გლობალური ბაზრის მკვლევარმა ბრიტანულმა კომპანიამ Euromonitor International ყოველწლიური The City Destinations Index (CDI) გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიოს ქალაქებს რამდენიმე ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით აფასებს: ეკონომიკური და ბიზნესის ეფექტიანობა, ტურიზმის მაჩვენებლები და ინფრასტრუქტურა, ტურიზმის პოლიტიკა და მიმზიდველობა, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, ასევე სტაბილურობა. ინდექსის მიზანია არა მხოლოდ ქალაქების პოპულარობის, არამედ მათი გრძელვადიანი კონკურენტუნარიანობისა და მდგრადობის შეფასება.
როგორც Euromonitor International-ის ანგარიშშია აღნიშნული, მსოფლიოს ქალაქები ტურისტული დანიშნულებების განვითარების ახალ, გარდამტეხ ეპოქაში შედიან, რომელსაც ახასიათებს მასშტაბური ინვესტიციები, სწრაფი ინოვაციები და ხელოვნური ინტელექტის ფართომასშტაბიანი ინტეგრაცია. ვიზიტორებისთვის, ქალაქებს შორის კონკურენციის ფონზე, ყურადღება სულ უფრო მეტად გადადის სტაბილურობაზე, მდგრადობაზე და შთამბეჭდავი, პერსონალიზებული გამოცდილების შეთავაზებაზე.
The City Destinations Index-ის თანახმად, საფრანგეთის დედაქალაქი, ზედიზედ მეხუთე წელია, მსოფლიოს აუცილებლად მოსანახულებელი საუკეთესო ქალაქის პოზიციას ინარჩუნებს.
Euromonitor International-ის შეფასებით, პარიზი გამოირჩევა უმაღლესი დონის ტურისტული ინფრასტრუქტურის, კულტურული გავლენისა და მდგრადობისკენ მიმართული ინიციატივების უნიკალური კომბინაციით. განსაკუთრებულ მოვლენად სახელდება პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის (Notre-Dame de Paris) ხელახალი გახსნა, რომელმაც მნიშვნელოვანი ტურისტული ინტერესი გამოიწვია. პარიზი, ასევე, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ქალაქია – გასულ წელს მან 18 მილიონზე მეტ საერთაშორისო ვიზიტორს უმასპინძლა.
რაც შეეხება იმ ქალაქების ათეულს, რომელსაც Euromonitor International-ი 2026 წლისთვის მოსანახულებლად საუკეთესოდ მიიჩნევს, ასე გამოიყურება:
1. პარიზი, საფრნაგეთი
2. მადრიდი, ესპანეთი
3. ტოკიო, იაპონია
4. რომი, იტალია
5. მილანი, იტალია
6. ნიუ-იორკი, აშშ
7. ამსტერდამი, ნიდერლანდები
8. ბარსელონა, ესპანეთი
9. სინგაპური, სინგაპური
10. სეული, სამხრეთ კორეა
