ახლახან ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, სადაც 21 წლის ულამაზესი გოგონაა გადაღებული ეროვნული მოტივებით შექმნილ სამოსში. მოდელი მარიამ სამხარაძე უამრავ კომპლიმენტს იღებს საკუთარ გარეგნობასთან დაკავშირებით. fortuna.ge გოგონას უფრო ახლოს გაგაცნობთ.
მარიამ, ვირუსულად გავრცელებული ვიდეოს შემდეგ ყველა დაინტერესდა შენით. გაგვაცანი შენი თავი…
მე ვარ მარიამ სამხარაძე, 21 წლის, თბილისიდან. ჯერჯერობით ვსწავლობ სამხატვრო აკადემიაში, ფოტოგრაფიის კურსზე. ვცხოვრობ ჩემს ოჯახთან ერთად – მყავს დედა, მამა და უფროსი ძმა.
ფოტოგრაფია რატომ აირჩიე?
სიმართლე რომ გითხრათ, სხვა სფეროს არჩევა მინდოდა, მაგრამ რადგან სამოდელო საქმიანობა გადავწყვიტე, ვიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა, თუკი ფოტოგრაფიაც მეცოდინებოდა, რომ თუ დამჭირდება, ფოტოების გადაღება შევძლო და თავად მოვიწყო ფოტოსესიები, ვიცოდე შუქის დაყენება და სწორი პოზირება. ყველაფრის ჩემით გაკეთებას ვცდილობ. მინდა, ვისწავლო დეტალები, რაც სამოდელო საქმიანობის წარმართვაში დამეხმარება. მაგალითად, მაკიაჟის გაკეთებაც ვიცი თავად… ასევე ვსწავლობ შილაკის კეთებას, რომ საჭიროების შემთხვევაში, თავად გავიკეთო და ფრჩხილები სულ მოწესრიგებული მქონდეს.
10 წელი დავდიოდი ქართულ ცეკვაზე. მინდოდა, სწავლას გავყოლოდი. ცეკვა იმდენად დიდ შრომას მოითხოვს, რომ ვეღარ გავაგრძელებდი ამის ფონზე სწავლას. ამიტომაც ჩამოვშორდი ჩემთვის საყვარელ საქმიანობას, სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან მენატრება ახლაც, მინდა ისევ ვიარო, მაგრამ დიდი დრო გავიდა უკვე…
მოდელი როგორ გახდი?
ერთ-ერთი უსაყვარლესი ვიზაჟისტი მყავს, რომელმაც გამაგებინა, რომ ტარდებოდა Summer Angel-ს ჩვენება, რის შემდეგაც მივედი კასტინგზე. გავიცანი სოფია გურეშიძე, დიზაინერები. ამარჩიეს და აქედან დაიწყო ჩემი სამოდელო კარიერა. ეს იყო 2024 წელს.
როცა ჩვენებაზე პირველად გამოვედი, მიხვდი, რომ ეს იყო ის, რისი გაკეთებაც სულ მინდოდა. ვღელავდი და ვნერვიულობდი, პირველი გამოცდილება იყო, რაღაცნაირად თავი დავიჭირე, მაგრამ მივხვდი, რომ ეს იყო ჩემი საქმე.
სამოდელო სააგენტოში არ ვარ და არც მინდა ვიარო…
რატომ?
აქამდე ყველაფერს საკუთარი ძალებით მივაღწიე. ასე ვაპირებ გაგრძელებას კასტინგებზე თავად მივდივარ. არჩევის შემდგომ ჩვენებებშიც ვიღებ მონაწილეობას. ვისაც ჩემი ფოტოსესიებში გადაღება სურს, სოციალური ქსელის საშუალებით მიკავშირდება.
როგორც მოდელს, ყველაზე დიდი ოცნება რა გაქვს?
მინდა, რომ საზღვრებს გარეთ გავიდე და თავი წარმოვაჩინო. მინდა, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი დავდო. მინდა, ქართველმა ერმა დაინახოს, არ არსებობს ქართველი, რომელსაც საკუთარი მაქსიმუმის გაკეთება არ შეუძლია. ამ ბოლო დროს „გუჩის“ ვიდეოებს ვუყურებ და ძალიან მომწონს, ჩემი ოცნებაა, რომ „გუჩის“ ჩვენებაზე გამოვიდე.
მშობლები როგორ უყურებენ შენს ამ გატაცებას?
მოსწონთ და მხარს მიჭერენ. დედა მეუბნებოდა გუშინ, რომ ჩემით ძალიან ამაყობს. ეს ძალიან კარგი შეგრძნებაა.
როგორი ემოცია გქონდა, როცა შენი ვიდეო ვირუსულად გავრცელდა?
მეგობარმა ჩამიგდო ეს ვიდეო. იყო საქორწილო გამოფენა, სადაც მეც ვმონაწილეობდი. არ ვიცოდი, რომ ვიდეოებს მიღებდნენ, მხოლოდ ფოტოგადაღება მეგონა. ასე უცებ რომ გავრცელდა, შოკი მქონდა. ჩამოვუყევი კომენტარებს და წავიკითხე. რამდენიმე კომენტარს მოვკარი თვალი, პლასტიკური ჩარევები აქვს გაკეთებულიო, ასეთი ჭორები ააგორეს. ყველაფერი ბუნებრივი მაქვს, არანაირი ოპერაცია არ გამიკეთებია, თმაც კი არ მაქვს შეღებილი, ბავშვობის ფოტოებიც მიდევს სოციალურ ქსელში.
ვის გამსგავსებენ ოჯახში?
ორივე მშობელს ვგავარ, მაგრამ უფრო ბებიას, მამის მხრიდან. ბებია რუსი მყავს.
შენს გარეგნობასთან დაკავშირებით რა კომპლიმენტებს იღებ?
იმდენია, ვერც ვიმახსოვრებ… ისეთი სითბო დავინახე სოციალური ქსელის კომენტარებში… ვერც კი აღვწერ სიტყვებით, რა სასიამოვნოა ამის წაკითხვა.
ასეთ ლამაზ გოგონას უამრავი თაყვანისმცემელი გეყოლება…
ურთიერთობაში ვარ, დაკავებული ვარ… თაყვანისმცემლებიდან არავის ვპასუხობ. პირადზე დიდად საუბარი არ მიყვარს…
რა არის მეორე ნახევარში მთავარი შენთვის?
ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ იყოს ერთგული და მზრუნველი ადამიანი. დანარჩენი მეორეხარისხოვანია, მაგრამ ისიც მნიშვნელოვანი დეტალებია…
