სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება. ილია მეორეს სრულიად საქართველო ემშვიდობება.
იურისტი, სოციოლოგი და ჟურნალისტი სამირა ბაირამოვა პატრიარქს სოციალურ ქსელში ემშვიდობება და წერს:
„ბევრმა თქვენგანმა შეიძლება იფიქროს, რომ ეს სურათია… მაგრამ არა, ეს არის ორი წლის განმავლობაში სიყვარულითა და მოთმინებით აბრეშუმით ნაქსოვი განსაკუთრებული ხალიჩაა. წლების წინ ის შეიქმნა, როგორც ძვირფასი საჩუქარი ილია II-ის იუბილესთვის.
ჩემი მეგობრის, ფაიგ ნაბიევის მოგონებიდან:
„როდესაც ილია მეორემ ეს ხალიჩა პირველად ნახა, დიდხანს და ჩუმად აკვირდებოდა ახლოდან… თითოეული დეტალი იმდენად ნაზი, იმდენად ცოცხალი იყო, რომ სურათს ჰგავდა.
მან ხელი ნაზად დაადო… და სწორედ იმ წამს მის სახეზე თბილი ღიმილი გაჩნდა, თვალები კი ცრემლით აევსო, თითქოს ამ ნაქსოვში ჩადებული სული და სიყვარული იგრძნო, მაშინ მეც სიხარულისგან ცაზე ავედი”.
ეს უბრალოდ საჩუქარი არ არის…
ეს არის გრძნობა, პატივისცემა და სითბო, რომელიც წლების განმავლობაში რელიგიათაშორის სიყვარულს აცოცხლებს საქართველოში.
იმედი მაქვს, ეს სიყვარული საქართველოში მუდამ გაგრძელდება, რომ ადამიანები, მიუხედავად რწმენისა, ერთმანეთის მიმართ ამ უსაზღვრო სითბოს შეინარჩუნებენ…
და სამუდამოდ სამართლიანობა და მშვიდობა ყველას გულში დაიმკვიდრებს ადგილს ერთი ღმერთის სახელით“, – წერს სამირა ბაირამოვა სოციალურ ქსელში.
