LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მითხარით, ვინ ჩამოუყალიბა ის აზრი პოლიციელს, რომ პაატა მანჯგალაძე ქვეყნის დამანგრეველია? რაში გამოიხატება ჩემი მხრიდან მომავლის დანგრევა?“ – პაატა მანჯგალაძე სპეცრაზმელს

114
პაატა მანჯგალაძე

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე ბრალდებული 10 პირის მორიგი სასამართლო პროცესი იმართება.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი, იოსებ როსტიაშვილი, რომელმაც თქვა, რომ აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს მოუწოდებდნენ, მათ მხარეს გადასულიყვნენ, ეს კი მან შეურაცხმყოფლად მიიჩნია.

აღნიშნული განცხადების საპასუხოდ, იოსებ როსტიაშვილს მიმართა 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, „სტრატეგია აღმაშენებელის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ.

„თქვენ თქვით, რომ „ქვეყანას რომ ანგრევენ და გეუბნებიან, ჩვენკენ გადმოდიო, ესაა შეურაცხყოფა“, დაზუსტება მინდა, ეს აღქმა თქვენ აქციების დროს ჩამოგიყალიბდათ, თუ რამე სპეციალური პოლიტიკური გადამზადების კურსია, სადაც ამას გიტარებენ?

პოლიციელი ამბობს, რომ ეს პოლიტიკოსი ანგრევს ქვეყანასო. მე პოლიტიკოსი ვარ, ამბიცია მაქვს ქვეყნის უკეთეს მომავალზე. მარტო ჩემი შვილების კი არა, თქვენი და „ქართული ოცნების“ შვილების უკეთესი მომავლისთვის მაქვს პრეტენზია და თქვენი ეს განცხადება, რას ეფუძნება პაატა მანჯგალაძესთან მიმართებით ან ნებისმიერ ჩვენგანთან მიმართებით?

თუ შეგიძლიათ ამიხსენით, რაში გამოიხატება ჩემი მხრიდან მომავლის დანგრევა? ქვეყნის უკეთესი მომავალი, დემოკრატია და ევროპა რომ მინდა, ამაში გამოიხატება? ჩვენ თქვენი შვილების მომავლისთვისაც ვიბრძვით და არ მგონია იგივე იყოს მეორე მხარეს – იმ ოქროს ზოდებს და სეიფში დამალულ მილიონებს თქვენი შვილებისთვის არავინ აგროვებს, ნამდვილად. კიდევ ერთხელ გეუბნებით, არ გვინდა ეს რადიკალიზება და მხარეთა პოზიციის ჩამოყალიბება, რომ რადგან ადამიანი აქციაზე არის, ის არის ქვეყნის დამანგრეველი. არ შეიძლება ასეთი პოლიტიზება პოლიციის. თქვენ პოლიციის ფიცი გაქვთ დადებული. პოლიციაც მოქალაქისთვის არსებობს, ხელისუფლებაც მოქალაქისთვის არსებობს. მითხარით, ვინ ჩამოუყალიბა ის აზრი პოლიციელს, რომ პაატა მანჯგალაძე არის ქვეყნის დამანგრეველი?“ – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

„პრეზიდენტის სასახლესთან ღობის სექციები დეფორმირებული იყო, შედუღების ადგილზე გადატეხილი, ერთი ღობე კი ნახევრად მოგლეჯილი, ღობე დაჟანგებული არ იყო, ზარალი 9 300 ლარია“ – მოწმე ექსპერტი 4 ოქტომბრის საქმეზე

შეგახსენებთ, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.

ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g