დღეს, 25 აპრილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებიდან 40 დღე შესრულდა.
დღის განმავლობაში რადიო „ფორტუნას“ ეთერში პატრიარქთან დაკავშირებით არაერთი ისტორია გაიხსენეს.
გადაცემა არტ FM თათა სადრაძესთან ერთად, ნატო მეტონიძეს ესაუბრა. მომღერალმა აღნიშნა, რომ პატრიარქის გარდაცვალების მერე საჯაროდ არ უსაუბრია, რადგან განცდები იმდენად მძიმე იყო, მომხდარის დაჯერება ძალიან უჭირდა.
„რაც პატრიარქი გარდაიცვალა ყველა საჯარო გამოსვლას მოვერიდე, არ ვიცი რატომ, ჩემი ბუნებრივი უარი იყო იმიტომ, რომ არ ვიცი, მერიდებოდა მასზე საუბარი, არ მინდოდა გარდაცვლილ პატრიარქზე მელაპარაკა…ალბათ ყველას დაგვიშვია, რომ არ იქნებოდა პატრიარქი და მერე რა გვეშველებოდა…როცა ეს დღე დადგა, არ მჯეროდა, მეგონა, რომ სულ იქნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ დაგვიშვია კიდეც უმისობა. დიდ სევდასთან ერთად, რაღაც იმედიც გაჩნდა და არა მარტო ჩემთან. ნათელი სევდა ჰქვია ჩემს აი ამ მდგომარეობას პატრიარქთან მიმართებაში იმიტომ, რომ ჩვენი ყველას თავშესაფარი იყო, ყველაზე მეტად რომ გიჭირს და მშობელს რომ გინდა გაუზიარო და შესჩივლო, სულ გეიმედებოდა და იყო კიდეც…ადამიანი, რომელიც ჩემთვის ყველაზე დიდი იმედი იყო და არის. ის ფიზიკურად არ არის, იმედი, რა თქმა უნდა, რჩება და ის დიდი სიყვარული კიდევ უფრო დიდი გახდება,“ – აღნიშნა ნატო მეტონიძემ „ფორტუნას“ ეთერში.
მომღერალმა გადაცემაში მისთვის რთული პერიოდიც გაიხსენა და მოჰყვა, თუ როგორ დაეხმარა მას პატრიარქის გვერდში დგომა.
„ვისაც შეხება ჰქონდა მასთან, ყველას ეგონა, რომ განსაკუთრებულად ექცეოდა და განსაკუთრებულად უყვარდა, შემიძლია ვთქვა, რომ ყველას ერთნაირად უნაწილებდა ამ სიყვარულს და ყურადღებას. მისთვის ყველა ერთნი ვიყავით, უსაზღვრო სიყვარულს და მზრუნველობას გამოხატავდა, განსაკუთრებით მაშინ როცა გაჭირვებით, შვებისთვის მიდიოდი, შველისთვის მიდიოდი.
ჩემს ცხოვრებაში იყო ასეთი რაღაც, თავს დამატყდა წარმოუდგენელი განსაცდელი და…მე მახსოვს, გამოვედი მისგან, მივხვდი, რომ არაფერი არ სრულდება, უბრალოდ გამოცდილებაა, აი ამის ისე მარტივად ახსნა შეეძლო…მერე მახსოვს, როცა დამამშვიდა და დამლოცა, მაშინ ავე მარია ახალი ჩაწერილი ჰქონდა ჩვენს საოცარ იანო ალიბეგაშვილს, პირველი შემსრულებელი იყო..მითხრა, მე ავე მარია დავწერე, ჩაწერა ჩემმა იანომ და მინდა მოგასმენინოო, რა თქმა უნდა, მოსმენის დროს ცრემლებად ვიღვრებოდი. მე ასეთი სევდიანი მასთან მისული, მის მიერ დაწერილი ავე მარია, იანოს შესრულებული…მეგონა, ყველაზე მძიმე რამისგან გავთავისუფლდი, ტვირთისგან, რითიც მივედი…საოცრად შეეძლო, ისეთ დარიგებებს გაძლევდა, რომ მერე რომ გახსენდებოდა, იმ წუთში რა უბრალო, მაგრამ რა მნიშვნელოვანი ყოფილა,” – გაიხსენა ნატო მეტონიძემ.
მომღერალმა ასევე აღნიშნა, რომ ილია მეორეს საოცარი იუმორის გრძნობა ჰქონდა და მხიარული მუსიკაც ძალიან მოსწონდა.
“საოცარი იუმორი ჰქონდა…როცა მივდიოდით, ვიცოდით, რომ სიმღერა აუცილებლად მოგვიწევდა და ყველას უნდოდა, სევდიანი სიმღერის შესრულება ან მუსიკის დაკვრა. მერე მოიწყენდა და გვეტყოდა ხოლმე, მოდით ახლა გავმხიარულდეთო…უსაყვარლესი, მართლა ბავშვივით უხაროდა ყველას ნახვა, ყველას წარმატება. ყველა ჩვენი შეხვედრიდან სიყვარულით სავსე მოვდიოდი, ვფიქრობდი, რა არის ის, რაღაც ყოფითზე რომ ვღელავთ, როგორ არაფერი არ არის იმ დიდ სიყვარულთან, რასაც პატრიარქი გახვედრებდა და კიდევ გატანდა. მე მგონია, რომ სანამ ეს ქვეყანა იარსებებს ეს დიდი სიყვარული ყველას გვეყოფა, ძალიან, ძალიან დიდი ხანი. ღმერთს მადლობას ვეუბნები იმისთვის, რომ პატრიარქი ჰყავდა საქართველოს, ჩვენ და მე მის დროში ცხოვრება მოგვიწია, რაღაცნაირად იმედიანი ვარ, მიუხედავად სევდიანი დღისა, რაღაცნაირი განცდები მაქვს, სენტიმენტალური, სევდიანი, მაგრამ იმედიანი,“ – აღნიშნა ნატო მეტონიძემ.
