LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალეკო ელისაშვილი: „დაკავებისას 4 საათი მქონდა ზურგს უკან ხელბორკილები, საპატიმროშიც ნახეს ხელები რა დღეში მქონდა, სისხლი მომდიოდა, კიდევ მრავალია, მაგრამ სადაა სამართალი“

108
ალეკო ელისაშვილი

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ალეკო ელისაშცილის წინასასამართლო პროცესი იმართება.

ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება

დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ. პროცესს ესწრება თავად ალეკო ელისაშვილიც, რომელმაც მოსამართლის შეკითხვაზე – ხომ არ ჰქონდა მისი დაკავების დროს ადგილი წამებას და არაადამიანურ მოპყრობას – განაცხადა:

„ჰქონდა, კი. 4 საათი მქონდა ხელბორკილები ზურგს უკან, საპატიმროშიც ნახეს ხელები რა დღეში მქონდა. ქალბატონი პროკურორი, დარწმუნებული ვარ, კუდით ქვას ასროლინებს იმ პოლიციელს. სისხლი მომდიოდა ბორკილებიდან. ამას გარდა კიდევ მრავალია, მაგრამ სამართალი სადაა“, – თქვა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისათვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, ნიღბიანი ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მივიდა, ჩაქუჩის გამოყენებით სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა ჩაამტვრია და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მან ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება დაასხა და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა. გამოძიების ცნობითვე, პოლიტიკოსი ერთ-ერთ მანდატურს თავს დაესხა და სცემა.

შეგახსენებთ, ალეკო ელისაშვილი ბრალდებულია კიდევ ერთ საქმეზე – პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ალი ბაბაევის პოლიტიკური ნიშნით დევნაზე.

ის პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული. ამ საქმეზე ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს ადამიანის დევნას პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„მოვუწოდებთ შესაბამის თანამდებობის პირებს, ადეკვატური კვალიფიკაციით გაგრძელდეს ალეკო ელისაშვილის საქმეზე გამოძიება და შეწყდეს ოპოზიციონერი ლიდერის დემონიზაციის კამპანია“ – ალეკო ელისაშვილის ადვოკატი

ფოტო სლაიდზე: არქივი / „ინტერპრესნიუსი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g