LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მინდა, მოხვიდეთ ერთ საღამოს, მამა შალვა, ამბიონიდან კიცხვას იქნებ სჯობდეს, დაელაპარაკოთ ამ ადამიანებს, გაარკვიოთ, რა აწუხებს ამ ხალხს, 500 დღეა, ყოველ საღამოს რომ გამოდიან რუსთაველზე…“ – ჯაფარიძე მამა შალვა კეკელიას

172
მამა შალვა კეკელია, ზურა ჯაფარიძე

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე მამა შალვა კეკელიას მიმართავს.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, აქციის მონაწილეების მისამართით დეკანოზის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება:

„მამა შალვა კეკელიას გამოსვლა ვნახე, სადაც ის რუსთაველზე მდგომ უწყვეტ პროტესტში მყოფ ადამიანებს კიცხავს, საკმაოდ ემოციური ტონით თან. კიცხავს იმაზე, პროტესტი როგორ არ შეწყვიტეთ პატრიარქის გლოვის დღეებშიო, თითქოს რუსთაველზე საღამოს 2 საათით დგომა აკნინებს პატრიარქის გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილსა და სევდას იმ ადამიანებისთვის, ვისაც ის უყვარდათ. ვნახე 1-2 პასუხიც, გადაძახილ-გადმოძახილია.
მინდა, მამა შალვას მივმართო და დავპატიჟო რუსთაველზე. მინდა, მოხვიდეთ ერთ საღამოს, მამა შალვა. ამბიონიდან კიცხვას იქნებ სჯობდეს, პირდაპირ დაელაპარაკოთ ამ ადამიანებს, გაარკვიოთ, რა აწუხებს ამ ხალხს, 500 დღეა, ყოველ საღამოს რომ გამოდიან წვიმაში, ქარში თოვლში და დგანან რუსთაველზე.
რატომ არ მოდიხართ, რისი მოლოდინი გაქვთ, რა გაშინებთ? რომ უსამშობლოებში აღმოჩნდებით და ვინმე შეურაცხყოფას მოგაყენებთ?
ვთქვათ, მართლა უსამშობლოები ვართ, მართლა აგენტები ვართ, ის კაციც, ირაკლი ლომოური, საკუთარი გასაშლელი სკამით რომ მოდის ყოველ საღამოს, ისიც აგენტია, ვთქვათ, შეცდენილები ვართ ყველანი და ვართ თქვენი გადმოსახედიდან დაკარგული სულები – ამ შემთხვევაში თქვენი საქმე რა არის? ამბიონიდან ჩვენი კიცხვა? მაგისთვის გაცვიათ ანაფორა?
ეგრე ფიქრობთ, რომ გადაარჩენთ ჩვენს სულებს? თუ საერთოდ არ არის ჩვენი სულების ხსნა თქვენი საქმე? ვთქვათ, მართლა გაგკიცხეს, გაგინეს და ფიზიკურად შეგეხნენ, იმაზე მეტი რა უნდა გიქნათ ვინმემ, რაც უქნეს იესოს? თქვენი საქმე რა არის სხვა, თუ არა სიმართლისთვის ტკივილის ატანა? აბა რითი განსხვავდებით თქვენ ჩვეულებრივი, რიგითი მოკვდავდებისგან, რატომ გაცვიათ ანაფორა? სინამდვილეში არც ერთი იქ (რუსთაველზე) მყოფი ადამიანი ზედმეტ სიტყვას არ გეტყვით, შემიძლია, თავი დავდო ამაზე. დაგელაპარაკებიან, ეცდებიან, თავიანთი სიმართლე დაგანახონ – ეს იქნება სულ.
ბოლოსდაბოლოს ამ მიწაზე ადამიანების გასაქრისტიანებლად, შემდგომში უკვე წმინდანად შერაცხული ხალხი, ჩამოდიოდა ანტიოქიიდან და კაპადოკიიდან, სირიიდან, რა გახდა ვაკიდან რუსთაველზე ერთი გამოსვლა?
იესო კეთროვნებთან მიდიოდა – რუსთაველზე გამოსვლა რა გახდა ? სინამდვილეში, რაც თქვენი მხრიდან ამას სჭირდება, არის რწმენა, რომელიც ადამიანს თავდაჯერებასა და გამბედაობას აძლევს, აკეთოს რაღაც სიმართლისთვის, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამას შეიძლება, მოჰყვეს მისთვის ტკივილი.
თუ მართლა გაქვთ თქვენი სიმართლე და თქვენი ეგ ემოციური გამოსვლა ყალბი არ არის, ეს უნდა გააკეთოთ. მოდით რუსთაველზე, დაელაპარაკეთ იქ შეკრებილ ხალხს. უთხარით თქვენი სიმართლე და მოისმინეთ, რა არის მათი სიმართლე“, – წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

ფოტო სლაიდზე: „პუბლიკა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები