რადიო „ფორტუნას“ ეთერი და გადაცემა არტFM პატრიარქის ხსოვნას მიეძღვნა.
ილია მეორის გარდაცვალებიდან დღეს, 25 აპრილს 40 დღე გავიდა.
„ფორტუნას“ ეთერში პატრიარქზე არაერთი საოცარი ისტორია გაიხსენეს, მათ შორის იყო მომღერალი სოფო ნიჟარაძე.
მომღერალმა აღნიშნა, რომ პატრიარქი ჯერ კიდევ ბავშვობიდან კარგად ახსოვს.
„ღრმა ბავშვობიდან მახსოვს, ყოველი ისტორია არის უძვირფასესი. პირველი ისტორია იყო, როდესაც სულ პატარა ვიყავი და მიუხედავად იმისა, რომ პატარა ვიყავი მართლა ნათლად მახსოვს, თითოეული სიტყვა, თითოეული წამი მასთან გატარებული.
მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ ჩემს ცხოვრებაში, არა მარტო მასთან დაკავშირებული, ზოგადად ისეთი დიდი ისტორია ჩემს ცხოვრებაში როგორც ავე მარიას დაწერის ისტორიაა, ნამდვილად არ მაქვს. ისეთი რამაა, რაც მართლა მთელი ცხოვრება მემახსოვრება, ძალიან დიდი მადლია. არ დამავიწყდება ის დღე, როცა მან საპატრიარქოში დამიბარა და იმ საღამოს, როცა შუბერტის ავე მარია მოისმინა ჩემი შესრულებით, მაშინ გადაწყდა, რომ თვითონ უნდა შეექმნა ავე მარია. და მე ვიყავი პირველი, ვისაც მოასმენინა მისი შემნილი ავე მარია. ნამდვილი შედევრი, საოცარი მუსიკა, ჯერ კიდევ დასრულებული არ იყო და მხვდა ბედნიერება, პირველს მომესმინა მისი შექმნილი ავე მარია. შემდეგ უკვე საჯაროდაც განაცხადა, ჩემთვის ეს იმდენად დიდი საჩუქარი იყო, მთელი ცხოვრების განმავლობაში, რომ არ არსებობს მე ეს დავივიწყო, ყოველთვის მემახსოვრება. ეს იყო განსაკუთრებული მომენტი ჩემს ცხოვრებაში, სიტყვები ზედმეტია გადმოვცე ის ემოცია, რომელსაც იმ წამს იქ ვგრძნობდი, რამდენჯერაც ამ კომპოზიციას ვუსმენ ყოველთვის თვალწინ მიდგას ჩვენი შეხვედრა, მისი ფაფუკი ხელებით ჩახუტება. წარსულში ძალიან რთული იქნება გახსენება, მისი ხსოვნა იმდენად მარადიული იქნება, ხალხისთვის, ჩემთვის პირადად, რომ ის ყოველთვის იქნება დღევანდელი დღე. მემახსოვრება და მუდამ მადლიერი ვიქნები ამ ყველაფრისთვის,“ – ამბობს სოფო ნიჟარაძე.
სოფო ნიჟარაძემ აღნიშნა, რომ პატრიარქი შეფასებასაც კი მოწიწებით გასცემდა, რასაც მომღერალი შემდეგში რჩევის სახით ითვალისწინებდა.
„იცოდა ისეთი შეფასება, რომ მერე რჩევის სახით ვითვალისწინებდი, მახსოვს სიტყვები, იმდენად ნაზი იყო, იმდენად ლამაზი, სინაზე, სირბილე უყვარდა მუსიკაში. მოწიწებით, განსაკუთრებული ემოციით იყო. თვითონ ჰქონდა საოცარი მუსიკალური გემოვნება. მოსწონდა სირბილე, სინაზე, ამაზე აქცენტს რომ აკეთებდა, ვხვდებოდი, რა იყო მისი რჩევა, რომ ასე გააგრძელე, ნაზად, რბილად, ემოციით და ა.შ…“ – აღნიშნა სოფო ნიჟარაძემ.
ამავე თემაზე:
