მუსიკოსი დათო ლონდარიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ იხსენებს, რომ ჰქონდა პროექტი ლევან კბილაშვილთან ერთად, რომელიც ვერ განახორციელა და ამის გამო სინანული იპყრობს.
– გქონიათ განცდა, რომ ძალიან ბევრი იშრომეთ, მაგრამ ყველაფერი წყალში ჩაიყარა?
– კი, იყო რამდენიმე პროექტი, თუმცა ის, რისთვისაც დიდი ენერგია გავიღე, რაღაც პერიოდი ძალიან აქტიური და შედეგიანი იყო, ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ფერი იცვალა და ნელ-ნელა გაქრა. გული არ მწყდება, ალბათ, ზუსტად იმ დოზით გავიღე ენერგია, რა დროითაც გასტანა.
ყველაზე მეტად გული ერთ რამეზე მწყდება. წლების განმავლობაში ძალიან დიდი ენერგია და სიყვარული ჩავდე პროექტში, რომელსაც ლევან კბილაშვილთან ერთად ვაკეთებდი და სამწუხაროდ, ჩვენი ჩანაფიქრი ვერ განვახორციელეთ. ის, რაც საზოგადოებამ მოისმინა და შეიყვარა, მხოლოდ წინასიტყვაობა იყო. მე და ლევანმა წლები ჩავდეთ ამ საქმეში, მაგრამ საუბედუროდ, მისი ბოლომდე მიყვანა არ დაგვცალდა.
– რთულ პერიოდებში რა გეხმარებათ ფეხზე წამოდგომაში?
– ბოლო 5-6 წლის განმავლობაში ჩემი მეუღლე ძალიან მეხმარება. მისი მხარდაჭერა ბევრ რამეში გამოიხატება: მეხმარება ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, მეხმარება თავისი ენერგეტიკით… ძალიან ძლიერი ადამიანია და დიდ გავლენას ახდენს ჩემს სამყაროზე. ზოგადად, მე მელანქოლიკი ვარ. რაღაც პერიოდი დავითრგუნები ხოლმე, რატომღაც ასეთი ხასიათი მაქვს. სანამ ჩემს ცხოვრებაში ნათიუკა გაჩნდებოდა, ყოველთვის ვამბობდი, რომ ფერფლიდან აღდგენის ძალა მქონდა. ბოლომდე არ ვვარდებოდი. ბოლო პერიოდში, მისი დამსახურებით, ასეთი მომენტი საერთოდ აღარ მაქვს. ადრე ეს ნამდვილად ხშირი იყო.
