. ანდრიას შემთხვევაშიც ასე მოხდა. მისთვის სიმღერა დავწერე, ჩავაწერინე და მივხვდი, რომ მისი არ იყო… ის სიმღერა შემზიზღდა. მიუხედავად იმისა, რომ ორი კვირა მქონდა დარჩენილი და ეს ძალიან ცოტა დროა, მივხვდი, რომ ეს სიმღერა უნდა დამევიწყებინა და ახალი დამეწერა. სხვანაირად არ შეიძლებოდა. სულ არ მაინტერესებდა, ვინ რას გამლანძღავდა, რადგან ეს უნდა ყოფილიყო ანდრიას სიმღერა.

როგორც ჩანს, ყველაფერთან ერთად, კარგი ინტუიციაც გაქვს…
ინტუიციაც მაქვს და ვხედავ კარგად. მნიშვნელოვანია, რომ მუშაობა არ დაგეზაროს, ასი პროცენტით თუ არ ხარ დარწმუნებული, უნდა შეცვალო და თავიდან იმუშავო. ადამიანები ვართ და გვეზარება, მეც მეზარება ხოლმე, მაგრამ სხვანაირად არ გამოვა, თუ წარმატება გინდა. ამბიცია თუ არ გაწუხებს და თუ არ იბრძვი იმისთვის, რომ იყო მოწინავე, ამ შედეგებს ვერ დადებ. სულ ასე ვაფრენ… საშინელი პერიოდი მაქვს იმ დროს, როცა „ევროვიზიაზე“ ვმუშაობ, ვერავინ მელაპარაკება, არავის კონტაქტი არ აქვს. რა დონის რთულიც და მძიმეც უნდა იყოს ეს პროცესი, მიყვარს ეს სიგიჟე, აურზაური, დაძაბულობა, ნერვიულობა…
