„თუ არ ვცდები, 3 სარჩელი ჩაუვარდათ უკვე – პოლიტიკური სპეკულაციებია, რაც სამარცხვინოა“, – ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძე გამოეხმაურა საიას განცხადებას, რომლის თანახმადაც არასამთავრობო ორგანიზაციამ ჟურნალისტ, მზია ამაღლობელის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მესამე საჩივარი გააგზავნა სადაც აღნიშნულია, რომ მზია ამაღლობელი დღემდე არ არის დაზარალებულად ცნობილი და საუბარია დაკავებისას, ასევე პოლიციის განყოფილებაში მისი უფლებების დარღვევაზე.
„საია-მ მზია ამაღლობელის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მესამე საჩივარი გააგზავნა“ – „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“
არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლო უკვე განიხილავს მზია ამაღლობელის 2 საქმეს.
„აღნიშნულზე უცხოელი აგენტები საუბრობენ, 3 სარჩელი ჩაუვარდათ უკვე თუ არ ვცდები. რაც შეეხება კონკრეტულ საქმეს, ყველამ იცის რომ ხალხის თვალწინ კონკრეტულმა ადამიანმა კონკრეტული ქმედება ჩაიდინა, რასაც დანაშაულის კვალიფიკაცია მიეცა. არის ევროკავშირის ქვეყნები, სადაც იდენტურ ქმედებებს ასევე მიეცა სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაცია. პატიმრობა შეეფარდათ. დანარჩენი პოლიტიკური სპეკულაციებია, რაც სამარცხვინოა“,- აღნიშნა პრემიერმა.
შეგახსენებთ, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მზია ამაღლობელის სახელით მესამე საჩივარი გააგზავნა, რომელიც, ორგანიზაციის განმარტებით, 2025 წლის 12 იანვარს განხორციელებულ არასათანადო მოპყრობას ეხება. მათივე ცნობით, სტრასბურგის სასამართლო უკვე განიხილავს მზია ამაღლობელის 2 საქმეს.
