LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პატრიარქი სულ ამბობდა, რომ ეს ის თაობა იქნება, რომელიც ამ ქვეყანას გააბრწყინებს და რომელიც ამ ქვეყანას შეცვლის…“ – დეკანოზი შალვა კეკელია პატრიარქის ნათლულებზე

412
ილია მეორე, მამა შალვა კეკელია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება.

სამების საპატრიარქო ტაძართან იმ მოქალაქეების ნაკადი არ წყდება, რომლებსაც კათოლიკოს-პატრიარქისთვის უკანასკნელი პატივის მიგება სურთ. გუშინ სამების საკათედრო ტაძარში ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგეს პატრიარქის ნათლულებმა. ისინი სამების საკათედრო ტაძარში მსვლელობით მივიდნენ, ხელში სიმბოლურად თეთრი ვარდებით.

პატრიარქის ნათლულების შესახებ „იმედის“ ეთერში დეკანოზმა, შალვა კეკელიამ ისაუბრა. მისი თქმით, პატრიარქი სულ ამბობდა, რომ ეს ის თაობაა, რომელიც ამ ქვეყანას გააბრწყინებს:

„გარდაცვალებაც იყო დღესასწაული… ჩემ თავს სულ ვეუბნებოდი ხოლმე, რომ როგორც უწმინდესის პატრიარქობა და მისი მოღვაწეობა იყო მთელი ცხოვრება ერის შემობრუნებისკენ მომართული, სულ ვფიქრობდი, რომ ისეთ დროს გარდაიცვლება, რომ ამ გარდაცვალებითაც დიდ რამეს გააკეთებს, თავის გარდაცვალებითაც გვიქადაგებს. დღეს როგორ გვიქადაგებს და რაზე გვესაუბრება უწმინდესი, რომ აი ამ ბავშვებზე დგას ეს ქვეყანა და თვალზე ცრემლმორეული ბავშვები რომ მიდიოდნენ მის ნათლიასთან თეთრი ვარდებით ხელში – ეს საოცარი შეგრძნება იყო, ეს იყო ის რისთვისაც პატრიარქმა იღვაწა და რაც მან აკეთა თითოეული ჩვენგანისთვის. სულ ამბობდა პატრიარქი, რომ ეს ის თაობა იქნება, რომელიც ამ ქვეყანას გააბრწყინებს და რომელიც ამ ქვეყანას შეცვლის, ეს ის ბავშვები არიან, რომლებიც ამ ქვეყანას შეცვლიან და ის ადამიანები არიან, რომელთაც ერთმანეთი ეყვარებათ, რადგან პატრიარქი სულ ამბობდა, რომ „საქართველო მიყვარხარ“. მას უნდოდა, რომ როგორც თავად უყვარდა საქართველო, ისე ჰყვარებოდა ყველას ეს ქვეყანა“, – ამბობს დეკანოზი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g