ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი, “ნაციონალური მოძრაობიდან“ კახა ასკურავა მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება.
კახა ასკურავამ საგამოძიებო უწყებაში მტკიცებულების სახით ის პირადობის მოწმობები მიიტანა, რომელიც მისი თქმით, „ლანჩხუთში ერთ-ერთ სარდაფში აღმოაჩინა და რომელსაც არჩევნების გაყალბებისთვის იყენებდა ხელისუფლება“.
მისი თქმით, პროკურატურას ნივთმტკიცების სახით 17 პირადობის მოწმობას გადასცემს. ასკურავა ამბობს, რომ პირადობის მოწმობები ლანჩხუთში, ერთ-ერთ სარდაფში საარჩევნო უბნიდან 200 მეტრში აღმოაჩინა.
“ყველა პირი, ვისაც ეს პირადობის მოწმობები ეკუთვნით, არის გარდაცვლილი. მოვითხოვ პროკურატურამ დაადგინოს ამ პირადობის მოწმობების წარმომავლობა. ასევე, რისთვის გახდა საჭირო ეს პირადობის მოწმობები, რადგან ზოგიერთი 2004-ში, ნაწილი კი 2006 წელს არის გაცემული. მე მაქვს ჩემი ვერსია, თუ რისთვის იქნებოდა გამოყენებული ეს პირადობები. ეს არის არჩევნების გაყალბება, თუმცა პროკურატურამ უნდა გამოიძიოს საქმე. მე ასევე მგონია, რომ არსებობდა ყალბი სიებიც და ესეც უნდა დაადგინოს გამოძიებამ,” – განაცხადა კახა ასკურავამ.
კახა ასკურავასთან ერთად, მთავარ პროკურატურაში მისი ადვოკატი ლევან დავითაიაც იმყოფება.
