LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ ჯაფარიძე: „სინამდვილეში გვასამართლებენ იმის გამო, რომ აშშ-მა ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა“

114
ზურაბ ჯაფარიძე

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინასასამართლო სხდომა იმართება.

პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

როგორც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, „სინამდვილეში, ასამართლებენ იმის გამო, რომ აშშ-მა ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა.

„ორი ბრალი არის ჩემს შემთხვევაში და არა მარტო, ჩემი, ხოშტარიას და ვაშაძის შემთხვევაში ორი ბრალია და სხვების შემთხვევაში ერთი. ერთ შემთხვევაში საუბარია საბოტაჟზე. ყველა პოლიტიკური ლიდერი აქ იქნება. საუბარია 2002 წლის ნოემბერ-დეკემბერში რაც ხდებოდა რუსთაველზე, რომ ჩვენ ვიყავით ამ ყველაფრის ორგანიზატორი. არაფერი აქვთ საქმეში სინამდვილეში. მთავარი მტკიცებულება რაც აქვთ, არის დაახლოებით 20-მდე პოლიციელის ჩვენება. „სინდისის პატიმრებისგან“ განსხვავებით, სადაც ეს პოლიციელები ვერავის ადებდნენ ხელს, ახლა გადააკეთეს ეს და დაახლოებით 20-მდე პოლიციელია, რომელიც ზღაპრებს ჰყვება, რომ ვითომ დაგვინახეს მე და ვიღაცები, ვითომ ხალხს მოვუწოდებდით, აბა, გავექანეთ ახლა და პარლამენტში შევარდით. რომ ვითომ იქით მამუკა, ბადრი და გახარია მოუწოდებდნენ, ცეცხლი წაუკიდეთ და ა.შ. ასეთი სიგიჟეები წერია. დაახლოებით 20-მდე პოლიციელის ჩვენებაა. ამის მიღმა რაც აქვთ, არის გაკეთებული ვიდეო და აუდიო-ჩანაწერები საჯარო შეხვედრებიდან. მე, ელენე ხოშტარია და ვაშაძე, სადაც საჯაროდ რაღაცებს ვყვებით. აქვთ ჩემი საზაფხულო ბანაკებიდან ჩანაწერებიც, რომელიც მანამდე „იმედმაც“ ატრიალა. სხვათა შორის, ჩანს იარაღიც, სადაც ჩვენ ჩვენი იდეოლოგიიდან გამომდინარე, ადამიანებს ვუხსნით, რატომ არის მნიშვნელოვანი იარაღის ტარების უფლების დაკანონება ქვეყანაში, რაც აშშ-ში, ძალიან ბევრ შტატში არსებობს. სიმძაფრისთვის ანახებენ, რომ აი, ნახეთო. ყველა იარაღი, რომელიც კადრში ჩანს, არის ლეგალური. ლეგალურად აქვთ ადამიანებს შეძენილი, უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით ვუხსნით და ვასწავლით ახალგაზრდებს…

მეორე საქმე არის მტრული სახელმწიფოებისთვის დახმარება, სადაც საუბარია კონკრეტულად იმაზე, რომ ჩვენ, პოლიტიკოსების ნაწილი ვმუშაობდით სხვადასხვა ქვეყანასთან იმისთვის, რომ დაესანქცირებინათ საქართველოში „ქართული ოცნების“ სხვადასხვა ლიდერები. გასაგებია, რომ მთავარი ამბავი არის ბიძინას დასანქცირება.

სინამდვილეში, გვასამართლებენ იმის გამო, რომ აშშ-მა ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა. მტკიცებულებად არის ჩვენი საჯარო განცხადებები, სადაც ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ სანქციებზე ვმუშაობთ“, – თქვა ზურაბ ჯაფარიძემ.

საქმეში არის მხოლოდ ჩემი სახელი და გვარი, ცარიელი ფურცელი და 15 წელი, პროკურორმა ორი მტკიცებულება მაინც დაასახელოს – გიორგი ვაშაძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე

ცნობისათვის, პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიას, გიორგი ვაშაძის, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

პროკურატურის განცხადებით, საქმე ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, კერძოდ: საბოტაჟს, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებას და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g